სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია მისი ცემის ფაქტთან დაკავშირებით სრულ უნდობლობას უცხადებს გამოძიებას და ფიქრობს, რომ პროკურატურა და ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე, დანაშაულის დაფარვის მიზნით, „შეთანხმებულად მოქმედებენ“. ორშაბათს (15 მაისს), საავადმყოფოს დატოვების დროს, გენერალურმა აუდიტორმა კვლავაც გაიმეორა, რომ მის მიმართ ყოფილი მთავარი პროკურორის მხრიდან 12 მაისს გამოვლენილი ფიზიკური ძალადობა უკავშირდება აუდიტის სამსახურის მიერ შესწავლილ კონკრეტულ საქმეს, რომელშიც ოთარ ფარცხალაძის კორუფციული გარიგება იკვეთება. თავად ფარცხალაძე ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და კონფლიქტის ინიციატორად ასახელებს ლაშა თორდიას, რომელიც, მისი თქმით, მიდრეკილია ალკოჰოლური სასმელის მოხმარებისკენ. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, არასამთავრობო სექტორი ობიექტურ გამოძიებასა და საგამოძიებო პროცესის მაქსიმალურ გამჭვირვალობას მოითხოვს.
Your browser doesn’t support HTML5
დაზარალებული ლაშა თორდია ამბობს, რომ ის მთვრალი არ ყოფილა 12 მაისს, როცა მას შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბში ფიზიკურად გაუსწორდნენ ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი დაცვის წევრები. თუმცა, რადგანაც აქცენტები სწორედ მის სიმთვრალეზე კეთდება, გენერალურ აუდიტორს ეს აღუძრავს ეჭვს, რომ ცემის ფაქტის გამართლება უნდათ, და ამიტომ საგამოძიებო პროცესის მიმართ ნდობა ეკარგება:
„მას შემდეგ, რაც ჩემთან იყვნენ პროკურორები და დამისვეს შეკითხვები, მქონდა თუ არა დალეული ალკოჰოლური სასმელები, და საღამოს ვიხილე ეს განცხადება, რომელიც გააკეთა ბატონმა ოთარმა, აპელირებით იმ საკითხებზე, რაზეც ის მსჯელობს, გამიჩნდა დიდი ეჭვი, რომ მოქალაქე ოთარ ფარცხალაძე და მთავარი პროკურატურა მოქმედებენ შეთანხმებულად. ამას ემატება ის გარემოებები, რასაც ვუყურებ სოციალური ქსელებისა და ტელევიზიების საშუალებით, როდესაც მის (ოთარ ფარცხალაძის) სახლში მობილიზებულია ფინანსური პოლიცია, შს სამინისტროს მაღალჩინოსნები, ადამიანები, რომლებიც ღამის 2-3 საათზე მის სახლთან იკრიბებიან, მიდიან და განიხილავენ რაღაც საკითხებს“.
თუკი ყველა დავრწმუნდით, რომ მართლაც რაღაც კორუფციულ სქემასთან გვაქვს საქმე, აქ ძალიან ცუდი ფაქტი იკვეთება - კერძოდ, ის, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი ცდილობდა დაეშინებინა მთავარი აუდიტორი, დაესხა მას თავს... კონსტიტუციური ორგანოა, ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი ორგანოა აუდიტის სამსახური...გიორგი ლომთაძე
ოთარ ფარცხალაძის განცხადება, რომელიც ლაშა თორდიამ ახსენა, მედიასაშუალებებში ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა. ყოფილი მთავარი პროკურორი გენერალურ აუდიტორს ცილისმწამებელს უწოდებს და ირწმუნება, რომ 12 მაისს ღამის კლუბში კონფლიქტი სწორედ მთვრალმა ლაშა თორდიამ გამოიწვია. ოთარ ფარცხალაძის განცხადებაში მინიშნებულია ასევე, რომ გენერალურ აუდიტორს აქვს მიდრეკილება ალკოჰოლის მოხმარებისკენ და გამოძიებამ უნდა შეისწავლოს სხვა ფაქტებიც, რომლებშიც, შესაძლოა, ლაშა თორდია სწორედ მთვრალ მდგომარეობაში მონაწილეობდა.
ასეთი აქცენტების გამო, გენერალური აუდიტორი არ გამორიცხავს, რომ მისი დისკრედიტაციის მიზნით, უახლოეს მომავალში, შესაძლოა, გამოქვეყნდეს გარკვეული მასალები, მათ შორის - ვიდეომასალებიც. თუმცა ის ყველაფრისთვის მზად არის და უკან დახევას არ აპირებს. 15 მაისს ლაშა თორდია, რომელსაც ტვინის შერყევის დიაგნოზი აქვს დასმული, საავადმყოფოდან გაწერეს და მკურნალობას სახლის პირობებში გააგრძელებს. როგორც მან ორშაბათს უთხრა მედიის წარმომადგენლებს, რამდენიმე დღეში აუცილებლად გამოქვეყნდება მერიის საქმიანობასთან დაკავშირებული დასკვნა, რომელშიც, ლაშა თორდიას თქმით, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის, კორუფციული გარიგება იკვეთება:
„ვერეს ხეობაში მიწის ნაკვეთების ჩანაცვლება და შემდგომ იქ, სადაც ჩაანაცვლა, კიდევ დამატებით, ფაქტიურად, პირდაპირი წესით (რადგან პირდაპირ დაუკმაყოფილეს ყველა ის მოთხოვნა, რაც მან მოითხოვა მერიაში) გადასცეს ეს მიწის ნაკვეთები... ჩვენს დასკვნაში რაზეც არის საუბარი, არც ერთი გოჯი მიწა მისი შრომით, მისი დაზოგილი თანხებით არ არის მის მიერ შექმნილი და, შესაბამისად, ამას ყველაფერს გამოვააშკარავებთ“.
