დე ფაქტო ხელისუფლებამ შეწყვიტა გიგა ოთხოზორიას მკვლელის სამართლებრივი დევნა

კახაბერ ქემოკლიძის შეხვედრა გიორგი ლუკავასა და როგავების ოჯახების წევრებთან

გალში თითქმის ხუთ საათს გასტანა „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ ფარგლებში მორიგმა შეხვედრამ. სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ენგურის ხიდზე განუცხადა, რომ ისაუბრეს იმ აქტუალურ საკითხებზე, რომლებზეც ყოველი შეხვედრისას ამახვილებენ ყურადღებას. მათ შორის იყო გასული წლის 19 მაისს ზუგდიდის სოფელ ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას საკითხი. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა თბილისის დელეგაციას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ-კანჯი ოღლიზე სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა. რადიო თავისუფლების კითხვაზე, თუ რას ნიშნავს კონკრეტულად ეს ფაქტი, ქემოკლიძემ განაცხადა:

Your browser doesn’t support HTML5

დე ფაქტო ხელისუფლებამ შეწყვიტა გიგა ოთხოზორიას მკვლელის სამართლებრივი დევნა

„მათ დაადასტურეს, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა კონკრეტული ადამიანის მიმართ ნიშნავს, რომ იგი აღარ იმყოფება ე.წ. შინაპატიმრობაში, რომელზეც მანამდე აცხადებდნენ და აცხადებდნენ ამ შეხვედრებში. ცენტრალური მთავრობა ამას აფასებს, როგორც უკიდურესად ცინიკურ გადაწყვეტილებას. დავამატებ იმას, რომ კანჯი ოღლი უკვე ჩასმულია წითელი ცირკულარით ძებნილთა სიაში. შესაბამისად, მას საერთაშორისო დონეზე დაწესებული აქვს გადაადგილების შეზღუდვები“.

კახაბერ ქემოკლიძის განმარტებით, ეს ის საკითხია, რომელზეც საუბარი გაგრძელდება არა მხოლოდ გალის შეხვედრებზე, არამედ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში.

დღეს ისაუბრეს სხვა საკითხებზეც. მათ შორის ერთ-ერთი იყო ხურჩაში ბორდერიზაციის პროცესი. ლაპარაკია გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ ხურჩაში რუსი სამხედროების მიერ ადგილობრივი მცხოვრებლების 2 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მითვისებაზე, რომლითაც უკვე ერთი თვეა მესაკუთრეები ვერ სარგებლობენ.

„ბორდერიზაციის პროცესზეც, მე დარწმუნებული ვარ, საქართველოს ცენტრალური მთავრობა ყველა დიპლომატიურ მექანიზმში გააგრძელებს მუშაობას, რათა მოხდეს ამ საკითხის წამოწევა. ვისაუბრეთ ასევე საოკუპაციო ხაზთან ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვით გამოწვეულ პრობლემებზე. ამ პრობლემის ერთ-ერთი კლასიკური ნეგატიური მაგალითი იყო მაისში დაფიქსირებული მაგალითი, როდესაც ერთ-ერთი ადგილობრივი ცდილობდა საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთას და დაიხრჩო მდინარე ენგურში. ჩვენ ეს მაგალითი ძალიან დეტალურად დავაყენეთ შეხვედრის მონაწილეებთან და დავაფიქსირეთ, რომ ეს სწორედაც საოკუპაციო ზოლზე გამშვები პუნქტების დახურვამ გამოიწვია. ასევე განვიხილეთ 9 მაისს საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ხვიჩა წყაროზიას საკითხი. ჩვენი ინფორმაციით, ის დაკავებულია ე. წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით და იმყოფება გალის ე. წ. იზოლატორში. მკაფიოდ დავაფიქსირეთ, რომ დაკავებები არის პირდაპირპროპორციულად ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა და აუცილებელია წყაროზიას გათავისუფლება“, - განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

ენგურის ხიდთან გალში შეხვედრის დასრულებას ელოდებოდნენ დრანდის ციხეში მყოფი გიორგი ლუკავას ცოლი, ლალი ბასარია, და 5 აპრილს საოკუპაციო ხაზის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული მამა-შვილი როგავების ოჯახის წევრები. გიორგი ლუკავას მეუღლემ სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს კვლავ მიმართა თხოვნით, დადგინდეს მისი ქმრის ზუსტი ადგილსამყოფელი და დააყენონ საკითხი გადმოცემის შეასახებ, რაზეც პასუხად მიიღო, რომ ცენტრალური ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს უკანონო პატიმრის გასათავისუფლებლად.

გიორგი ლუკავას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი პარტიზანულ დაჯგუფება „ტყის ძმებთან“ კავშირისა და ადამიანის მკვლელობის ბრალდებით. ცნობას არ ეთანხმება მისი ცოლი. ლალი ბასარიამ ჟურნალისტებთან საუბარში არაერთხელ განაცხადა, რომ გიორგი ლუკავას „ტყის ძმებში“ ერთი დღეც არ მიუღია მონაწილეობა. ცენტრალური ხელისუფლებისთვის გიორგი ლუკავას გადმოცემის საკითხი არაერთხელ დასვა ქართულმა დელეგაციამ გალის შერეულ შეხვედრაზე. პარალელურად იმავე მოთხოვნით აქციებს მართავდნენ დაკავებულის ოჯახის წევრები. პატიმრის ცოლი, ლალი ბასარია, ამჯერადაც უკმაყოფილოა მიღებული პასუხით:

ლალი ბასარია

„ტყვეებზე ესენი არ ლაპარაკობენ, როდესაც საზღვარზე გადადიან. ვითხოვ ჩემი მეუღლის გათავისუფლებას. მინდა ის ცოცხალი დაუბრუნდეს თავის ოჯახს და თავის შვილებს, რადგან ის არის უკანონო, უვადო პატიმარი და ის დაჭერილი არის როგორც ყოფილი მეომარი“.

კახაბერ ქემოკლიძის პასუხით ასევე უკმაყოფილო დარჩნენ საოკუპაციო ხაზთან აპრილის თვეში დაკავებული არჩიკო და პაატა როგავების ოჯახის წევრები. სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მათ უთხრა, რომ დღეს ამ საკითხზე საუბარი შედგა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომლებმაც კვლავ დაადასტურეს, რომ ეს ადამიანები იმყოფებიან წინასწარი დაკავების იზოლატორში.

„ეს კი გვითხრეს, მაგრამ არ შეეძლოთ იმ დროს მოეთხოვათ ან მამაჩემის, ან ჩემი ძმის ხელნაწერი წერილი, ან ტელეფონით დარეკვა მოეთხოვათ?“, - ამბობს არჩიკო როგავას შვილი, თინათინ როგავა. მისი განმარტებით, დაელოდებიან 5 ივნისს, წინასწარი პატიმრობის ვადის დასრულებას, და შემდგომ გადაწყვეტენ, როგორ იმოქმედონ მომავალში.

თავის მხრივ, სუსის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ყველაფერი კეთდება უკანონო პატიმრების გასათავისუფლებლად. ცენტრალური ხელისუფლება აპირებს მომავალშიც აქტიურად დააყენოს ეს საკითხები გალის შეხვედრაზე, რომელიც 28 ივნისს ჩაინიშნა.