საქართველო ევროსაბჭოს პოლიტიკურ საზომში

ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილ მუდმივ წარმომადგენლებს არაკომპეტენტურად მიაჩნიათ საგარეო უწყების განცხადებები იმის თაობაზე, თუ რატომ ვერ მოხვდა საქართველოს საკითხი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის 123-ე სესიის დღის წესრიგში. მართალია, ზურაბ ჭიაბერაშვილისა და მამუკა ჟღენტის მიდგომები განსხვავდება ცალკეულ საკითხებთან მიმართებით, მაგრამ ისინი მომხდარს ქართული დიპლომატიის მარცხად მიიჩნევენ. საგარეო საქმეთა მინისტრი კი თვლის, რომ მინისტერიალის დღის წესრიგში ვერმოხვედრით საქართველოს ინტერესებს არანაირი საფრთხე არ დამუქრებია.

საგარეო საქმეთა მინისტრს არა აქვს არგუმენტი, რომ გაამართლოს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს უპრეცედენტო უკანდახევა 2008 წლის ომის საკითხთან დაკავშირებით - ასეთია ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელის, ამჟამად კი კახეთის გუბერნატორისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი სპიკერის, ზურაბ ჭიაბერაშვილის, შთაბეჭდილება, რომელიც მან სოციალური ქსელითაც გაავრცელა და 9 მაისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ჟურნალისტებსაც გაუზიარა. ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ ახალმა ხელისუფლებამ ძველი ხელისუფლების მიერ გაკეთებული საქმე გააფუჭა და, შედეგად, საქართველოს საკითხი აღარ მოხვდა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ყურადღების ცენტრში:

„’ნაციონალურმა მოძრაობამ’ ‘ქართულ ოცნებას’ გადააბარა მდგომარეობა, როდესაც საკითხი იყო დღის წესრიგში. ამიტომ წარმოადგინოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნებისმიერი დოკუმენტი, როგორ იმუშავა მან მინისტრთა კომიტეტის მოქმედ თავმჯდომარესთან - ანდორასთან ან ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან ევროპის საბჭოში, რომ საკითხი დღის წესრიგში მოხვედრილიყო”.

ჩვენ ყველაფერი მოვითხოვეთ, ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვიმუშავეთ ამ საკითხზე. იყო განსხვავებული მოსაზრებებიც სხვა მხრიდან და, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა ისეთი სახით, როგორზეც არის ლაპარაკი. მაგრამ ეს არ არის პირველი შემთხვევა...
მაია ფანჯიკიძე
ზურაბ ჭიაბერაშვილის გულისწყრომა ეფუძნება მაია ფანჯიკიძის მიერ 8 მაისს, გვიან საღამოს გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც მინისტრი აღნიშნავს, რომ ევროსაბჭოში გადაწყვეტილების მიმღები უმაღლესი ორგანოს - მინისტრთა კომიტეტის - სესიის დღის წესრიგში საქართველოს საკითხის შესატანად დიდი შრომა დაიხარჯა, თუმცა ასეთი ფაქტი უპრეცედენტო არ არის და რომ ამას საერთო საქმე არ გაუფუჭებია:

”ჩვენ ყველაფერი მოვითხოვეთ, ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვიმუშავეთ ამ საკითხზე. იყო განსხვავებული მოსაზრებებიც სხვა მხრიდან და, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა ისეთი სახით, როგორზეც არის ლაპარაკი. მაგრამ ეს არ არის პირველი შემთხვევა, ეს საკითხი არ ყოფილა დღის წესრიგში წინა მინისტერიალების დროსაც. ამიტომ ევროპის საბჭოში ყოფილი წარმომადგენლების განცხადებები იმის თაობაზე, რომ რაიმე შეიცვალა და ევროპის საბჭო აღარ უჭერს მხარს ამ საკითხს, არის აბსოლუტურად არასწორი და ემსახურება მხოლოდ მოსახლეობის დეზინფორმაციას”.

შეიძლება ითქვას, რომ, მაია ფანჯიკიძის სიტყვებიდან გამომდინარე, ზურაბ ჭიაბერაშვილი მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ მინისტრთა კომიტეტის სესიის დღის წესრიგში საქართველოს საკითხი არც 2011 წელს იყო შეტანილი. თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, ამ წელს ”ქართული დიპლომატიის ძალისხმევით, მინისტერიალის გადაწყვეტილებებში ჩაიწერა, რომ მინისტრთა კომიტეტმა განიხილა და ცნობად მიიღო გენერალური მდივნის ანგარიში საქართველოში კონფლიქტის კვალად ევროპის საბჭოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ”.

