ერგნეთის პოლიციის საგუშაგოსთან გასული წლის ზაფხულში ხშირად ჩნდებოდა თვალცრემლიანი ქალი, რომელიც სამართალდამცავებისგან პასუხს ელოდებოდა. ინგა ბორცვაძე დაკარგულ შვილს ეძებს. 2016 წლის 28 მაისს საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქორდში მცხოვრები 26 წლის ნიკოლოზ საღირაშვილი ერთ-ერთი სუფრიდან ადგა, სუფრის წევრებს უთხრა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე სარწყავი წყლის გამოსაშვებად მიდიოდა და მას შემდეგ მისი კვალი დაიკარგა.
Your browser doesn’t support HTML5
წელიწადი და რვა თვეა, საღირაშვილის ოჯახი პასუხს ელის, მაგრამ... ინგა ბორცვაძე ერგნეთის საგუშაგოზე გუშინაც მივიდა და “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო შეხვედრის დასრულებას სუსხიან ამინდში ელოდებოდა. დაკარგულის დედას დღემდე სჯერა, რომ შვილის კვალი ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაქრა და რუსული და ოსური მხარეები მისი მოძებნით თავს დიდად არ იწუხებენ. ამ ეჭვს ისიც უძლიერებს, რომ ნიკას გაუჩინარებიდან რამდენიმე წუთში ოკუპირებული ტერიტორიიდან სოფელში რამდენიმე გასროლის ხმაც გაიგეს. ოჯახი მაშინვე ითხოვდა ოკუპაციის ხაზზე რუსების მიერ დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღებას. ჩანაწერები არც მათ და არც მოლაპარაკებაში მონაწილე ქართული მხარის წარმომადგენლებს არ უნახავთ, თუმცა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ოჯახის წევრებს არწმუნებდნენ, რომ დაკარგული სხვაგან უნდა ეძებნათ.
ნიკოლოზ საღირაშვილის ოჯახი ტელეფონზე დაფიქსირებული საეჭვო ზარების გადამოწმებასაც ითხოვს. ინგა ბორცვაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ტელეფონზე საეჭვო ზარები შედიოდა კუვეიტიდან, რუსეთიდან და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან. მისი აზრით, გამოძიება ამ საკითხებით დეტალურად უნდა დაინტერესდეს.
ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ ოჯახის წევრებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე გაესაუბრა. ქემოკლიძის თქმით, ქართულ მხარეს საღირაშვილის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ჯერ არ გააჩნია და თუ ასეთი იქნება, ოჯახს აუცილებლად გაუზიარებს.
ნიკოლოზ საღირაშვილის დედა დაკარგული შვილის ძებნის განახლებას ითხოვს და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს ეს საკითხი ერგნეთის შეხვედრების დღის წესრიგში შეიტანონ. 1 მარტს „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა განახლდება და იქ გახდება ცნობილი, მიუბრუნდებიან თუ არა მოლაპარაკების მონაწილეები უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული ახალგაზრდა კაცის საკითხს.