გალელები ციტრუსის უხარისხო მოსავალს უჩივიან

სანაგვეზე გადაყრილი ციტრუსი

მავნებელმა მწერმა, აზიურმა ფაროსანამ, და მცენარეების სოკოვანმა დაავადებებმა, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, აფხაზეთის სოფლის მეურნეობასაც ზიანი მიაყენა. აქ, სიმინდისა და თხილის მსგავსად, ციტრუსის მოსავლის დიდი ნაწილიც უვარგისია.

მანდარინისა და ლიმონის განსაკუთრებით უხარისხო მოსავალია გალის ე. წ. დაბალ ზონაში, სამეგრელოს მოსაზღვრე სოფლებში.

ყველაფერი გაფუჭებულია, ხილი, ფეიხო... მანდარინის და ლიმონის სეზონია ახლა და ქვასავითაა, არ იჭმევა. ტყავს ვერ გააძრობ - როგორც ქვა, ისეა. ვის რად უნდა...

ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები რესპონდენტები, რომლებსაც ვინაობის დასახელება არ სურთ, რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო საუბარში აცხადებენ, რომ, თხილის მსგავსად, წელს ვერც ციტრუსის რეალიზაციას ახერხებენ, რაც სოფლის მოსავალზე დამოკიდებული გლეხის ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს:

„ნაყოფია წვრილი. ჩვენთან, დაბალი ზონის სოფლებში, ალბათ, ფაროსანას მიერაა ეს გაფუჭებული. არასდროს ყოფილა ასეთი. ძალიან წვრილი მარცვალია. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა იქეთ, მთისკენ“, - გვითხრა გალის სოფელ ოტობაიაში მცხოვრებმა მამაკაცმა.

„ყველაფერი გაფუჭებულია, ხილი, ფეიხო... მანდარინის და ლიმონის სეზონია ახლა და ქვასავითაა, არ იჭმევა. ტყავს ვერ გააძრობ - როგორც ქვა, ისეა. ვის რად უნდა. აქ რუსი იყო მოსული და ვუთხარი, რამდენიც გინდა წაიღე-თქო და ვის რად უნდა შენი ქვაო, მითხრა“, - ამბობს სოფელ ნაბაკევში მცხოვრები ქალი.

ვერტმფრენით შეიწამლა, მაგრამ არ არის საკმარისი. ჩემი აზრით, მიწიდან უნდა დაიწყოს შეწამვლა. აგრონომებიც ამას ამბობენ, მიწაა დაავადებული...

გალელების თქმით, მოსავლის გაფუჭება აზიურ ფაროსანასთან ერთად სოკოვანმა დაავადებებმაც გამოიწვია. რესპონდეტების ცნობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რამდენჯერმე შეიწამლა სასოფლო-სამეურნეო ყანები, თუმცა ჯერჯერობით დადებითი შედეგი არ არის. ისინი შიშობენ, რომ პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში ანალოგიური ან კიდევ უარესი მდგომარეობა იქნება მომავალ წლებში:

„ვერტმფრენით შეიწამლა, მაგრამ არ არის საკმარისი. ჩემი აზრით, მიწიდან უნდა დაიწყოს შეწამვლა. აგრონომებიც ამას ამბობენ, მიწაა დაავადებული“, - ამბობს ნაბაკეველი რესპონდენტი.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობაში ირწმუნებიან, რომ სოფლის მოსავლის გადარჩენის მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჰუმანიტარული დახმარების სახით გამოყოფილი რესურსით არაერთხელ შეიწამლა სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები. როგორც გამოცემა „სპუტნიკ-აფხაზიასთან“ ინტერვიუში დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, საამისოდ უკვე დაიხარჯა 8 მილიონი რუბლი. ვლადიმირ დაუროვის ცნობით, დაგეგმილია კიდევ დამატებითი ღონისძიებების ჩატარება:

„აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად შემოვიდა ჰუმანიტარული დახმარების მეორე ნაკადი. ეს არის, დაახლოებით, 2 500 ლიტრი შხამქიმიკატი და 2 500-მდე ფერომონი (მავნებლის მოსაზიდი ხაფანგი)“, - განაცხადა ვლადიმირ დაუროვმა. მისი ინფორმაციით, მიღებული მასალა სოფლებში დარიგდება და შეწამვლითი სამუშაოები გაზაფხულზე განახლდება.

მავნებელმა მწერმა, ე.წ. აზიურმა ფაროსანამ, და სოკოვანმა დაავადებებმა აფხაზეთთან ერთად წელს სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში თხილისა და სიმინდის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა. მიუხედავად იმისა, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სპეციალური ტექნიკის გამოყენებით არაერთხელ შეწამლა ფართობები, მოსავლის ნაწილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.