გალში “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის” ჯგუფების მორიგი, 50-ე, შეხვედრა გაიმართა. თბილისის დელეგაციამ, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე ხელმძღვანელობს, რამდენიმე საკითხი დააყენა დღის წესრიგში. როგორც მან ჟურნალისტებს ენგურის ხიდთან განუცხადა, შერეულ შეხვედრას წინ უძღოდა გაეროს მიერ ორგანიზებული საინფორმაციო სესია კრიმინალთან ბრძოლის თემაზე, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ უცხოელი ექსპერტები.
რაც შეეხება შეხვედრას, როგორც კახაბერ ქემოკლიძემ განმარტა, მთავარ საკითხებს შორის იყო თბილისის უცვლელი მოთხოვნა 19 მაისს ადმინისტრაციულ საზღვართან მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის, რაშიდ კანჯიოღლის, დაკავება და ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეთანხმება ამ საკითხზე ვერც დღევანდელ შეხვედრაზე მოხერხდა, ისევე როგორც ქართველი პატიმრების გათავისუფლებაზე. შესაბამისი მოთხოვნის მიუხედავად, ამ დრომდე ოკუპირებული ტერიტორიის საპატიმროებში რჩებიან ბოლო სამი თვის განმავლობაში "საზღვრის" უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქეები.
„ასეთი რამდენიმე ქეისი იყო გამოსაყოფი, მაგალითად, ხვიჩა ლიპარტიასი, გიორგი კორსანტიასი, მანუჩარ წუშბაიასი, მამა-შვილი როგავების. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ისევე როგორც მთლიანად ცენტრალური მთავრობა, აქტიურად მუშაობს, რომ ეს ადამიანები უმოკლეს ვადებში იქნენ გათავისუფლებული უკანონო პატიმრობიდან“, - განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.
განვიხილეთ, რომ ინფორმაცია, რომელიც ცხელი ხაზის მიერ იქნება გაზიარებული, უნდა იყოს მაქსიმალურად ფაქტებზე დაფუძნებული და უნდა იყოს ძალიან დეტალიზებული...კახაბერ ქემოკლიძე
გალის შეხვედრაზე ისაუბრეს კიდევ ერთ მსჯავრდებულზე, კობა ოკუჯავაზე, რომელიც დე ფაქტო რეპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გასულ კვირაში დააკავეს. მას ბრალად ედება ადამიანის მკვლელობა და გატაცება. როგორც დე ფაქტო უწყების მიერ გასულ კვირაში გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, საუბარია 2000 წელს ჩადენილ დანაშაულზე, რომლის შემდეგაც ოკუჯავა იძებნებოდა. როგორც ქემოკლიძემ განაცხადა, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, დაკავებული გალის იზოლატორში იმყოფება.
თბილისის დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით, გარდა უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების საკითხისა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ცხელი ხაზის უფრო ეფექტურ მუშაობაზე მსჯელობას.
„განვიხილეთ, რომ ინფორმაცია, რომელიც ცხელი ხაზის მიერ იქნება გაზიარებული, უნდა იყოს მაქსიმალურად ფაქტებზე დაფუძნებული და უნდა იყოს ძალიან დეტალიზებული. შესაბამისად, ინფორმაციის გაცვლის მხრივ გარკვეული პრობლემები გასული თვის განმავლობაში შეიქმნა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ლაფსუსები იქნება აღმოფხვრილი“, - განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.
მორიგი შეხვედრა გალში 28 ნოემბერს ჩაინიშნა. „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმში“, ქართული, აფხაზური და რუსული მხარეების გარდა, ჩართულნი არიან ევროკავშირი, ეუთო და გაერო.