გენდერული კვოტირება ისევ დღის წესრიგშია

Your browser doesn’t support HTML5

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მიზნით, 12 ივნისს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა (Task Force) საკანონმდებლო ინიციატივა შეიტანა პარლამენტში. სამუშაო ჯგუფი მცირე შესვენების შემდეგ გენდერული კვოტირების თაობაზე დისკუსიას აახლებს.

Your browser doesn’t support HTML5

გენდერული კვოტირება ისევ დღის წესრიგშია

თვე-ნახევარი დასჭირდა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფს იმისათვის, რომ 37 ათასზე მეტი ხელმოწერა შეეგროვებინა და პარლამენტში შეეტანა ის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდას უნდა მოემსახუროს. ანუ, ინიციატივის მიხედვით, ცვლილებები უნდა შევიდეს ორ ორგანულ კანონში - საარჩევნო კოდექსსა და კანონში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ. ცვლილებების მიხედვით, პარტიები და საარჩევნო ბლოკები ვალდებულნი იქნებიან საარჩევნო სია გენდერული თანასწორობის პრინციპის დაცვით დააკომპლექტონ და სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. იმ შემთხვევაში კი, თუ არჩეულ წევრს რაიმე მიზეზით შეუწყდება დეპუტატის უფლებამოსილება, დეპუტატის მანდატს იმავე სქესის, რიგით მეორე, კანდიდატი მიიღებს. 12 ივნისს, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ ქალთა აქტივისტებთან ერთად, პარლამენტში ხელმოწერები შეიტანა ანა ნაცვლიშვილმაც, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა. ის ფიქრობს, რომ დღეს ქართული პოლიტიკა უსამართლოა, გენდერული თვალსაზრისით. ანა ნაცვლიშვილის სიტყვებით, დღეს ქართული პოლიტიკა არ ასახავს ქვეყანაში არსებულ რეალობას: მაშინ, როცა მოსახლეობის 53 %-ს ქალები შეადგენენ, მათი წარმომადგენლობა გადაწყვეტილებების მიმღებ პოზიციებზე, რა თქმა უნდა, დღევანდელზე მეტი უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტში იმაზე მეტი ქალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, ანა ნაცვლიშვილის აზრით, ეს საკმარისი არ არის:

იმ ქვეყნებში, სადაც გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალების მინიმუმ 20 %-ია წარმოდგენილი, იწყება უკვე აქტიური საუბარი ბავშვთა უფლებებზე. როდესაც 30 %-ზე მეტი ქალია წარმოდგენილი, იქ ისმის უკვე ქალთა საკითხები, როგორც პრობლემა. 40-50%-იანი წარმომადგენლობა ნიშნავს იმას, რომ ის ქვეყნები მაღალი განვითარების დონით გამოირჩევიან და ასეთი ქვეყნებია სკანდინავიური ქვეყნები...
იდა ბახტურიძე

„დღეს ჩვენ გვყავს 24 ქალი პარლამენტარი, მაშინ როცა პარლამენტში სულ 150 დეპუტატია. თვითმმართველობებში მდგომარეობა კიდევ უფრო რთულია. შესაბამისად, ვინაიდან ამ მიმართულებით პოლიტიკური კულტურა და ცნობიერება ძალიან ნელი მიმართულებით ვითარდება და ამას ადასტურებს უკვე არაერთი წელი, მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობაში შემოღებული იყოს ზომები, რომელიც უზრუნველყოფს ქალთა თანაბარ მონაწილეობას და ამ მხრივ ქართულ პოლიტიკას გახდის სამართლიანს და ბუნებრივს, რადგან დღეს ის ბუნებრივი მდგომარეობა, რომელიც საზოგადოებაში არის, პოლიტიკაში დარღვეულია“.

ანუ, თუკი საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შევა და პარტიულ სიებში ყოველი მეორე წარმომადგენელი ქალი იქნება, მომდევნო მოწვევის პარლამენტში 150 პარლამენტარიდან 38 ქალი უნდა იყოს. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორთა განცხადებით, პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის მომატებით, მოიმატებს საზოგადოების კეთილდღეობისთვის მეტად მნიშვნელოვან სოციალურ საკითხებზე მსჯელობა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა ხელს შეუწყობს ისეთი პრობლემების მოგვარებას, როგორიცაა ბავშვთა უფლებები, ჯანდაცვისა თუ განათლების სისტემაში არსებული ხარვეზები და სხვ. ამის მაგალითად ინიციატივის ავტორები ასახელებენ სკანდინავიის იმ ქვეყნებს, სადაც დროებითი გენდერული კვოტირების შედეგად პოლიტიკაში ქალთა რაოდენობის გაზრდამ არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება დააჩქარა.

„იმ ქვეყნებში, სადაც გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალების მინიმუმ 20 %-ია წარმოდგენილი, იწყება უკვე აქტიური საუბარი ბავშვთა უფლებებზე. როდესაც 30 %-ზე მეტი ქალია წარმოდგენილი, იქ ისმის უკვე ქალთა საკითხები, როგორც პრობლემა. 40-50%-იანი წარმომადგენლობა ნიშნავს იმას, რომ ის ქვეყნები მაღალი განვითარების დონით გამოირჩევიან და ასეთი ქვეყნებია სკანდინავიური ქვეყნები, რომელთაც, ალბათ, მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სოციალურ-პოლიტიკური თუ ეკონომიკური განვითარების დონე აქვთ“, ეუბნება რადიო თავისუფლებას ფემინისტი იდა ბახტურიძე.

