განუყრელი ცოლ-ქმარი ცალ-ცალკე საკნებში მოათავსეს

ლეილა და არიფ იუნუსები შვილთან, დინარასთან ერთად

ალბათ, ძალიან ძნელია განუყრელი წყვილისთვის, 30 წელიწადზე მეტი თანაცხოვრების შემდეგ, განცალკევება - მით უმეტეს, საპატიმროში, სადაც მათ მოგონილი ბრალდებებით უკრეს თავი. აზერბაიჯანელი უფლებადამცველი ქალისა და მისი ქმრის - ლეილა და არიფ იუნუსების - დრამატული ისტორიის დეტალები დეიზი სინდელარმა მათი ნიდერლანში მცხოვრები ქალიშვილისგან შეიტყო. დაახლოებით ერთი თვის წინ დაიჭირეს ლეილა და არიფ იუნუსები - აზერბაიჯანის სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ ქმედება და თაღლითობა დასდეს ბრალად. „ჰიუმენ რაიტს უოჩი“ ბრალდებას მთლიანად ფალსიფიცირებულად მიიჩნევს. ლეილას და არიფის ქალიშვილი, დინარა, თავისი მშობლების ცხოვრებაზე გვიამბობს, თუ რა ძნელია მათთვის, ასეთი მოსიყვარულე ცოლ-ქმრისათვის, განშორება და ისიც ციხეში.

მათ ერთმანეთი 70-იანი წლების ბოლოს გაიცნეს ბაქოში. ორივე უნივერსიტეტში ისტორიას სწავლობდა. ერთი პროფესორის მიერ გამართული წვეულების ბოლოს არიფმა ლეილას მეტრომდე მიცილება შესთავაზა. ერთ კვირაში ხელი სთხოვა. დინარა გვიყვება, როგორი მოულოდნელი იყო ბებიისთვის, დედის დედისთვის, სასიძოსგან ხელის თხოვა: „აზერბაიჯანში მიღებულია, რომ მშობლებს ქალიშვილის ხელს წინა თაობა სთხოვს. დედაჩემის ოჯახში კი მამა მივიდა და მისი ხელი თვითონ ითხოვა. მიუხედავად გაკვირვებისა, ბებიას უთქვამს, „ეს არის მისი ცხოვრებაო“. დედას ადრეც ჰყავდა მამა უნივერსიტეტში შემჩნეული და მგონია, რომ მასაც მოსწონდა“.

ორივეს ძალიან უყვარს სიმღერა: ხშირად ერთად მღეროდნენ, თუმცა ამის ნიჭი საერთოდ არ აქვთ...
დინარა იუნუსი

ისინი მალევე დაქორწინდნენ, მცირე ქორწილი გადაიხადეს, მხოლოდ ახლობლები დაპატიჟეს. ცხრა წლის შემდეგ გაჩნდა დინარა. არიფი პატივცემული მწერალი და ისტორიკოსია, ლეილა - ცნობილი უფლებადამცველი, რომელიც ღიად გამოდის მთავრობის კრიტიკით. ორივეს ღრმად სწამს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი უნდა შერიგდნენ.

დინარას გვიანობამდე ესმოდა ხოლმე მშობლების საუბარი, მათი კამათი, აზრთა ხალისიანი გაცვლა-გამოცვლა ისტორიულ მოვლენებზე. ლეილა ხელმძღვანელობდა დემოკრატიის ინსტიტუტს - ორგანიზაციას, რომელიც 1995 წელს შეიქმნა კორუფციასთან ბრძოლის, ქალთა მიმართ ძალადობისა და უკანონო გასახლებების წინააღმდეგ. ხანდახან, როგორც დინარა იხსენებს, ისინი ერთად უყურებდნენ რომელიმე ძველ, საბჭოთა პერიოდის ფილმს ან უსმენდნენ მუსიკას - ვლადიმირ ვისოცკის ან ბულატ ოკუჯავას:

