არასამთავრობო ორგანიზაციის, კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდ „სოხუმის“ ინიციატივით, ქუთაისში გაიმართა იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონების გენდერული თანასწორობის საკონსულტაციო საბჭოების წევრთა, გენდერული მრჩევლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების იმ წარმომადგენელთა შეხვედრა, რომლებიც გენდერული ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობენ.
Your browser doesn’t support HTML5
ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელ ემა კამკიას განცხადებით, გენდერული პოლიტიკა მხოლოდ კვოტირებას და გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობაზე ქალის დანიშვნას არ გულისხმობს და მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების გათვალისწინებასაც მოიცავს:
„ხშირად პრობლემაა ის, რომ არ გვაქვს საჭიროებათა კვლევა ჩატარებული და არ ვიცით რეალური ეფექტი იმ პროგრამებისა, რომლებიც განხორციელდა, და არ გვაქვს სტატისტიკა. ხშირად, როდესაც ადგილობრივი თანამდებობის პირები გამოთქვამენ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ რატომ ახსენებენ მათ ხშირად გენდერს, ხომ არის მიმართულებები სოციალური დაცვისთვის, მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა დედების და ხანდაზმულების დახმარება, და ა.შ., ეს აბსოლუტურად სწორია, მაგრამ თუ ვინმეს არა აქვს გაცნობიერებული, რომ ეს გენდერული მიმართულება და გენდერული პოლიტიკაა, მაშინ ჩავთვალოთ, რომ ამ კუთხით ხარვეზები გვაქვს“.
ემა კამკიას ინფორმაციით, მიუხედავად კანონით განსაზღვრული ვალდებულებისა, გენდერული პოლიტიკის სამოქმედო გეგმა ყველა თვითმმართველობას არა აქვს. ამასთან,სუსტია გენდერული მონიტორინგისა და ანგარიშგების სისტემა, რომელიც, ემა კამკიას თქმით, შესაბამისი ნების შემთხვევაში, არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენს.
„მაგალითად, როდესაც ჩვენ ხონში დავითვალეთ, სოციალური დახმარებით მოსარგებლე რამდენმა კაცმა და ქალმა მიმართა ადგილობრივ თვითმმართველობას, ჩვენ უკვე გვქონდა გენდერული სურათი ბენეფიციარების. თუ ვიცით, რამდენი ახალგაზრდაა, ობოლი ბავშვია, სტუდენტია სოციალურად დაუცველი ოჯახიდან, რომელიც სწავლის ქირას ვერ იხდის, ვიცით, რამდენი ხანდაზმულია და რამდენი მარტოხელა მოხუცია, ეს ადგილობრივი გენდერული სტატისტიკაა და არის გენდერული მონიტორინგის და ანგარიშგების სისტემა“.
ამ თანხით შეგვეძლო დავხმარებოდით იმ ადამიანებს, ვისაც სტატუსი ჰქონდა ძალადობის მსხვერპლის, და ერთი წლის განმავლობაში გაგვეყვანა ბინაში ქირით და ასევე შეგვეძლო დავხმარებოდით რეპროდუქტიული ჯანმრთელობის კვლევისთვის...მზია კიკალიშვილი
წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის, მზია კიკალიშვილის, განცხადებით, იმერეთის რეგიონში პირველი გენდერული საკონსულტაციო საბჭო წყალტუბოში შეიქმნა და 22 წევრს აერთიანებს. საბჭოს აქვს სამოქმედო გეგმა და მისი მუშაობის შედეგად 2018 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია თანხა გენდერულ საკითხებზე ახალგაზრდებისთვის ტრენინგ-სემინარების ჩასატარებლად. მზია კიკალიშვილისავე განცხადებით, საბჭოს რეკომენდაციით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ მიმდინარე წელს გამოყო თანხა ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად:
„ამ თანხით შეგვეძლო დავხმარებოდით იმ ადამიანებს, ვისაც სტატუსი ჰქონდა ძალადობის მსხვერპლის, და ერთი წლის განმავლობაში გაგვეყვანა ბინაში ქირით და ასევე შეგვეძლო დავხმარებოდით რეპროდუქტიული ჯანმრთელობის კვლევისთვის“.
სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის, გენდერული საბჭოს მრჩეველ ირინა დგებუაძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში საბჭო დამოუკიდებლად 5 თვეა ფუნქციონირებს, მანამდე კი, 3 წლის განმავლობაში, ფონდ „სოხუმის“ ერთ– ერთი პროექტის ფარგლებში მუშაობდა.ირინა დგებუაძის შეფასებით,მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც საბჭოსადა ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობით განხორციელდა,სკოლის პედაგოგების გადამზადებაა, რის შემდეგაც თავად პედაგოგებმა გააცნეს მოსწავლეებს გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების, გენდერული სტერეოტიპებისა და საკანონმდებლო საკითხები:
„მეორე საჯარო სკოლის პედაგოგებმა განახორციელეს პროექტი ქალთა უფლებების შესახებ. მათ მოსწავლეებთან ერთად ქართული ლიტერატურიდან განიხილეს ნაწარმოებები, რომლებშიც ირღვეოდა ქალთა უფლებები, და მოსწავლეებმა შეუსაბამეს მუხლები გენდერული თანასწორობის კანონიდან, ბავშვის უფლებათა კონვენციიდან და ადამიანის უფლებათა დეკლარაციიდან, რომლებიც ირღვეოდა. მოსწავლეები ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ამჟამად ნაკლებად ირღვევა ქალთა უფლებები და აუცილებელია პატივი სცენ გოგონებსა და ქალებს“.
ქუთაისში გამართული შეხვედრის მონაწილეთა ინფორმაციით, მომავალი წლის იანვარში საქართველოს მთავრობა შეხვედრას გამართავს გენდერული საკონსულტაციო საბჭოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც წარმოადგენენ ადგილობრივ დონეზე გენდერულიპოლიტიკის ეფექტურობის მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებს.