ავტორიტეტიანი საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩი" მედიისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის შეზღუდვის ეჭვებზე ლაპარაკობს და მოუწოდებს ხელისუფლებას, არ დაუშვას „რუსთავი 2“-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება მანამდე, ვიდრე საქმეს სტრასბურგის სასამართლო არ განიხილავს. საქართველოში მედიაპლურალიზმის ხელყოფაზე ამახვილებს ყურადღებას მედიასაშუალებების, არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური ოპოზიციის ძალიან დიდი ნაწილი. ხელისუფლება კი თვლის, რომ ოპონენტები „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებით მოქმედებენ და „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული პროტესტი ყოფილი მმართველი პარტიის რევანშისტულ გეგმებს უკავშირდება.
Your browser doesn’t support HTML5
„ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის - „რუსთავი 2“-ის - მფლობელობის გარშემო დავამ გამოიწვია სერიოზული შეშფოთება მედიისა და სასამართლოს საქმიანობაში ხელისუფლების შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია „ჰიუმან რაიტს უოჩის“ მიერ 6 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც დეტალურად აღწერს ტელეკომპანიის საქმის განხილვის პროცესის მიმდინარეობას პირველი ინსტანციიდან, უზენაესი სასამართლოს ჩათვლით. შეკითხვებისა და ეჭვების დიდი ნაწილი სწორედ ამ პროცესს უკავშირდება და, როგორც "ჰიუმან რაიტს უოჩის" წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში გიორგი გოგია ეუბნება რადიო თავისუფლებას, სურათი არასახარბიელოდ გამოიყურება:
„ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ საქმის პირველ ინსტანციაში განხილვისას მოსამართლის დედასთან დაკავშირებით გამოვლინდა სავარაუდო ზეწოლის ფაქტი - დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა... კარგად გვახსოვს მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მენეჯმენტის ცვლილებასთან დაკავშირებით და გადაწყვეტილებაში პირდაპირ იყო აპელირება „რუსთავი 2“-ის კონტენტზე და, შესაბამისად, შესაძლებელი იყო ეს ცალსახად აღქმულიყო როგორც ჩარევა მედიის სარედაქციო პოლიტიკაში. ასევე, პრობლემა იყო ის, თუ როგორ წარიმართა განხილვა სააპელაციო სასამართლოში და როგორ მოხდა, თუნდაც, გადაწყვეტილების გადაცემა მხარისათვის. ასევე პრობლემა იყო ის, რომ ცხრა მოსამართლისგან შემდგარი დიდი პალატის მიერ, მხარეთა ჩართულობის გარეშე, დახურულ სხდომაზე ერთ დღეში იქნა მიღებული ამხელა საქმის გადაწყვეტილება - ასეთი ერთსულოვნება აჩენს კითხვის ნიშნებს“.
ნაციონალების დროინდელმა ერთმა მფლობელმა ნაციონალების დროინდელ მეორე მფლობელს ტელევიზია სასამართლოს ძალით დააბრუნებინა - ეგ გახდა თქვენი თავისუფლების პრობლემა?! სირცხვილია, როცა სრული თავისუფლების პირობებში ყვირიან, რომ იზღუდებიან რამეში...კახა კალაძე
პრობლემების ჩამოთვლისას გიორგი გოგია ასევე საგანგებოდ აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ, გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, რამდენიმე განცხადების თანახმად, მას ემუქრებოდნენ პირადი ხასიათის ინფორმაციის გამოქვეყნებით. ამასთან, პრობლემურად არის მიჩნეული ისიც, რომ სასამართლო პროცესის როგორც დაწყებამდე, ასევე მიმდინარეობისას, ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლები აკეთებდნენ განცხადებებს, რომლებითაც გმობდნენ „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკას ანდა ნეგატიურ დამოკიდებულებას გამოხატავდნენ.
"ჰიუმან რაიტს უოჩი" დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაეთანხმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დროებითი შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას, თუმცა აქვეა ხაზგასმული საჭიროება, რომ ხელისუფლებამ გამოიჩინოს კეთილი ნება და სტრასბურგის სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმის ბოლომდე გამოძიებამდე შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანია ყოფილ მფლობელს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს, მიეკუთვნა. „ჰიუმან რაიტს უოჩი“ თვლის, რომ „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა მიაყენებს სერიოზულ დარტყმას მედიის პლურალიზმს და, შესაძლოა, არსებითად შეზღუდოს წვდომა ოპოზიციის მოსაზრებებზე - ეს კი, არსებული ვალდებულებებიდან გამომდინარე, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას ევროსაბჭოს წევრმა საქართველომ.
მიუხედავად იმისა, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას საერთაშორისო მასშტაბის არაერთი შეშფოთება მოჰყვა და, მათ შორის, მაგალითად, შეშფოთება გამოხატა შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები პასუხს ძირითადად ადგილობრივ ოპონენტებს უბრუნებენ და მათ უსაფუძვლო ხმაურის ატეხაში ადანაშაულებენ. მიმდინარე მოვლენებს ვიდეობლოგით გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე. მან თქვა, რომ მედიის მდგომარეობა საქართველოში დამაკმაყოფილებელია, სიტუაცია „შფოთს არ იწვევს“, ხოლო ოპონენტები „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ემსახურებიან:
„ვინც ჩვენ გვეუბნება და გვიკიჟინებს, - ჩვენი შინაური ჟურნალისტები და ოპოზიცია მყავს მხედველობაში, - დავიჯერო, კოლექტიურად დაექვემდებარეთ ნაციონალების პროპაგანდისტულ ჰიპნოზს და დაიჯერეთ, რომ სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება?! ვისგან? რისგან? ნაციონალების დროინდელმა ერთმა მფლობელმა ნაციონალების დროინდელ მეორე მფლობელს ტელევიზია სასამართლოს ძალით დააბრუნებინა - ეგ გახდა თქვენი თავისუფლების პრობლემა?! სირცხვილია, როცა სრული თავისუფლების პირობებში ყვირიან, რომ იზღუდებიან რამეში“.
