ზუგდიდში გარევაჭრობის აკრძალვა ვერ მოხერხდა

მოვაჭრეების ერთ-ერთი აქცია ზუგდიდში

ზუგდიდში კვლავ მოუგვარებელი რჩება გარევაჭრობის საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ ზუგდიდის მერიამ არაერთხელ გააფრთხილა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დასაქმებულები, ისინი სამუშაო ადგილებს მაინც არ ტოვებენ.

უკვე ერთი თვე გავიდა გარემოვაჭრეების საპროტესტო აქციიდან - მაშინ ისინი მუშაობის ნებართვას ითხოვდნენ, რაზეც თანხმობა ვერ მიიღეს. მოვაჭრეები ვერ შეაჩერა ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მორიგმა გადაწყვეტილებამ მათ სამუშაო პერიმეტრზე რკინის ჯებირების განთავსების შესახებ. ტროტუარზე ბარიერების მოწყობის შემდეგ მათ ქუჩის ნაწილი დაიკავეს. მათი თქმით, თუ მუშაობის უფლებას აქაც არ მისცემენ, საპროტესტო აქციებს განაახლებენ:

„აქციებს გავაგრძელებთ, - აბა, რას ვიზამთ? ყოველდღიური სესხები გვაქვს. 10-10 ლარი გვემატება. სადღაცა ფართს გამოგიყოფთო, მაგრამ ის ფართი ჩემთვის არაფერი არ არის. გავაგრძელებთ აქციას, სანამ არ მოგვცემენ იქ მუშაობის უფლებას“;

„ლუკმაპური უნდა შევიტანოთ სახლში, ბავშვები გვყავს მშიერი“;

„მიჭირს და იმიტომ ვზივარ აქ“;

„მანამდე ორი დღით ვისხედით, დღეს კი ისევ ბარიკადები დაგვხვდა“, - აცხადებენ მოვაჭრეები.

თავის მხრივ, მერიაში განმარტავენ, რომ ესმით გარემოვაჭრეების მძიმე სოციალური მდგომარეობა, მაგრამ ვერ დაუშვებენ კანონდარღვევას. მერიის წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს არაერთხელ შეხვდნენ, აუხსნეს, რომ სთავაზობენ ახალ სამუშაო ადგილებს ბაზრის შიდა ტერიტორიაზე, რაზეც ნაწილი არ თანხმდება. მერის მოადგილე კობა ჯიქიას განცხადებით, დათმობაზე ვერ წავლენ:

„გვესმის მათი ადამიანური მდგომარეობა, თუ როგორ პირობებში უხდებათ მუშაობა, მაგრამ კანონის უზენაესობაც უნდა დავიცვათ აუცილებლად. ბევრჯერ იყვნენ მოსულები, ჰქონდათ თხოვნა, რომ სადღესასწაულოდ დაგვეშვა. ჩვენც, ადამიანური თვალსაზრისით, რაღაც-რაღაცები დავთმეთ, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ დავუშვებთ გარევაჭრობას, რომ ეს არის უკანონო“.

გარევაჭრობის აკრძალვის შესახებ მერიის გადაწყვეტილებას ეთანხმება მოქალაქეთა ნაწილი, რომელსაც ბაზრის მიმდებარედ ხშირად უწევთ გადაადგილება. ამბობენ, რომ ქუჩის კიდეში პროდუქტებისა და დახლების განთავსების გამო მოძრაობა გართულდა:

„აქეთ მანქანა მოძრაობს, აქეთ ესენი არიან და როგორ უნდა გავიაროთ ახლა?“

„მოძრაობა რთულია როგორც მძღოლებისთვის და ხალხისთვისაც“,

„ტერიტორია გადაღობილია და არ არის ნორმალურად სასიარულო ადგილი“, - აცხადებენ რესპონდენტები.

გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქციების გამართვა მას შემდეგ დაიწყეს, რაც 11 მაისს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დახლები ადგილზე არ დახვდათ. ისინი მერიის გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ. განმარტავენ, რომ სესხები აქვთ და ოჯახებს სხვანაირად ვერ არჩენენ.

გასულ წლებში გარემოვაჭრეები დროდადრო მართავდნენ საპროტესტო აქციებს. ადგილობრივი ხელისუფლება პერიოდულად უკრძალავდა ბაზრის გარეთა პერიმეტრზე მუშაობას, მაგრამ აქციების შემდეგ ისინი ვაჭრობას აგრძელებდნენ.