თბილისში ნახევარი თეთრით გაიზარდა გაზის ტარიფი

ერთ კუბურ მეტრზე, დაახლოებით, ნახევარი თეთრი - ამ რაოდენობით გაეზარდა თბილისის მოსახლეობას გაზის მოხმარების ტარიფი. გადაწყვეტილება გაზის ტარიფის მომატებასთან დაკავშირებით ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ 18 ივლისის სხდომაზე მიიღო.

Your browser doesn’t support HTML5

თბილისში ნახევარი თეთრით გაიზარდა გაზის ტარიფი

თუკი 20 ივლისამდე დედაქალაქის მოსახლეობა ერთ კუბურ მეტრ გაზში 45,620 თეთრს იხდიდა, 20 ივლისიდან გადასახადი შეადგენს 46, 153 თეთრს, დღგ-ს ჩათვლით. ახალი ტარიფი შეეხება „ყაზტრანსგაზ თბილისის“, ქალაქის უმეტესი ნაწილის მომმარაგებლის, აბონენტებს. როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტავს, აბონენტებისთვის ამ დრომდე მოქმედებდა 50-თეთრიანი ტარიფი, თუმცა, იმ მემორანდუმიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოს მთავრობასა და გაზის გამანაწილებელ კომპანიებს შორის იყო გაფორმებული და რომელიც 5-თეთრიან სუბსიდირებას გულისხმობდა, აბონენტები იხდიდნენ 45, 620 თეთრს. 18 ივლისის გადაწყვეტილებით, სწორედ სუბსიდირების ხარჯზე შემცირებული ტარიფი იზრდება ნახევარი თეთრით:

„დღეს კომისიამ შეამცირა 50 თეთრი 46, 153 თეთრამდე, მაგრამ, ბუნებრივია, ეს ფასი ოდნავ მაღალია, ვიდრე დღეს მოქმედი ფასი, რომელიც მემორანდუმით არის დადგენილი. ჩვენ მიერ დადგენილი ტარიფი ძალაში შედის 20 ივლისიდან, რა ტარიფი შევა ძალაში და როგორი იქნება ფასი თბილისის მოსახლეობისთვის, მას შემდეგ გაირკვევა, რაც ჩვენც გავიგებთ, თუ როგორი იქნება გადაწყვეტილება მემორანდუმთან დაკავშირებით“.

ანდრია გვიდიანი

აღსანიშნავია ისიც, რომ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომპანიის გადაწყვეტილებით, მაღალი, საშუალო და დაბალი წნევის მომხმარებლები ერთი და იმავე ტარიფით ისარგებლებენ. ამ გადაწყვეტილებამდე მათთვის სხვადასხვა ტარიფი მოქმედებდა. ანდრია გვიდიანი, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ 18 ივლისის გადაწყვეტილება აბონენტებისთვის არ არის დრამატული ხასიათის:

„მაღალი და საშუალო წნევის მომხმარებლებს გაეზარდათ ტარიფი და, როგორც მოგეხსენებათ, ისინი ძირითადად არიან იურიდიული პირები და, აქედან გამომდინარე, მაღალი და საშუალო წნევის მომხმარებლების ხარჯზე დაბალანსდა სამომხმარებლო ტარიფი დაბალი წნევის მომხმარებლებისთვის, რომელთათვისაც ცვლილება ფაქტიურად უმნიშვნელოა“.

გაზის ტარიფის ნახევარი თეთრით გაზრდა ოპოზიციამ კრიტიკის საგნად აქცია. 18 ივლისის სხდომას ესწრებოდნენ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები, მათ შორის - ელენე ხოშტარია, თბილისის მერობის კანდიდატი. ის მმართველ გუნდს მოქალაქეების მოტყუებაში ადანაშაულებს:

