საქართველოს პარლამენტმა - 80 ხმით არც ერთის წინააღმდეგ - დაამტკიცა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შედგენილი განცხადება „რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის მცდელობის“ თობაზე. კენჭი ეყარა ასევე უმცირესობის მიერ მომზადებულ რეზოლუციას, რომელიც უკავშირდებოდა რუსეთსა და აფხაზეთს შორის „ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას, თუმცა რეზოლუციას მხარი მხოლოდ 23-მა დეპუტატმა დაუჭირა. განსჯის საგანი იყო პარლამენტში პრემიერ-მინისტრის 16 ოქტომბრის განცხადებაც, რომელიც აფხაზების მიერ წარმოებულ 25-წლიან თვითგამორკვევისთვის ბრძოლას შეეხებოდა.
მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმცირესობა და მმართველი კოალიცია რეზოლუციის ერთიან ტექსტზე ვერ შეთანხმდა, ერთი მხრივ, განცხადებისა და, მეორე მხრივ, რეზოლუციის ტექსტებს ცალ-ცალკე ეყარა კენჭი. 2-საათიანი ცხარე დებატებისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავის მიერ 5-პუნქტად გამოყოფილი რეზოლუციის ტექსტის მხარდაჭერას ითხოვდა. რეზოლუციის მოთხოვნებს შორის იყო აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებათა ფორმატის გაუქმება, საქართველოს დეოკუპაციისა და დევნილთა დაბრუნების საკითხების უკრაინის დეოკუპაციის საკითხთან საერთაშორისო დღის წესრიგში დაკავშირება. სიტყვით გამოსვლისას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მეტი აქტიურობისკენ გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრა და ხელისუფლებას მოუწოდა შეცვალოს რუსეთის მიმართ კონსტრუქციული დიალოგის პოლიტიკა, ვინაიდან ამას შედეგი არ მოაქვს:
„ჩვენ თუ უბრალოდ არ შევიმჩნევთ, როგორ გვაქუცმაცებენ, როგორ გვაჭრიან თავს და როგორ ნაწილ-ნაწილ გვშლიან, ეს, უბრალოდ, უხმაუროდ ჩაივლის, მეტი არაფერი, როცა ჩვენი მთავარი ინსტრუმენტი არის საერთაშორისო მხარდაჭერა, ყველა ფორუმზე ამაზე ლაპარაკი, დასავლეთსა და რუსეთს შორის საქართველოს თემის წამოწევა მთავარ პრობლემად, არათუ მიჩუმათება, როგორც ეს თქვენს კონცეფციაში იყო, - მთავარ პრობლემად ამის წამოწევა, სანქციების საკითხზე საქართველოს საკითხის მიბმა, საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდში დაყენება, აქტიური დიპლომატია ყველგან, ეუთოში. ახლა ევროსაბჭოში მონიტორინგის კომიტეტმა ისე მიიღო მონიტორინგის კომიტეტის ანგარიში მთლიანად კომიტეტის მუშაობის შესახებ, რომ ორი წლის წინ დავალებული ამბავი, რუსეთ-საქართველოს ფაილზე ყურადღება ედევნებინათ, საერთოდ გამოტოვა, იმიტომ რომ ჩვენ არსად არ ვჩანვართ და ყველას ვეუბნებით, რომ ჩვენ ვსუბრობთ“.
მიკვირს საერთოდ რა არგუმენტებს შეიძლება ჰქონდეს დღეს აზრი, მაშინ როდესაც არც ერთი თქვენგანი არ აფიქსირებთ პოზიციას, ეთანხმებით თუ არა პრემიერ - მინისტრის შეფასებას, რომ აფხაზი ხალხი 25 წლის განმავლობაში იბრძოდა თვითგამორკვევის უფლებისათვის და ეს ბრძოლა, შესაბამისად, იყო ლეგიტიმური...ჩიორა თაქთაქიშვილი
კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ შედგენილი განცხადების წაკითხვის წინ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ოპონენტებს მაინც შეახსენა, რომ ვითარება, რომელიც აფხაზეთში შეიქმნა, ხელისუფლების 2008 წელს განხორციელებული პოლიტიკის ნაყოფია და რომ ამჟამინდელი ხელისუფლება კონსტრუქციული დიალოგის გზით ცდილობს ვითარებიდან გამოსავლის მოძებნას:
„რუსეთის ფედერაციას და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის დაგეგმილი ე.წ. ხელშეკრულება მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ძირძველი კუთხის, აფხაზეთის, სრული ანექსიისაკენ გადადგმულ ნაბიჯს. ამ შეთანხმების თანახმად, ხელმოწერა საწყისს დაუდებს საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების დარღვევათა ახალ ტალღას, დამატებით საფრთხეს შეუქმნის რეგიონალურ სტაბილურობას, მნიშვნელოვნად ავნებს საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს. საქართველოს პარლამენტი გმობს რუსეთის ფედერაციის მცდელობას მოახდინოს ოკუპირებული აფხაზეთის ანექსია, მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას გააძლიეროს ძალისხმევა საერთაშორისო წესრიგისა და სამართლის ნორმების დასაცავად, ყველა შესაძლო ბერკეტის გამოყენებით“.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სერგო რატიანის თქმით, აბსურდია ყირიმის ანექსიის შემდეგ იმაზე საუბარი, თუ რა პოლიტიკას ახორციელებდა საქართველო 2008 წელს და დღეს აფხაზეთის ანექსიაზე საუბარი შიდა დაპირისპირების საგნად არ უნდა იქცეს. ამასთან, ოპოზიციის წარმომადგენლები მმართველი გუნდის წევრებს სთხოვდნენ განემარტათ პრემიერ-მინისტრის კომენტარი, ხელშეკრულება რუსეთსა და აფხაზეთს შორის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის თაობაზე თვითგამორკვევისათვის აფხაზების 25-წლიან ბრძოლასთან შეუსაბამოაო.
