„ქართულმა ოცნებამ“ ბოლო რეგიონალური მანიფესტაცია ზუგდიდში გამართა

ქართული ოცნების მანიფესტაცია ზუგდიდში

ზუგდიდის მთავარ მოედანზე პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მანიფესტაცია დანიშნულ დროს, 16:00 საათზე, დაიწყო და საათ-ნახევარი გაგრძელდა. აქციის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ალასანია ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში მივიდნენ, სადაც ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტს, მეუფე გერასიმეს შეხვდნენ. ტაძარში სანთლები დაანთეს, რის შემდეგაც მოინახულეს დადიანების ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმი.

მოგვიანებით ქალაქის მთავარ მოედანზე შეკრებილი მოსახლეობისადმი მიმართვა კოალიციის ლიდერმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქართული მედიით გავრცელებულ პატიმართა წამების ამსახველ კადრებზე საუბრით დაიწყო. მან პრობაციონერებს მიმართა, ნუ შეგეშინდებათ, თქვენ პირობითი სასჯელისგან დამოუკიდებელი სასამართლო გაგათავისუფლებთო. ბიძინა ივანიშვილმა მეგრელებს მადლობა გადაუხადა, რომ, მიუხედავად ცუდი ამინდისა, მანიფესტაციაზე მოვიდნენ:

„იცოდეთ, რომ ყველაფერს დაგიფასებთ და იმაზე მეტს გაგიკეთებთ, რასაც გპირდებოდით“, – უთხრა „ქართული ოცნების“ ლიდერმა ამომრჩევლებს. ბიძინა ივანიშვილისვე განმარტებით, მისი ოცნების დიდი ნაწილი ახდა, ძირითადი კი წინ არის:

„გამარჯვება კარს მომდგარია. ჩემი დიდი ოცნება, რომ ჭეშმარიტად ევროპული ტიპის სახელმწიფოს ავაშენებ, აბსოლუტურ პროპორციულობაში მოვიდა დღეს. ყველაფერში დამნაშავე ერთი კაცია, სააკაშვილი, და მისი იდეოლოგია. მან შემოიკრიბა ასეთი ხალხი. ყველა ქვეყანაში ნახავთ თქვენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ციხეებში პატიმრებს აწამებენ. ნორმალურ ხალხს ამის გაკეთება არ შეუძლია. ასეთები სხვა ქვეყნებში ან საავადმყოფოებში არიან, ან ციხეებში, ჩვენთან კი თანამდებობებს იკავებენ“, - განაცხადა კოალიციის ლიდერმა. მანვე ზუგდიდის აქციაზე აფხაზეთის დაბრუნების გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, სამეგრელოს ეკონომიკურ-სოციალურმა განვითარებამ უნდა აღადგინოს დარღვეული კავშირი. ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, „ქართულ ოცნებას“ აფხაზეთში დევნილების დაბრუნების გეგმა გათვლილი აქვს. ის ზუგდიდიდან დაჰპირდა აფხაზებს, რომ რკინიგზასა და საავტომობილო გზას აღადგენს ოკუპირებულ აფხაზეთსა და საქართველოს შორის. „ქართული ოცნების“ ლიდერის თქმით, ის დაარწმუნა ირაკლი ალასანიამ, რომ საქართველოს აყვავება ზუგდიდიდან უნდა დაიწყოს და სწორედ ამიტომ აქ სოფლის მეურნეობის განვითარებას ასი მილიონი ლარი მოხმარდება.

რაც შეეხება ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ბლოკიდან „ქართული ოცნება–ბიძინა ივანიშვილი“, ირაკლი ალასანიას, მისი თქმით, ზუგდიდში სოლიდარობის მრავალათასიანი აქცია შედგა. მოსახლეობას პროგრამა და პოლიტიკური ხედვა კი, როგორც ალასანიამ აღნიშნა, ქვეყნის მომავალმა პრემიერ–მინისტრმა გააცნო.

„ზუგდიდიდან მინდა შევახსენო ჩემი მოგვარის უზნეო შვილს, რომ ზუგდიდი არის, იქნება მომავალშიც და იყო ყოველთვის სამეგრელოს გვირგვინი. სწორედ ზუგდიდიდან გავაერთიანებთ ჩვენ მთელ ერს, დავიწყებთ აფხაზებთან ძმობის აღდგენას“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მანიფესტაციაზე კოალიციის მხარდამჭერები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და სოფლიდან ჩამოვიდნენ. მოქალაქეების ნაწილის ტრასპორტირებაზე თავად „ქართულმა ოცნებამ“ იზრუნა, ნაწილი კი მათგან დამოუკიდებლად ჩამოვიდა.

„არ მინდოდა, რომ თვალცრემლიანი ჩამოვსულიყავი და არც ის მინდოდა, რომ აქაურობა შეშინებული მენახა. გახარებული ვარ, რომ ხალხი თავისუფლად არის, ლაღად არის, რომ ისინი თავის არჩევანში თავისუფალი არიან.“

„ზედა ეწერიდან ჩამოვედი. მომწონს, რასაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, თუ შეასრულა...“

„ქუთაისიდან ჩამოვედი და მომავლის იმედი მაქვს. ღმერთისგან გამოგზავნილი ადამიანის იმედი მაქვს, რაც მთავარია“, - უთხრეს მოქალაქეებმა რადიო თავისუფლებას.

ზუგდიდში „ქართულმა ოცნებამ“ დამკვიდრებული ტრადიცია დაარღვია და ამჯერად კოალიციის მანიფესტაცია ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, მომღერალ ბერა ივანიშვილის კონცერტის გარეშე დასრულდა. მომღერალმა კონცერტის გამართვაზე უარი მედიით გავრცელებული პატიმართა წამების ამსახველი კადრების გამო თქვა. ის სოციალურ ქსელში დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში ამბობს, რომ აღშფოთება არ აძლევს სიმღერის საშუალებას.

რეგიონალური მანიფესტაციები „ქართულმა ოცნებამ“ 22 სექტემბერს ზუგდიდში დაასრულა. საარჩევნო კამპანიას კი კოალიცია 29 სექტემბერს თბილისის აქციით დახურავს.