„ეს ხელისუფლება მოვიდა დანაპირებით, რომ გაზის ტარიფი იქნებოდა ბევრად ნაკლები და, რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელი იყო თავიდანვე და მათ პოლიტიკური ამოცანების გამო მთლიანად ეს სფერო დააზარალეს, დადეს ძალიან არამომგებიანი და დამაზიანებელი ხელშეკრულება „გაზპრომთან“, რომელსაც ჩვენ ახლა ჯიბიდან ვიხდით და, ზოგადად, ჩვენ ახლა მივედით იქამდე, რომ გარდაუვალია ფასის ზრდა. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნების შემდეგ კიდევ არის მოსალოდნელი ტარიფის ზრდა და ეს ნახევარი თეთრი არ არის ბოლო. უბრალოდ, დღეს, არჩევნების წინ, მათ არ აწყობთ, რომ ეს ზრდა კიდევ უფრო დიდი იყოს“.

რაც შეეხება ელენე ხოშტარიას მიერ ნახსენებ ხელშეკრულებას რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომთან“, აღსანიშნავია, რომ ეს ხელშეკრულება მიმდინარე წლის იანვარში დაიდო. მმართველი გუნდი და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, კახა კალაძე, აცხადებდნენ, რომ ამ მოლაპარაკებებით საქართველოს ხელისუფლებამ შეინარჩუნა ენერგოდამოუკიდებლობის ისეთივე ხარისხი, როგორიც აქამდე ჰქონდა, ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია რეგიონში და სტაბილური განვითარების ტემპი. შეიცვალა მხოლოდ გადახდის ფორმა - კერძოდ, ის, რომ რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომი“ საქართველოს აღარ დაუტოვებს სომხეთისკენ გატარებული გაზის 10 %-ს და ტრანზიტის საფასურს ფულით გადაიხდის.

პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნების შემდეგ კიდევ არის მოსალოდნელი ტარიფის ზრდა და ეს ნახევარი თეთრი არ არის ბოლო. უბრალოდ, დღეს, არჩევნების წინ, მათ არ აწყობთ, რომ ეს ზრდა კიდევ უფრო დიდი იყოს...
ელენე ხოშტარია

რაც შეეხება გაზის ტარიფის მომატებას და მის ასახვას მოსახლეობის ფინანსურ დანახარჯზე, უნდა გავიხსენოთ 2016-17 წლის ზამთარი, როდესაც თბილისელების დიდი ნაწილი ბუნებრივი აირის ხარჯის გაზრდას უჩიოდა გასულ წლებთან შედარებით. „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ამის მიზეზად ტემპერატურის ვარდნას ასახელებდა, მოსახლეობა კი ვარაუდობდა, რომ კომპანია ქსელში უშვებდა დაბალკალორიულ აირს, რაც იწვევდა კიდეც მრიცხველის ჩვენების მნიშვნელოვან მატებას, ამაზე მიუთითებდნენ დარგის სპეციალისტებიც.

18 ივლისს სემეკმა საქართველოს რეგიონებისთვის, "სოკარ ჯორჯია გაზისა" და ,,საქორგაზისთვისაც" დაადგინა ახალი ტარიფები. სემეკის გადაწყვეტილებით, „სოკარ ჯორჯია გაზისთვის“, რომელიც 41 ლიცენზიანტ კომპანიას აერთიანებს, დადგინდა ერთიანი ტარიფი და ის, დღგ-ს ჩათვლით, 56,940 თეთრით განისაზღვრა. რაც შეეხება კომპანია ,,საქორგაზის" არეალს, აქაც პირველად დადგინდა ერთიანი ტარიფი და ის, დღგ-ს ჩათვლით, 57,011 იქნება.

უკანასკნელად გაზის ტარიფმა თბილისში 2007 წელს მოიმატა და 34, 2 თეთრის ნაცვლად 50,62 თეთრი შეადგინა. მაშინ, სემეკის დადგენილებით, დაწესდა დიფერენცირებული ტარიფებიც მაღალი, საშუალო და დაბალი წნევის მომხმარებლებისთვის. ეს ტარიფი სემეკმა თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია ”ყაზტრანსგაზ თბილისის” განაცხადის საფუძველზე დააწესა.