21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა
Your browser doesn’t support HTML5
21 მარტს „თავისუფლების დილას“ ესტუმრნენ საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის კომუნიკაციების მენეჯერი გოჩა გაბოძე და კავშირ „ჩვენი ბავშვების“ გამგეობის წევრი შუქია ჭინჭარაული. 2011 წელს გაერომ 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. ის, რომ არჩევანი სწორედ 21 რიცხვზე და, თანაც, მესამე თვეზე შეჩერდა, შემთხვევითი არ არის: დაუნის სინდრომი ვლინდება 21-ე ქრომოსომის გასამებით. ამ დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით იმართება სხვადასხვა ღონისძიებები, ამ ქვეყნებს შორის არის საქართველოც. 2017 წლის კამპანიის საერთაშორისო დევიზია „ჩემი ხმა საზოგადოებაში“. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს უფლება აქვთ, გამოთქვან აზრი და იქონიონ ზეგავლენა სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში, რაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულ ჩართულობას უზრუნველყოფს. დაუნის სინდრომის კვირეულის დასკვნითი ღონისძიებაა თბილისში დაგეგმილი კონფერენცია, რომლის მონაწილეები, თავად დაუნის სინდრომის მქონე პირები, ისაუბრებენ მათთვის მნიშვნელოვან თემებზე: ინკლუზიურ და პროფესიულ განათლებაზე, დასაქმებასა და ოჯახურ ცხოვრებაზე. რა იცვლება წლიდან წლამდე აქტივისტების, თემის წევრებისა და მშობლებისთვის და რა პრობლემების გადაჭრა უწევთ დაუნის სინდრომის მქონე პირებს? ამ თემებზე სტუმრებს ესაუბრება ნასტასია არაბული.