ჟურნალისტებმა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე გამართეს საპროტესტო აქცია-პერფორმანსი. მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლისადმი სოლიდარობის ნიშნად თავზე ჩამოიცვეს პოლიეთილენის პარკები და გამოფინეს პლაკატები წარწერებით, ”არ შეგრჩებათ” და ”სოკარ-თველო.”
Your browser doesn’t support HTML5
აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელიც 2015 წლიდან საქართველოში ცხოვრობდა, 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებით.
მუხთარლი თბილისიდან მის გატაცებას მიიჩნევს საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო სტრუქტურების ერთობლივ ოპერაციად, რასაც თავის მხრივ, კატეგორიულად უარყოფს საქართველოს მთავრობა.
აფგან მუხთარლის საქმეს პოლიცია იძიებს, თუმცა ადვოკატები მოითხოვენ, რომ გამოძიება აწარმოოს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, რადგან მუხთარლის ინფორმაციით, ის თბილისიდან გაიტაცეს პოლიციის ფორმიანმა პირებმა.