„ორივეს ძალიან უყვარს სიმღერა: ხშირად ერთად მღეროდნენ, თუმცა ამის ნიჭი საერთოდ არ აქვთ“, გვეუბნება დინარა. მისი მშობლები განუყრელები იყვნენ 36 წლის განმავლობაში. ახლა მათ ბრალად დასდეს სომხეთის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობა, აგრეთვე უცხოეთიდან მიღებული სახსრებით აზერბაიჯანელი მოქალაქეების ჯაშუშობაზე დაყოლიება. როგორც გითხარით, „ჰიუმენ რაიტს უოჩი“ ამ ბრალდებას შეთითხნილს უწოდებს. ლეილა იუნუსი ბაქოში წინასწარი პატიმრობის საკანში მოათავსეს. არიფი ჯერ შინა პატიმრობაში დატოვეს, მოგვიანებით ბაქოში, ქიურდახანის ციხეში გადაიყვანეს, შემდეგ კი სახელმწიფო უშიშროების სამსახურის საგამოძიებო იზოლატორში მოათავსეს. ეს საპატიმრო ცნობილია წამებით და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევებით. მათი დაპატიმრების ფონი იყო ილჰამ ალიევის რეჟიმის ფართომასშტაბიანი აქცია, რომლის დროსაც, სულ მცირე, ორი სხვა უფლებადამცველი, ინტიგამ ალიევი და რასულ ჯაფაროვი, დააპატიმრეს და კიდევ ერთს სასტიკად გაუსწორდნენ - თავის ოფისში დაუნდობლად სცემეს. ილგარ ნასიბოვზე ჩვენი რადიოც იტყობინებოდა. იუნუსები - ასევე ალიევი და ჯაფაროვი - აზერბაიჯანში პოლიტპატიმრების ახლახან გამოქვეყნებულ სიაში შეიყვანეს.

მძიმეა პირობები, მძიმეა ზეწოლა თანასაკნელებისგან, მაგრამ უშენობა ყველაზე მძიმეა...
ლეილა იუნუსი

მწარე ირონიაა, რომ იუნუსები თვითონ იყვნენ ამ სიის დადგენაში ჩართული. პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რომლის მთავრობა ახლა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს თავმჯდომარეობს, უარყოფს თავის ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას. ზოგიერთი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ენერგორესურსებით ბაქოს სიმდიდრის გამო დასავლეთი თვალს ხუჭავს ალიევის ხელისუფლების მიერ უფლებების დარღვევაზე. ცოლ-ქმარ იუნუსების ჯანმრთელობა საგანგაშოა: ლეილას დიაბეტი სჭირს და საგანგებო კვებას საჭიროებს; არიფ იანუსს გული აწუხებს, სამედიცინო მეთვალყურეობა და მედიკამენტები სჭირდება. დინარამ ბოლო ხუთი წელიწადი ნიდერლანდში გაატარა, იქ პოლიტიკური თავშესაფარი მოიპოვა. მშობლების დაპატიმრება მისთვის ტანჯვაა ახლა. მამას ბოლოს 5 აგვისტოს ელაპარაკა ტელეფონით. დაპატიმრების ამბავი გაზეთებიდან შეიტყო. იუნუსების ადვოკატის თანახმად, მათ საჭირო სამედიცინო მომსახურებაზე უარს ეუბნებიან. არ აძლევენ ერთმანეთთან ურთიერთობის უფლებას.

ლეილა იუნუსი თავის წერილში ციხიდან სწერს: „მძიმეა პირობები, მძიმეა ზეწოლა თანასაკნელებისგან, მაგრამ უშენობა ყველაზე მძიმეაო“. დინარა გვიამბობს, რა ძნელია მისთვის ამ წერილის წაკითხვა, მით უმეტეს, რომ იცის, მათ დიდხანს მოუწევთ ასე ცალ-ცალკე ყოფნა. დედა შიშობს, ამბობს ის, რომ ქმარს, მისი ჯანმრთელობის გამო, ვეღარასოდეს იხილავს და ვერ გამოემშვიდობება. მიუხედავად იმისა, რომ დინარას მშობლებმა უბიძგეს დაეტოვებინა სამშობლო, თვითონ ეს არ მოინდომეს - ჩვენ აქ ვრჩებით და ვაგრძელებთ უფლებადაცვით საქმიანობასო, განუცხადეს მაშინ ქალიშვილს, რომელსაც ძალიან უყვარს და ამაყობს დედ-მამით: იმედი მაქვს მათ მალე გადავეხვევი, ბედნიერი ვარ ასეთი შესანიშნავი მშობლების შვილი რომ ვარ, უკეთესი ოჯახის ყოლაზე ვერც კი იოცნებებდა ადამიანიო, გვეუბნება დინარა იუნუსი, დღემდე განუყრელი, ახლა კი ბაქოს საპატიმროს ცალ-ცალკე საკნებში მყოფი ლეილა და არიფ იუნუსების ქალიშვილი.