„ჯეოსთილში“ შესვენების უფლებას ითხოვენ

შპს „ჯეოსთილში“ დღეს პროტესტის ნიშნად 2 ბრიგადა - დაახლოებით, 100 კაცი - გაიფიცა. გაფიცვა, მუშათა მოთხოვნების ნაწილობრივი დაკმაყოფილების საფუძველზე, რამდენიმე საათში დასრულდა. გაფიცვის მიზეზი კი გახდა ერთსაათიანი თვითნებური შესვენების გამო სამსახურიდან 10-მდე ადამიანის დათხოვნა. გაფიცულთა მოთხოვნაც, შესაბამისად, იყო სამსახურიდან გათავისუფლებულთა სამუშაო ადგილზე აღდგენა და სამუშაო ციკლში შესვენების უფლების დაკანონება.

შპს „ჯეოსთილის“ თანამშრომელი, საგლინავი საამქროს ღუმელის ოპერატორი უჩა ფაშალიშვილი ამბობს, რომ ადმინისტრაციამ დააკმაყოფილა მოთხოვნა, რომელიც გათავისუფლებული ადამიანების სამსახურში აღდგენას უკავშირდებოდა. რაც შეეხება მეორე მოთხოვნას, კერძოდ, ერთსაათიანი შესვენების განსაზღვრას, იგი ძალაშია და მხარეთა მოლაპარაკებების საგნად რჩება. უჩა ფაშალიშვილი ამბობს, რომ, ზოგადად, საწარმოში მძიმე სამუშაო პირობებია შექმნილი და უმთავრესი მიზეზი, რაც პროტესტს იწვევს, უსამართლობაა:

“24 საათი მუშაობს ჩვენი ქარხანა. სამი ცვლა არის და ვმუშაობთ 12 საათს. ამდენი წლებია ასე ვმუშაობთ და შესვენების უფლება არ გვქონდა. ისედაც უსამართლოდ გვექცევიან რა მხრივ, რომ ვერ დაისვენებ, რომ ნორმალურად შეჭამო და შესვენება გააკეთო. და ახლა ისეთი რაღაც შემოიღეს, რომ ეს 12 საათი ხომ უნდა ვიმუშაოთ და 12 საათიდან იმ ერთ საათს გვაკლებენ, ანუ 11 საათს გვიტარებენ და 12 საათს გვამუშავებენ. და თურმე ჩვენ შესვენების უფლება არ გვქონია. ცეხი არ უნდა გაჩერდესო და ისე უნდა შეისვენოთო და ისე, ფაქტიურად, არ გამოდის შესვენება“.
ერთადერთი, რასაც გვსურს მივაღწიოთ და რაზეც გვაქვს, რაც შემოვედით, საუბარი, არის ის, რომ, ვთქვათ, 200 საათი იყოს გეგმიური მუშაობა და თუ 20 საათს გვიხსნიან, ამ 200-ს მოაკლონ ის 20 საათი და იმ 40 საათს ნუ შეეხებიან, რაც ზედმეტი გვაქვს ნამუშევარი...
ლევან ჭუნაშვილი

თუმცა, ადმინისტრაციის მიერ დათქმული პირობის მიუხედავად, 3 დეკემბერს მუშებმა ერთი საათით შეისვენეს, რასაც დირექციის მხრიდან დამსჯელი ღონისძიება მოჰყვა: ღამის ცვლის თანამშრომლები დაითხოვეს და მათგან გაფრთხილების წერილებზე ხელმოწერა და ბოდიშის მოხდა მოითხოვეს. ვითარება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რამდენიმე საათში განიმუხტა. შეწყვეტილი სამუშაო პროცესი 4 დეკემბერს, შუადღისას, აღდგა. საგლინავი საამქროს მექანიკოსი ლევან ჭუნაშვილი ამბობს:

“ერთადერთი, რასაც გვსურს მივაღწიოთ და რაზეც გვაქვს, რაც შემოვედით, საუბარი, არის ის, რომ, ვთქვათ, 200 საათი იყოს გეგმიური მუშაობა და თუ 20 საათს გვიხსნიან, ამ 200-ს მოაკლონ ის 20 საათი და იმ 40 საათს ნუ შეეხებიან, რაც ზედმეტი გვაქვს ნამუშევარი. ჩვენ გვიღირს, რომ ის 40 საათი დაგვიტოვონ და 20 მოაკლონ 200 საათს. დაახლოებით, საშუალო არის 50-60 ლარი, ამდენი მოგვაკლეს ხელფასი“.