აუდიტის სამსახურის დაპირებული მასალების გამოქვეყნებას ელოდება მესამე სექტორი, რომელმაც 13 მაისს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა. წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციები აღშფოთებას გამოხატავენ გენერალურ აუდიტორზე თავდასხმის ფაქტის გამო. „როგორც ცნობილი გახდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელის მიმართ, სავარაუდოდ, ამ ორგანოს საქმიანობასთან კავშირში ჩადენილი ძალადობრივი აქტი არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს როგორც რიგითი ცემის ან ძალადობის შემთხვევა. მნიშვნელოვანია დანაშაულის კვალიფიკაცია მოიცავდეს ისეთ ნიშნებს, რაც დამახასიათებელია მმართველობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის, კერძოდ, ძალადობას ხელისუფლების წარმომადგენელზე, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან კავშირში“, - ნათქვამია ტექსტში და აქვე აღნიშნულია საფრთხე, რომ დაუსჯელობის განცდა „განაპირობებს ძალადობრივი ფაქტების გავრცელებას საჯარო სივრცეში“.
განცხადებაზე ხელმომწერთა შორის არის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და, როგორც ამ ორგანიზაციის წარმომადგენელმა გიორგი ლომთაძემ აღნიშნა 15 მაისს რადიო თავისუფლების პროგრამა „დილის საუბრებში“ სტუმრობისას, ბევრი რამ გაირკვევა მას შემდეგ, რაც აუდიტის სამსახური დაპირებულ მასალებს გამოაქვეყნებს:
„თუკი ყველა დავრწმუნდით, რომ მართლაც რაღაც კორუფციულ სქემასთან გვაქვს საქმე, აქ ძალიან ცუდი ფაქტი იკვეთება - კერძოდ, ის, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი ცდილობდა დაეშინებინა მთავარი აუდიტორი, დაესხა მას თავს... კონსტიტუციური ორგანოა, ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი ორგანოა აუდიტის სამსახური, რომელიც კონტროლს აწარმოებს ყველა სხვა უწყებაზე და ამ შემთხვევაში, როდესაც ასეთი ფაქტი ხდება, მნიშვნელოვანია ძალიან ეფექტიანი, ძალიან სწრაფი, ძალიან დამაჯერებელი გამოძიება, რომელიც იქნება მაქსიმალურად საჯარო და რომელიც მაქსიმალურად მიაწვდის მოქალაქეებს ინფორმაციას, რადგანაც საჯარო ინტერესი ძალიან დიდია“.
იმის გამო, რომ საქმეში ფიგურირებს ყოფილი მთავარი პროკურორი, „რომლის არაფორმალურ გავლენებზეც სამართალდამცავ უწყებებში საზოგადოებაში არსებობს კითხვები“, არასამთავრობო სექტორი საჭიროდ მიიჩნევს, რომ საქმე პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ შეისწავლოს.
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთი ნაწილი და მათ შორის - საპარლამენტო ოპოზიციაშიც, თუმცა ამ ეტაპზე ასეთი კომისიის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, ჯერ თავისი სიტყვა გამოძიებამ უნდა თქვას:
„ჩვენ თუ დავინახავთ იმას, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაც არის საჭირო, ასეთ შემთხვევაში ასეთი კომისია შეიქმნება. დაველოდოთ გამოძიების მიმდინარეობას. სათანადოდ უნდა იყოს სასწრაფოდ გამოძიებული ეს საკითხი და ყველა დამნაშავე უნდა იყოს დასჯილი კანონმდებლობის შესაბამისად“.
მიუხედავად იმისა, რომ გამოქვეყნებულ განცხადებაში ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე, გამოხატავს მზადყოფნას ითანამშრომლოს გამოძიებასთან, გამოძიება მის გამოკითხვას არ ჩქარობს. როგორც შს სამინისტროში განუცხადეს რადიო თავისუფლებას, 15 მაისს, დაახლოებით, 14:00 საათის მდგომარეობით, ოთარ ფარცხალაძე ჯერ ისევ არ იყო გამოკითხული 12 მაისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ხოლო ლაშა თორდიას გამოკითხვა, რომელიც საავადმყოფოში დაიწყო, ახლა უკვე სახლის პირობებში გრძელდება.