მცირე ბიზნესის წარმომადგენლები გარევაჭრობის წინააღმდეგ

მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, აგრარულ ბაზრებსა და ბაზრობებზე მოვაჭრე ადამიანები ადგილობრივ ხელისუფლებას ქუთაისში გარევაჭრობის აკრძალვას სთხოვენ. როგორც სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში დასაქმებულნი აცხადებენ, წლებია გარევაჭრობა ქუთაისისთვის მოუგვარებელ პრობლემად რჩება და საფრთხე ექმნება ქალაქში ლეგალური ბიზნესის წარმოებას. სავაჭრო ცენტრ „გრანდმოლის“ მმართველის ნატო დანელიას განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ობიექტის ნორმალურ ფუნქციონირებას ხელს უშლის გარემოვაჭრეთა სახელდახელოდ მოწყობილი დახლები და პირდაპირ ქუჩაში გამოფენილი პროდუქტი თუ ტანსაცმელი. ნატო დანელიას მსგავსად, გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით მერიას მცირე ბიზნესის რამდენიმე ასეულმა წარმომაგენელმა მიმართა, გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ აგრარულ ბაზარსა და ბაზრობებზე მოვაჭრე ადამიანებიც.

თავის მხრივ, გარემოვაჭრეები მძიმე სოციალურ პრობლემებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ დახლებზე მაღალი გადასახადის გამო ქუჩებში ვაჭრობას ამჯობინებენ.

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ეკა გრიგოლაშვილის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურს გარევაჭრობის აკრძალვისთვის შესაბამისი კომპეტენცია არ გააჩნია. მისივე განმარტებით, სამსახურის თანამშრომლებს გარემოვაჭრეთა მხოლოდ გაფრთხილების უფლება აქვთ, ხოლო მათი დაჯარიმება და საქონლის ჩამორთმევა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის კომპეტენციაა.

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ლომიძე პრობლემის მოგვარების ერთადერთ გზად კანონის აღსრულებას მიიჩნევს. კონსტანტინე ლომიძემ სასკოლო ბაზრობის დასრულებამდე გარემოვაჭრეებს ქუჩიდან სავაჭრო ობიექტების მიმდებარედ სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ადგილებზე გადასვლა შესთავაზა, თუმცა ამ დრომდე ქალაქის ყველა ხალხმრავალ ადგილზე, ავტოსადგურისა და ბაზრების მიმდებარე ქუჩებზე გარემოვაჭრეები მუშაობას სახელდახელოდ გამართულ დახლებთან განაგრძობენ.