მეორე დღეა სოციალურ ქსელ ფეისბუკში ახალგაზრდების ინიციატივით აფხაზურად მისალმების აქცია, „მშიბზია“, მიმდინარეობს.
„მშიბზია“ აფხაზური სიტყვაა და ქართულად გამარჯობას, დღე მშვიდობისას ნიშნავს. მასში ჩართვის მსურველებს შეუძლიათ საკუთარ ფოტოზე გააკეთონ წარწერა „მშიბზია“ ან ასეთწარწერიანი პლაკატით გადაიღონ ფოტო და ატვირთონ ვებგვერდზე. ახალგაზრდების ჯგუფს, აქციის ფარგლებში, 8 000 მისალმების მოგროვება სურს, რადგან სწორედ ამდენი დღეა, რაც აფხაზებს არ მისალმებიან დანარჩენი საქართველოს მცხოვრებნი.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ბაჩო მებურიშვილის, განცხადებით, აფხაზეთთან მხოლოდ პოლიტიკური საუბრების დონეზე თუ სხვადასხვა ორგანიზაციის პროექტების ფარგლებში მყარდება ურთიერთობა, რაც საკმარისი არ არის. სწორედ ამიტომ ხუთმა ახალგაზრდამ, აფხაზებთან მეგობრული ურთიერთობის აღდგენის იმედით, სოციალური პროექტის განხორციელება გადაწყვიტა. ისინი ემიჯნებიან ყველა პოლიტიკურ სუბიექტს და არასამთავრობო ორგანიზაციას. ამბობენ, რომ იდეას საკუთარი მწირი ფინანსური რესურსით შეასხამენ ხორცს.
„8 000-ზე მეტი დღეა, ჩვენ არ მივსალმებივართ ერთმანეთს, წესიერად არ დავლაპარაკებივართ ერთმანეთს, არ გვილაპარაკია ჩვეულებრივად, მეზობლურად, მეგობრულად. არ მიგვიქცევია ერთმანეთისთვის ყურადღება. სულ რაღაც ომის გახსენებით, არგუმენტებით, ძველი შეცდომების გახსენებით ვლაპარაკობთ. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ეს 8 000-დღიანი სივრცე, სიცარიელე მისალმებით ამოგვევსო და შეგვეგროვებინა ეს 8 000 მისალმება“, - განაცხადა ბაჩო მებურიშვილმა.
ურთიერთობის მსგავსი ფორმით დაწყების მცდელობა მათ 2008 წელსაც ჰქონდათ, როცა აფხაზებს სოციალური ქსელის საშუალებით ახალი წელი მიულოცეს. ბაჩო მებურიშვილის თქმით, როგორც მოსალოდნელი იყო, გამოხმაურება იყო არაერთგვაროვანი - დადებითიც და უარყოფითიც.
„მაგრამ, როდესაც ხვდებიან, რომ არაფერს არ მოითხოვ მათგან და ხვდებიან, რომ მათთან, უბრალოდ, საუბარი გინდა, იცვლება განწყობა და სხვანაირი საუბარი იმართება ხოლმე“, - განმარტავს ის.
„მშიბზიასთვის“ სამზადისი ერთი წლის წინ დაიწყო. აქციის ფარგლებში უკვე 1000-ზე მეტი ფოტო მოგროვდა, რომელთა ნაწილი მომხმარებლებმა თავად ატვირთეს ვებგვერდსა ან ფეისბუკზე, ნაწილი კი თავად ორგანიზატორებმა გადაიღეს რეგიონებში მოგზაურობისას.
აფხაზებს საკუთარ ფოტოსთან ერთად მისალმება უკვე გაუგზავნა ზუგდიდელმა სალომე გარდავამ. ამბობს, რომ მისალმების კამპანიის შესახებ სოციალური ქსელის საშუალებით შეიტყო. თავდაპირველად დაინტერესდა ახალი, როგორც თავად უწოდებს, კრეატიული ვებგვერდით, შემდეგ სიტყვა „მშიბზიას“ მნიშვნელობაც გაიგო და აქციას სიამოვნებით შეუერთდა.
„ზოგადად, მივესალმები ისეთ ინიციატივას, რომელიც ორი არაუცხო ერის ერთმანეთთან დაახლოებას გულისხმობს და მიზნადაც ამას ისახავს. ხურჩაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ეს იყო, ალბათ, თვითონ მოსახლეობიდან წამოსული კარგი ინიციატივა. შესაძლოა ზოგიერთი ერი უფრო მტრული განწყობით ყოფილიყო, მაგრამ მე მიხარია, რომ არ არის ასეთი განწყობა და ჩვენ უფრო სასიამოვნოდ და მეგობრულად ვუდგებით ამ საქმეს“, - ამბობს სალომე გარდავა.
„მშიბზიას“ ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ აქციით გარკვეულ მიზანს უკვე მიაღწიეს. ბაჩო მებურიშვილის სიტყვებით, აფხაზები ალაპარაკდნენ, აქვთ შეკითხვები და მათთან კონტაქტზე გამოდიან.