„ახლა ვრწმუნდები, რომ საკრებულოს წევრ კაცებს გენდერის თემაზე ტრენინგები სჭირდებათ“ - ეს სიტყვები ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა გენდერის თემაზე გამართული ცხარე დისკუსიის შემდეგ წარმოთქვა. გორის გენდერის მედიაცენტრში, პროექტ “აირჩიე თანასწორობის” ფარგლებში, ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართა. ნუცა ალექსი-მესხიშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ფელიჩიტა” იმ ემიგრანტი ქალის მძიმე მდგომარეობაზე მოგვითხრობს, რომელმაც ოჯახი დატოვა და საზღვარგარეთ სამუშაოდ წავიდა. ფილმის დასრულების შემდეგ საუბარი გენდერული თანასწორობის თემას შეეხო, რაზეც საზოგადოებაში სრული თანხმობა არ არის. ზოგიერთ პოლიტიკოსს პარლამენტში გენდერული კვოტის შემოღება აღიზიანებს, რადგან, მათი აზრით, ქალებს, პოლიტიკური ჩართულობის თვალსაზრისით, ხელს არავინ უშლის. გორის საკრებულოს წევრი „ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციიდან“ ზურაბ როსებაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოში, ტრადიციულად, ქალთა პოლიტიკური უფლებები არ ირღვევა და კვოტების შემოღება აუცილებელი არ არის.
ამ აზრისაა ირაკლი ოქრუაშვილის „ქართული პარტიის“ წარმომადგენელი საკრებულოში ილია მეტრეველიც. მისი თქმით, არის პროფესიები, სადაც უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ და პოლიტიკაში ჩართვაზე თავადვე ამბობენ უარს, ამიტომ აღარ არის საჭირო პარლამენტში მათი კვოტირება.
პოლიტიკოსების ამ მოსაზრებებს არ ეთანხმებიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ სწორედ ქალთა პოლიტიკური გაძლიერებაა ქვეყანაში თანასწორობისა და დემოკრატიული განვითარების წინაპირობა. გარდა ამისა, შიდაპარტიული იერარქია ქალს არ აძლევს წინსვლის საშუალებას, ამიტომ შიდაპარტიული დემოკრატიის განვითარება, ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გენდერის სპეციალისტი ირინა ჟვანია აცხადებს, რომ დისკუსიების დროს არაერთი საინტერესო მოსაზრება ისმის და ადამიანები იწყებენ ფიქრს თემაზე, რომელიც ბოლო დროს სულ უფრო აქტუალური ხდება.
საინფორმაციო ცენტრში გამართულ შეხვედრას პოლიტიკური პარტიების, ხელისუფლების, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გენდერული საუბრების მიზანია საზოგადოებაში დისკუსიის დაწყება ქალთა პოლიტიკური ჩართულობის თაობაზე. ხათუნა ჯანგირაშვილი, დირექტორი არასამთავრობო ორგანიზაციისა „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“, ამბობს, რომ ასეთი დისკუსიების გამართვა ხელს უწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
თანასწორობას მოაქვს წარმატება, ფიქრობენ მესამე სექტორის წარმომადგენლები და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დისკუსიებს მართავენ. „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ პროექტს „აირჩიე თანასწორობა“ ახორციელებს „საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მხარდაჭერით.