გენდერული კვოტა პოლიტიკურ ინსტიტუციებში ქალთა მონაწილეობის გასაძლიერებლად კანონით განსაზღვრული ნორმაა და უმეტეს შემთხვევაში მოიაზრება როგორც დროებითი ზომა, რომელიც გენდერულ თანასწორობასა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის გაძლიერებას ემსახურება. საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისთვის ბრძოლას თითქმის 17-წლიანი ისტორია აქვს. ამ საკითხის წინ წამოწევა ქალთა ორგანიზაციების მიერ ჯერ კიდევ 2000 წელს დაიწყო, როდესაც საქართველოში შეიქმნა ქალთა ორგანიზაციების კოალიცია. პირველი მასშტაბური ღონისძიება 2008 წელს ჩატარდა, როდესაც კოალიციაში შემავალმა ორგანიზაციებმა 30 ათასზე მეტი ხელმოწერა შეიტანეს პარლამენტში გენდერული კვოტირების შემოღების მოთხოვნით. იმ წელს პარლამენტმა ეს ინიციატივა არ განიხილა. მომდევნო მცდელობა საკითხის პარლამენტის დღის წესრიგში დაყენებისა, ქალთა ორგანიზაციებს 2015 წელს ჰქონდათ. მაშინ საქმე საკომიტეტო განხილვებამდე კი მივიდა, მაგრამ პლენარულ სხდომამდე ვერ მიაღწია. ელენე რუსეცკი, „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენელი, ამბობს, რომ დღეს ქალთა ორგანიზაციები გაცილებით მომზადებულნი არიან ინიციატივის დასაცავად და მათი მიზანია აჩვენონ ახალი მოწვევის პარლამენტს, რომ ეს ინიციატივა არა, უბრალოდ, აკვიატება, არამედ ამომრჩეველთა მოთხოვნაა:

„არ არის მარტივი 37 ათასი ხელმოწერის შეგროვება. ეს არ არის, უბრალოდ, ხელმოწერა. ამომრჩეველი, რომელიც აწერს ხელს ამ ინიციატივას, ის ჯერ ეცნობა კანონპროექტს. ვფიქრობ, რომ პარლამენტს, რომელსაც ახალი შემადგენლობა ჰყავს გენდერული თანასწორობით საბჭოში, ეს საბჭო სერიოზულად უნდა დაინტერესდეს ამ ცვლილებებით და მას ექნება ისტორიული შანსი, რომ გენდერული თანასწორობის საბჭომ გაიტანოს ეს ინიციატივა და იყოს მხარდამჭერი და შევიდეს ისტორიაში ამ ცვლილებით, რომლისთვისაც ამდენი ხანია ვიბრძვით“.

იმისთვის, რომ ქალების რეალური ჩართულობა უზრუნველვყოთ, ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ კვოტირება, არამედ მათი ეკონომიურ-სოციალური გაძლიერება, იმისათვის, რომ ქალები მართლაც მოვიდნენ პოლიტიკაში და ეს არ იყოს ხელოვნური პროცესი
დიმიტრი ცქიტიშვილი

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დიმიტრი ცქიტიშვილი გენდერული კვოტირების შემოღების ინიციატივას დადებითად უყურებს, თუმცა იმასაც ამბობს, რომ საკითხის მხოლოდ ამ ვიწრო ჭრილში განხილვა საკმარისი არ არის და გაცილებით მეტი აქტივობაა დასაგეგმი იმისათვის, რომ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობა გაძლიერდეს:

„იმისთვის, რომ ქალების რეალური ჩართულობა უზრუნველვყოთ, ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ კვოტირება, არამედ მათი ეკონომიურ-სოციალური გაძლიერება, იმისათვის, რომ ქალები მართლაც მოვიდნენ პოლიტიკაში და ეს არ იყოს ხელოვნური პროცესი“.

2014 წლის ზაფხულში ჟენევაში დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის სესიაზე საქართველოს პარლამენტის წევრებმა მიიღეს რეკომენდაცია, რომ სახელმწიფომ იზრუნოს კვოტირების შემოღებაზე, რათა საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელი გაიზარდოს.

დღეს საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს სავალდებულო გენდერული კვოტირების იურიდიული მექანიზმი. საქართველოს ორგანული კანონი “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” აწესებს მხოლოდ ნებაყოფლობით, ფინანსურ წამახალისებელ ნორმას. ამ ნორმის თანახმად, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც იღებს სახელმწიფო დაფინანსებას, იღებს 30 %-ის ოდენობით დანამატს, თუკი მის მიერ წარდგენილ სიაში კანდიდატთა ყოველ ათეულში ერთიმეორისგან განსხვავებული სქესი იქნება წარმოდგენილი, სულ მცირე, 30 %-ით. თუმცა, როგორც ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, არაერთმა საპარლამენტო თუ ადგილობრივმა არჩევნებმა ნათელყო, რომ აღნიშნული ნორმა არასაკმარისია გენდერული ბალანსის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქალთა უფლება, მამაკაცებთან ერთად თანაბარ პირობებში, სრულფასოვნად ჩაერთონ ქვეყნის პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში, წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას. ეს უფლება აღიარებულია საერთაშორისო და რეგიონალური სამართლის ისეთი ინსტრუმენტებით, როგორიცაა “ადამიანის უფლებების უნივერსალური დეკლარაცია”, “საერთაშორისო შეთანხმება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ”, “კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ”, “გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუცია 1325 ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის” და ა.შ.