როდესაც საუბარი იყო თვითგამორკვევაზე, აქ საუბარი არ იყო საერთაშორისო პრინციპ თვითგამორკვევაზე. გასაგებია, გვესმის, ვიცით საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები, მაგრამ საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ერთიან სახელმწიფოში უნდა უზრუნველყოფილი იყოს როგორც ჩვენი აფხაზი, ასევე ჩვენი ოსი ძმების იდენტობა...ირაკლი ჩიქოვანი
”მიკვირს საერთოდ რა არგუმენტებს შეიძლება ჰქონდეს დღეს აზრი, მაშინ როდესაც არც ერთი თქვენგანი არ აფიქსირებთ პოზიციას, ეთანხმებით თუ არა პრემიერ - მინისტრის შეფასებას, რომ აფხაზი ხალხი 25 წლის განმავლობაში იბრძოდა თვითგამორკვევის უფლებისათვის და ეს ბრძოლა, შესაბამისად, იყო ლეგიტიმური. მაინტერესებს, რამდენ თქვენგანს ეყოფა გამბედაობა აღიაროს, რომ ის არ ეთანხმება ამ პოზიციას, იმიტომ რომ მე მინდა მჯეროდეს რომ საქართველოს პარლამენტი არ არის დაკომპლექტებული მხოლოდ ისეთი მონებით ერთი ადამიანის, როგორიც არის ეს ჰაკიმ-ფაშა“, თქვა ჩიორა თაქთაქიშვილმა, რომელსაც კოალიციის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა უპასუხა:
„როდესაც საუბარი იყო თვითგამორკვევაზე, აქ საუბარი არ იყო საერთაშორისო პრინციპ თვითგამორკვევაზე. გასაგებია, გვესმის, ვიცით საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები, მაგრამ საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ერთიან სახელმწიფოში უნდა უზრუნველყოფილი იყოს როგორც ჩვენი აფხაზი, ასევე ჩვენი ოსი ძმების იდენტობა. ზუსტად ასეთი სახელმწიფოს მშენებლობა გვინდა და ასეთი სახელმწიფოსთვის ვიხარჯებით მე და ჩემი კოლეგები“.
„ნაციონალური მოძრაობის“ რეზოლუციის ტექსტი მმართველმა კოალიციამ ზედმეტად აგრესიულად მიიჩნია. თინა ხიდაშელმა „ნაციონალური მოძრაობის“ რეზოლუციას შანტაჟის ტექსტი უწოდა:
„არ შეიძლება საკუთარ ქვეყანას შანტაჟის ენით ელაპარაკებოდე. თქვენი რეზოლუცია იყო ქვეყნის წინაშე წაყენებული შანტაჟი, რომელსაც ზუსტად იცოდით, რომ ჩვენ ხმას არ მივცემდით, იმიტომ რომ ეს არის მთავარი სხვაობა ჩვენ შორის. ჩვენ ვმოქმედებთ პრინციპულად, მაგრამ ტაქტიკა არის აბსოლუტურად განსხვავებული“.
განმარტება 16 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა და თქვა, რომ მას ტერმინი „თვითგამორკვევა“ ბრჭყალებში ჰქონდა გამოყენებული და არ აპირებს ამ გამონათქვამის გამო ყოფილ პრეზიდენტს მოუსმინოს. მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ფეისბუკის გვერდზე ირაკლი ღარიბაშვილის გამონათქვამს საქართველოს სამართლებრივი ბრძოლის წყალში ჩაყრა უწოდა.
„ჩვენმა საქართველომ სწორედ სააკაშვილის დროს დაკარგა კოდორი, სწორედ მისი გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგად მოხდა აფხაზეთისა და ოსეთის რუსეთის მიერ აღიარება და სწორედ მისი გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგია ის, რომ დღეს ჩვენი ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და დღეს ეს ადამიანი გამოდის და ჩვენ ჭკუას გვასწავლის და გვეუბნება, რომ სიტყვა, რომელიც ჩვენ ვიხმარეთ ე.წ. და ბრჭყალებში ჩასმული, თურმე საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას. არც ერთ შემთხვევაში, მეგობრებო! ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც არის ხალხზე და ქვეყანაზე ორიენტირებული“.
აფხაზეთსა და რუსეთს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ხელშეკრულების მოსალოდნელი შედეგების თაობაზე 18 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრთან კრიზისების მართვისა და უსაფთხოების საბჭოს სხდომა გაიმართება. თავის მხრივ, 28 ოქტომბერს, 15 საათზე, პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს. ამის თაობაზე ინფორმაციას პრეზდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.