ბოლო დღეებში მსგავსი შინაარსის განცხადებები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გუნდიდან სხვა არაერთმა წარმომადგენელმა გააკეთა. როგორც, მაგალითად, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა აღნიშნა, „მიმდინარეობს რევანშისტული პოლიტიკური კამპანია, ბრძოლა ხელისუფლებისთვის, რომელსაც წარმართავს „ნაციონალური მოძრაობა“ და ამ ფონზე ვლინდება „მანიპულირების მცდელობა, როგორც ქართული საზოგადოების, ასევე ჩვენი უცხოელი მეგობრების შეცდომაში შეყვანის მიზნით“.
„გამოვთქვამთ შეშფოთებას იმის გამო, რომ ექცევა „ნაციონალების მოძრაობის“, მისი მემკვიდრეებისა და სატელიტების გავლენის ქვეშ და აქტიურად ერთვება რეალურად ანტიხალხურ და ანტიდემოკრატიულ პოლიტიკურ კამპანიაში... ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლო, ისევე როგორც ქართული სასამართლო, მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
ხოლო თუკი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მოვუსმენთ, ისინი ყველაფერს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასა და მათ მიერ არაფორმალურ მმართველად დასახელებულ ყოფილ პრემიერ-მინისტრს აბრალებენ. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დეპუტატი აკაკი მინაშვილი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედს გამოხატავს:
„’რუსთავი 2’-ისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გალაშქრება ეს არის ბრძოლა სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, ეს არის ბრძოლა საქართველოს მოქალაქეების ინტერესების წინააღმდეგ... ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ ევროპამ, ევროპულმა ინსტიტუტმა დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ ადამიანის უფლებებს, ქვეყნის ინტერესებს, მოქალაქეების ინტერესებს ვერავინ ვერ შეეხება - ვერ შეეხება ბიძინა ივანიშვილი“.
მედიაპლურალიზმის გადასარჩენად ძალების გაერთიანების აუცილებლობას ხედავენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიაორგანიზაციები და პოლიტიკური ოპოზიცია. გავიხსენოთ, რომ მათი საგანგებო საპროტესტო მიმართვები „რუსთავი 2“-ის იურისტებმა, სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, სტრასბურგის სასამართლოში გადაგზავნეს, იმისათვის რომ მიაღწიონ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების გახანგრძლივებას. სტრასბურგის გადაწყვეტილებას საქართველოში 8 მარტისთვის ელოდებიან.
სტრასბურგში გაგზავნილ მიმართვათა შინაარსის საერთო ხაზის მიხედვით, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული სამართლებრივი დავის პროცესში თავიდანვე ვლინდებოდა პოლიტიკური ზეგავლენის ღია ნიშნები, პროცესში იკვეთებოდა ხელისუფლების გარკვეული ინტერესები და ეს უზენაესი სასამართლოს ნაჩქარევმა განაჩენმაც დაადასტურა. ხელმომწერები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანად მიიჩნევენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ძალაში დატოვოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შეჩერება სტრასბურგში საქმის არსებით განხილვამდე. მესამე სექტორის მიმართვაზე ხელმომწერთა შორის არის „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაც“. როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, ერთიანი სურათი არასახარბიელოა და, „რუსთავი 2“-ის გარდა, ხელისუფლების ზეგავლენებთან დაკავშირებულ ეჭვებს სხვა ტელეკომპანიების გარშემო განვითარებული მოვლენებიც აჩენს:
„სულ ცოტა ხნის წინ, როგორც მოგეხსენებათ, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოებრივ მაუწყებელში პოტენციურად ყველა პროგრამის, მათ შორის, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი თოქშოუების და სხვადასხვა დისკუსიის სივრცეების შეჩერებისა და გაუქმების წინადადებამ. ამ ეტაპზე, ალბათ, საზოგადოების აქტიურობის შედეგად, ეს მცდელობა შენელდა, თუმცა ბოლომდე საფრთხე არ არის აღმოფხვრილი - სამომავლოდ გარკვეული ცვლილებები იგეგმება და, ალბათ, კიდევ გახდება საჭირო საზოგადოების ძალიან დიდი ჩართულობა... პარალელურად, ჩვენ ვხედავთ მედიაჰოლდინგების შექმნისა და გამსხვილების მცდელობას სხვა ტელეკომპანიებთან დაკავშირებით... ვფიქრობ, ამ ყველაფერს დიდ, ერთიან კონტექსტში უნდა შევხედოთ“.
როგორც ბოლო დღეებში არაერთხელ გამოჩნდა, ხელისუფლება მედიასივრცეში პრობლემებს ვერ ხედავს და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად ასახელებს, თუმცა, არსებული შეკითხვებისა და ეჭვების გაქარწყლების მიზნით, მაინც საჭიროდ მიიჩნევს მედიაომბუდსმენის საერთაშორისო ინსტიტუტის ამოქმედებას საქართველოში. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ 6 მარტს გახმაურებული ეს ინიციატივა იმავე დღეს მოიწონეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიაორგანიზაციები ახალ ინიციატივას ძირითადად სკეპტიკურად უყურებენ და თვლიან, რომ ეს არ არის გამოსავალი „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული რთული ვითარებიდან.