თინა ცხადაძე ფერმწერია.
მაგრამ როდესაც ფერებთან მოთამაშე მხატვრის ცხოვრებაში უცებ შავ-თეთრის დრო დგება - რაღაც მნიშვნელოვანი ხდება. ასე იყო თინასთანაც.
არ დავარქვათ კონკრეტული სახელი ამ პერიოდს - იყოს, უბრალოდ, რთული დღეები, როდესაც Georgian Dark-ის სერია დაიბადა - თითქოს წარსულიდან მოსული, მაგრამ თან ძალიან თანამედროვე და ძლიერი, შავკაბიანი და თეთრჩიხტიკოპიანი ქალების სერია.
Your browser doesn’t support HTML5
ქალები, რომლებიც მოულოდნელ სცენებში ჩნდებიან - ცხენზე ამხედრებულები პოლოს ჯოხებით დაჰქრიან, ბოჰემურად მიწოლილები აბოლებენ, დაძაბული მზერით ჭადრაკის დაფას დასცქერიან - შემდეგი სვლის გასათვლელად, მწევრებითა და შევარდნებით ნადირობენ, დაშნები მოუმართავთ და თუ კარგად დააკვირდები, საქართველოს დათოვლილ მთებს ჰგვანან. ან... სვანურ კოშკებს.
მაგრამ ეს თინამ მითხრა და მერე შევნიშნე.
იმ რთულ დღეებში, რომლებიც, შეიძლება, მხატვრისთვის რაღაც თვალსაზრისით, საეტაპოც კი შეიძლება აღმოჩნდეს ხოლმე, თინა ცხადაძემ ბევრი იმოგზაურა - თინა ცხადაძეში. და ამ შინაგანმა თავგადასავალმა ამოატივტივა პირველი Georgian Dark-ის ბუნდოვანი იმიჯი.
ეს იყო პირველი ქალი, შავ-თეთრი, პერგამენტზე დახატული. არავითარი ნახევარტონები!
აი, ეს:
და მას უკვე ერქვა სახელი - Georgian Dark.
არც ბნელი, არც თალხი და არაფერი მსგავსი, რაც ზედმეტი დრამატიზმისკენ წაგიყვანთ. ეს „ქართული მუქი“ იყო - ქართულად.
და როდესაც პირველი „დარქი“ პირველად გამოიფინა ერთ გამოფენაზე და ძალიან მოიწონეს, თინა ცხადაძემ უკვე იცოდა, რომ სერია დაიბადა - ჩრდილოვან მხარეს მოარული ქალების სერია, რომლებიც რთული გზებით სინათლისკენ მიდიან.
თავიდან უბრალოდ გარკვეული მოცემულობებით თამაშობდა - ამ ქალებში რაღაც დოზით მედეაც იყო, ჯადოქრობაც, აროგანტულობაც, არისტოკრატიზმიც, პირქუშობა, სიმკაცრე, ფოლკლორი, დედაკაცობა, მასკულინური ფუნქციების შეთავსება... ამით თინა ცხადაძე თითქოს ეცადა, ამ ქალებში თითქოს მოულოდნელი, სინამდვილეში კი, ძალიან ბუნებრივი რაღაცები გაეერთიანებინა.
ვითომ რატომ არ შეიძლება ითამაშონ სამეფო პოლო ქართველმა ქალებმა?
„მე ვთამაშობ იმით, რა შეიძლებოდა ყოფილიყო, რაც ახლაც შეიძლება იყოს ან შეიძლება არის კიდეც. სულ ვფიქრობ, აბა, რას იზამენ შემდეგზე ან რას არ იზამენ ეს ქალები? Georgian Dark-ი ნახევარკითხვებიანი სერიაა“.
თინამ ზუსტად იცოდა - ამ ქალებს უნდა ჰქონოდა რაღაც განსაკუთრებული გარინდებულობა. სამოსიც ასეთი უნდა სცმოდათ. მკაცრი და დახვეწილი. ჩიხტიკოპიც ყველგან უნდა ხურებოდათ - ესეც ერთგვარი კეთილი ირონია იყო - დაცინვით ამ მაგარ გოგოებს, ძალიანაც რომ მოინდომო, ვერაფრით დასცინებ.
„ეს აბსტრაქტული ისტორიები არის მიზეზი, ქალების ხასიათების საჩვენებლად. ეს პროექტი, მთლიანობაში ერთი დიდი პროტესტია, მაგრამ ჭკვიანური, არასკანდალური პროტესტი. აქ არის შეგუბებული, შეკავებული ენერგიები, რომელიც შესაძლებელია გადაიქცეს სტიქიად. მაგრამ ქალების დიდბუნოვანების და ძლიერი შინაგანი ნების გამოა, რომ ეს ენერგიები მიმართულია მზისკენ და არა მზის წინააღმდეგ. ადამიანისკენ და არა ადამიანის წინააღმდეგ. ისინი ამ მაგიას მიმართავენ დაცვისკენ, ზრუნვისკენ, განვითარებისკენ, სიყვარულისკენ“, - გვეუბნება თინა ცხადაძე.
"დარქებს" ძირითადად ქალები ყიდულობენ. და როგორც თინა ამბობს, ისინი ძალიან ჰგვანან სერიის გმირებს.