თუ ფორუმზე, სადაც იხილება ყველაზე სერიოზული პოლიტიკური საკითხები, იქ ეს საკითხი არ არის შეტანილი - ეს თავისთავად გულისხმობს, რომ ან ინტერესი ნაკლებია, ან ეს საკითხი აღარ არის იმდნად აქტუალური და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი...
მამუკა ჟღენტი
16 მაისის მინისტერიალზე ასეთი რამ ვერ მოხდება, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში კიდევ ერთი ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი ევროსაბჭოში, მამუკა ჟღენტი. ევროსაბჭოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციებიდან და საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, დიპლომატი ვარაუდობს, რომ, ძალიან დიდი ალბათობით, მინისტერიალის მონაწილეებს არ დაურიგდებათ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში. თუმცა მამუკა ჟღენტისთვის ეს იმას არ ნიშნავს, რომ გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი ასეთ დოკუმენტს საერთოდ არ მოამზადებს. საუბარია კონსოლიდირებულ ანგარიშზე ”საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით”, რომელსაც ევროსაბჭოს გენერალური მდივანი წელიწადში 2-ჯერ ამზადებს. ეს დოკუმენტი არ არის საჯარო, მაგრამ ცნობილია, რომ მასში ძირითადად ადამიანის უფლებათა დაცვის ჭრილშია შეფასებული როგორც რუსეთისა და საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება, ასევე არსებული სიტუაცია, დარღვევები და გამოსავლის ძიების გზები.

შესაძლოა, ევროსაბჭოს ფარგლებში განხილულ თუ დამტკიცებულ დოკუმენტებს მყისიერი ქმედითი ძალა არ გააჩნდეთ, მაგრამ თუკი საკითხმა აქტუალურობა არ შეინარჩუნა, მამუკა ჟღენტის აზრით, საქართველოს ინტერესები თანდათან სულ უფრო შესუსტდება:

”თუ ფორუმზე, სადაც იხილება ყველაზე სერიოზული პოლიტიკური საკითხები, იქ ეს საკითხი არ არის შეტანილი - ეს თავისთავად გულისხმობს, რომ ან ინტერესი ნაკლებია, ან ეს საკითხი აღარ არის იმდნად აქტუალური და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი... ანუ ამის შეფასება ასე შეიძლება. ევროპის საბჭო, ცხადია, ტანკებს ვერ შემოიყვანს და რუს სამხედროებს ვერ გაყრის აქედან. ევროსაბჭოს მხარდაჭერა შეუძლია გზავნილებით, თავისი პოზიციის დაფიქსირებით, თავისი ჩართულობით და ეს ჩართულობა და გზავნილები, რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა, მდგომარეობს იმაში, რომ უმაღლესი ორგანოები (და ამ შემთხვევაში ყველაზე მაღალი ორგანოა მინისტრთა კომიტეტი, მინისტერიალის დონეზე) ამ საკითხს აქტუალურად განიხილავს და მიიჩნევს ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად”.

მართალია, მომავალ მინისტერიალთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეულ სამუშაოს მამუკა ჟღენტიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, მაგრამ ის არ იზიარებს თავისი წინამორბედის ზურაბ ჭიაბერაშვილის მოსაზრებას, მაგალითად, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ მინისტრთა კომიტეტის დღის წესრიგში საქართველოს საკითხის არმოხვედრა ”პირველ უარყოფით შედეგს” წარმოადგენს 2013 წლის 23 აპრილს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნაზე პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ, რომელშიც შერბილებული იყო ტონი რუსეთის მისამართით. ჟღენტი მიიჩნევს, რომ პროცესები, პირიქით, პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული მესიჯების საწინააღმდეგოდ განვითარდა.

ასეა თუ ისე, საგარეო საქმეთა სამინისტრო მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი. როგორც მინისტრის 8 მაისის განცხადებაში ვკითხულობთ, ”მინისტერიალის დღის წესრიგიდან საკითხის ამოღება არანაირად არ უქმნის საფრთხეს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის დღის წესრიგში ამ საკითხის მუდმივად ყოფნას და აგრეთვე კონსოლიდირებულ მოხსენებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.” ამასთან, 16 მაისის მინისტერიალისთვის, სტრასბურგში მინისტრი ფანჯიკიძეც გაემგზავრება და ის აპირებს, რომ თავის გამოსვლაში დასვას ”ყველა საჭირო აქცენტი” ამ საკითხთან დაკავშირებით.