ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირის დაკავების შესახებ განცხადება შსს-მ 16 ოქტომბერს, საღამოს გაავრცელა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 14 ოქტომბერს, ორთაჭალაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნითა და ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ტრანსგენდერ ქალს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება კი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.
ციალა რატიანი, სასტიკად ნაცემი ტრანსგენდერი ქალის ადვოკატი, „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას ამბობს, რომ ექიმებისა და ახლობლების ცნობით, ის რეანიმაციულ განყოფილებაში უგონოდ იმყოფება და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ციალა რატიანი იმასაც აღნიშნავს, რომ 14 ოქტომბერს მომხდარი ფაქტი არ არის გამონაკლისი, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფს“ ხშირად მიმართავენ ტრანსგენდერი ქალები, რომლებიც ძალადობისა და დისკრიმინაციის მსხვერპლნი ხდებიან: „განსაკუთრებით მძიმეა ტრანსგენდერი ქალების მდგომარეობა. საკმაოდ გახშირებულია თავდასხმები, ფიზიკური ანგარიშსწორება, შეურაცხყოფა. არის განსაკუთრებით მძიმე შემთხვევები, როდესაც, ფიზიკური ძალადობის გამო, მათ აქვთ ტვინის შერყევა, სხვადასხვა სახის დაზიანებები. სამწუხაროდ, სტატისტიკა ძალიან მძიმეა დანაშაულის გახსნასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, პრობლემები აქვთ მათ სხვა საკითხებთან მიმართებაშიც. იქნება ეს დასაქმება, ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობა თუ სხვა“.
Your browser doesn’t support HTML5
უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ორი ტრანსგენდერი ქალის გახმაურებული სიკვდილის შესახებ შეიტყო საზოგადოებამ. 2014 წლის 11 ნოემბერს, ტრანსგენდერი ქალი, საბი ბერიანი, თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში იპოვეს მკვდარი. 2016 წლის 4 თებერვალს, ბინაში მკვდარი იპოვეს კიდევ ერთი ტრანსგენდერი ქალი, ბიანკა შიგუროვა. საბი ბერიანის საქმეზე დაკავებული პირი რამდენიმე თვეში სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო. რაც შეეხება ბიანკა შიგუროვას სიკვდილს, გამოძიებამ დაადგინა, რომ მან თავი მოიკლა.
„ტრანსგენდერ ადამიანებზე ვლაპარაკობთ მაშინ, როდესაც მათ კლავენ“, – ასე გამოეხმაურა „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტს გენდერის მკვლევარი ანა ილურიძე. მისი სიტყვებით, ყველა ის ფუნდამენტური უფლება, რაც ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს, ტრანსგენდერ ადამიანებთან მიმართებაში ყოველდღიურად ირღვევა, იქნება ეს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, დასაქმება თუ განათლების უფლება. თუმცა, რაკიღა საქმე გაცილებით შორს მიდის და ხშირად საფრთხის წინაშე დგება მათი სიცოცხლის უფლება, ანა ილურიძის თქმით, სახელმწიფომ და სამართალდამცავმა სტრუქტურებმა უნდა აიღონ ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომ მსგავსი ტიპის საქმეების გამოძიებისას, ტრანსგენდერი ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების რეალური მოტივი განისაზღვროს და მოტივს თავისი სახელი დაერქვას - სიძულვილით მოტივირებული დანაშაული:
„მნიშვნელოვანია გაირკვეს, თუ რატომ არის დანაშაული ჩადენილი. ზოგადად, არსებობს რეკომენდაციები, რომ როდესაც სხვა მოტივი არ იკვეთება დანაშაულში და გენდერული იდენტობა განსხვავებული აქვს ადამიანს, აუცილებელია, რომ გამოძიებაში ერთ-ერთ მთავარ გარემოებად და მოტივად უნდა მივიჩნიოთ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები და ისინი სხვანაირად უნდა გამოვიძიოთ. საზოგადოებასაც სხვანაირად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია ამ დანაშაულის შესახებ“.
სავარაუდო სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიება ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს სახალხო დამცველისთვისაც. სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან შუბაშვილი „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას ამბობს, რომ რეალური მოტივის იდენტიფიცირება, არამხოლოდ კონკრეტულ საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელების, არამედ მომავალში სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების თავიდან აცილების მიზნით არის აუცილებელი. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატში შესული დისკრიმინაციის შესახებ განცხადებების 8%-ს შეადგენს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტები და, როგორც წესი, ეს განცხადებები ძალადობის შემთხვევებს ეხება:
ჩვენ მივმართავთ საგამოძიებო ორგანოებს, რომ გადადგან ყველა ის ნაბიჯი, ანუ ჩაატარონ ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, რომ გამოიკვეთოს სავარაუდო სიძულვილის მოტივი – ხომ არ მოხდა დანაშაული დისკრიმინაციული მოტივით, რადგან ეს ადამიანი არის ტრანსგენდერი...ქეთევან შუბაშვილი
„გარდა იმისა, რომ გამოძიება უნდა იყოს ობიექტური და სრულყოფილი, ამასთან, ჩვენ მივმართავთ საგამოძიებო ორგანოებს, რომ გადადგან ყველა ის ნაბიჯი, ანუ ჩაატარონ ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, რომ გამოიკვეთოს სავარაუდო სიძულვილის მოტივი – ხომ არ მოხდა დანაშაული დისკრიმინაციული მოტივით, რადგან ეს ადამიანი არის ტრანსგენდერი. ჩვენი პრაქტიკა, სამწუხაროდ, აჩვენებს, რომ ასეთი მოტივის გამოკვეთა არ ხერხდება. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ უცნობი არის ჩვენთვის საგამოძიებო ორგანოებმა რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგეს იმისთვის, რომ ასეთი მოტივი გამოეკვეთათ ან უბრალოდ, მათგან გვაქვს ხოლმე პასუხი, რომ საქმეში არ გამოკვეთილა ასეთი მოტივი“.
14 ოქტომბერს, ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისას დანაშაულის მოტივის განსაზღვრის მოთხოვნით, გაიმართა საპროტესტო აქცია შს სამინისტროსთანაც. უფლებადამცველების განცხადებით, გამოძიება ვალდებულია გამოავლინოს ის გარემოებები, რომლებიც სავარაუდო სიძულვილის მოტივზე მიუთითებს და რომელიც სასჯელის დამძიმების ეტაპზე საქმეზე გავლენას მოახდენს. მართალია, გმობს ტრანსგენდერ ქალზე მომხდარ თავდასხმას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, თუმცა, ამასთანავე, მოუწოდებს უფლებადამცველებს: „ყოველთვის მოვუწოდებდი ყველას, ეს იქნებოდა სახალხო დამცველი თუ სხვა სტრუქტურები, რომ გარედან კვალიფიკაციის შეთავაზება საგამოძიებო ორგანოსთვის მიმაჩნია, რომ არ არის სწორი“.
სტატისტიკის მიხედვით, რომელსაც აქვეყნებს ტრანსგენდერთა უფლებების დამცველი უცხოური ორგანიზაცია Trans Respect, 2008 წლიდან 2014 წლის ჩათვლით პერიოდში, მსოფლიოს 62 ქვეყანაში გენდერული იდენტობისთვის მოკლული ტრანსგენდერი ადამიანების რიცხვი 1612-ს აღწევს.