ლევან ჭუნაშვილის თანახმად, საქმე ეხება სიახლეს, რომელიც პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო და რომელიც „ჯეოსთილში“ 1 დეკემბრიდან ამოქმედდა. სიახლე მარტივად იმას გულისხმობს, რომ 12 საათიან სამუშაო გრაფიკში, საშუალოდ, 1 საათის შესვენებისთვის გამოყოფა მუშებისათვის არსებული ანაზღაურების დაკლების ტოლფასია. მუშებს, ურჩევნიათ, ეს თანხა დაექვითოთ ხელფასიდან და არა ზეგანაკვეთურიდან, რომელიც უფრო კარგად ნაზღაურდება.

შპს „ჯეოსთილი“ სამშენებლო მასალების მწარმოებელი ინდურ-ქართული მეტალურგიული ქარხანაა. ქარხნის ადმინისტრაციაში საგლინავი საამქროს მუშების პროტესტის ფაქტს უარყოფენ და კომენტარზე უარს აცხადებენ. მეტალურგების დარგობრივი პროფკავშირის იურისტი გიორგი შუბითიძე კი, თავის მხრივ, დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის მოსალაპარაკებელ იმ საკითხს განმარტავს, რაც კვლავ პრობლემად რჩება:

“შეთანხმების მიღწევა უნდოდათ იმასთან დაკავშირებით, რომ ცოტა ორგანიზებული მომენტი ყოფილიყო იმისა, რომ შესვენება მომხდარიყო და, ამავდროულად, საწარმოო ციკლი ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელებულიყო. ამაზე ვერ მიაღწიეს შეთანხმებას და, პლუს ამას თანდართული, ბატონი წარმომადგენელი, უშუალოდ დამსაქმებელი, მოითხოვდა იმას, რომ საწარმოო ციკლი არ შეჩერებულიყო, ვინაიდან და რადგანაც ზარალს გამოიწვევდა. ანუ შეთანხმება ვერ შედგა იქიდან გამომდინარე, რომ ამათ სურდათ, რომ რეზერვის სახით ჩაენაცვლებინათ პიროვნებები, რომლებიც შეითავსებდნენ იმ ერთსაათიან სამუშაო შესვენების გრაფიკს“.

დასაქმებულთა შესვენების მიზნით რეზერვის გამოყენებაზე, გიორგი შუბითიძის თანახმად, საწარმოს ადმინისტრაცია უარს ამბობს. შესაბამისად, ჯერჯერობით შესვენებაზე გასული მუშის სამუშაოს შესრულება, ანუ ორმაგი დატვირთვა, სხვა დასაქმებულს მოუწევს. თანაც ისე, რომ, შესაძლოა, გიორგი შუბითიძის თქმით, მას ამისთვის სათანადო კომპეტენცია არც კი ჰქონდეს.

თამაზ დოლაბერიძე


შპს „ჯეოსთილი“ 2007 წელს დაარსდა. იგი საქართველოში ფოლადის ყველაზე დიდი მწარმოებელია, თუმცა, იმავდროულად, ხშირია შრომის პირობებისა და ანაზღაურების გამო პროტესტი. მეტალურგთა დარგობრივი პროფკავშირის თავმჯდომარის თამაზ დოლაბერიძის თქმით, ასევე ხშირია მუშათა დისკრიმინაციის შემთხვევები:

“’ჯეოსთილი’ ის ქარხანაა, სადაც თითქმის ყოველ წელს გაფიცვები ხდება და თითქმის ყოველ წელს დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდებოდა 10-15 ადამიანი. გაყრიან ხოლმე სამსახურიდან, იქ პოლიციის მხრიდან დაჭერებიც იყო და ასე შემდეგ. ბოლო ასეთი პროცესები 2012 წლის ბოლოს იყო, შარშან, წინასაახალწლოდ. ადმინისტრაცია თავს არიდებს მაქსიმალურად, პროფკავშირთან რომ დალაგებულად რაღაც სოციალურ დიალოგზე წამოვიდეს და აღიაროს მუშების პრობლემები“.

თავად „ჯეოსთილში“, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კომენტარზე უარი განგვიცხადეს. მეტალურგთა პროფკავშირის თავმჯდომარე, თავის მხრივ, მიიჩნევს, რომ ბიზნესის რეგულაციებისგან თავის შეკავების მიუხედავად, სახელმწიფო დასაქმებულებზე მეტად უნდა ზრუნავდეს.