გაძლიერდება თუ არა აფხაზეთიდან საჰაერო კონტროლი

S-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთი სამხედრო ძალებს ზრდის. ამ ინფორმაციას 17 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც გამოეხმაურა. რას შეიძლება უკავშირდებოდეს რუსეთის ფედერაციის გეგმები ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო ძალების გაძლიერების თაობაზე?

Your browser doesn’t support HTML5

გაძლიერდება თუ არა აფხაზეთიდან საჰაერო კონტროლი

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაცია ზრდის სამხედრო ძალებს საქართველოში, კერძოდ კი, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე შეაქვს საზენიტო-სარაკეტო სისტემის დამატებითი საშუალებები, 15 მარტს გამოაქვეყნა საინფორმაციო ინტერნეტ-პორტალმა „Inform Napalm“-მა. როგორც მათ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, სადაზვერვო საქმიანობის შედეგად მიღებული ინფორმაციის თანახმად, საერთაშორისო სადაზვერვო საზოგადოება „InformNapalm“-ის მოხალისეებმა შეძლეს დაეფიქსირებინათ საზენიტო-სარაკეტო სისტემების S-300 აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეყვანის ფაქტი. სტატიას თან ერთვის ვიდეოკადრებიც. ირაკლი ალადაშვილი, სამხედრო ჟურნალ „არსენალის“ რედაქტორი, სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციამ მართლაც შეიყვანა დამატებით სამხედრო ტექნიკა:

„ბოლო ინფორმაციით, სარკინიგზო ეშელონით არანაკლებ რვა დანადგარი, კიდევ ერთი დივიზიონი შემოვიდა, სავარაუდოდ, აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელიც შეიძლება განთავსდეს სწორედ ოკუპირებული გალის რაიონში, უფრო ახლოს ფოთისა და ბათუმის პორტებთან“.

რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკა ორიენტირებული არის მშვიდობის უზრუნველყოფაზე, კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე და მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ფედერაცია იყოს შესაბამისობაში საერთაშორისო ნორმებთან, საერთაშორისო პრინციპებთან და ჩვენ, ჩვენი პარტნიორების და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, ყველაფერს გავაკეთებთ...
მიხეილ ჯანელიძე

ირაკლი ალადაშვილის თქმით, S-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა, არანაკლებ 16 დანადგარი, რუსეთის ფედერაციამ ოკუპირებულ აფხაზეთში შეიტანა ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ. მაშინ დანადგარები განთავსდა როგორც გუდაუთის, ისე აგუძერის მიდამოებში. ირაკლი ალადაშვილი რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო ძალების გაზრდის ორ მიზეზზე ამახვილებს ყურადღებას. პირველი: აღნიშნული სარაკეტო სისტემები მას შემდეგ გამოთავისუფლდა, რაც რუსეთის სამხრეთ ნაწილში და ყირიმის ნახევარკუნძულზე ისინი ჩაანაცვლა თანამედროვე, S-400 ტიპის, საზენიტო-სარაკეტო სისტემებმა, ძველი დანადგარები კი გადმოსროლილ იქნა ოკუპირებულ აფხაზეთში და, მეორე:

„რატომ სწორედ ახლა? რადგანაც ნატომ განაცხადა, რომ გააქტიურდება შავი ზღვის რეგიონშიც და, ასევე, საქართველოს ხელისუფლებამაც გამოთქვა სურვილი, რომ ფოთთან და ბათუმთამ მოხდეს სანაპირო დაცვის განთავსება, რუსეთმა წინასწარ გადაითამაშა და გამოაგზავნა ეს სისტემები, რომლებიც გააძლიერებენ საჰაერო სივრცის კონტროლს“.

მართალია, ნატოს შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიაში საქართველოს როლი ჯერჯერობით დაკონკრეტებული არ არის, მაგრამ ნატოს ლიდერებისა თუ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო ამ პროცესში ჩართული იქნება. მეტიც, საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას, განცხადებით, საქართველომ ნატოს წარუდგინა კონკრეტული წინადადებები, თუ რა ფორმით შეიძლება იყოს ჩართული საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების პრაქტიკულ ღონისძიებებში.

საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ გადადგმულ მორიგ ნაბიჯად აფასებენ ხელისუფლების წარმომადგენლები გავრცელებულ ინფორმაციას აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების შესახებ. ამ ინფორმაციას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრო მიხეილ ჯანელიძეც, რომელმაც ეს საკითხი თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოსთან ერთად განიხილა. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების საუბარი შეეხო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, 14 მარტის განკარგულებასაც, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან უნდა გაფორმდეს სამხედრო შეთანხმება, შეთანხმების ფარგლებში კი ცხინვალის სამხედრო შენაერთების ნაწილი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში უნდა გაერთიანდეს:

მიხეილ ჯანელიძე

„ჩვენ ვისაუბრეთ იმ ინფორმაციაზეც, რომელიც გავრცელდა სულ ახლახან აფხაზეთში საზენიტო-სარაკეტო სისტემების დამატებით შემოტანაზე. რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკა ორიენტირებული არის მშვიდობის უზრუნველყოფაზე, კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე და მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ფედერაცია იყოს შესაბამისობაში საერთაშორისო ნორმებთან, საერთაშორისო პრინციპებთან და ჩვენ, ჩვენი პარტნიორების და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო სამართლისა და პრინციპებისადმი პატივისცემა იყოს უზრუნველყოფილი“.

საერთაშორისო ბერკეტების ამოქმედებისაკენ მოუწოდებს ხელისუფლებას „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი ტუღუში და მთავრობას რუსეთთან წარმოებულ პოლიტიკას უწუნებს:

„რუსეთი არღვევს ყოველგვარ საერთაშორისო სამართლის ნორმებს. გარდა ამისა, აძლიერებს თავის სამხედრო წარმომადგენლობას. ეს არის კიდევ ერთი შედეგი ჟენევის ფორმატის დასუსტების და კარასინ-აბაშიძის ფორმატზე დაყრდნობის. ჩვენი ხელისუფლება, პირველ რიგში, უნდა გამოფხიზლდეს და საბოლოოდ მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ რუსეთთან ასეთი დამთბარი პოლიტიკა არანაირ შედეგს არ მოგვცემს. გარდა ამისა, ყველა საერთაშორისო ბერკეტი, რომელიც კი შეიძლება გამოვიყენოთ, რა თქმა უნდა, სასწრაფოდ უნდა იქნას ამოქმედებული“.

S-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა შორი მოქმედების სისტემაა, რომელსაც შეუძლია საჰაერო ობიექტების აღმოჩენა, დაახლოებით, 200 კილომეტრის რადიუსში და 150 კმ-ის რადიუსში მათი დაზიანება. ირაკლი ალადაშვილის თქმით, ამ ტიპის დანადგარებით სამხედროებს შეუძლიათ თითქმის მთელი დასავლეთ საქართველოს საჰაერო სივრცის გაკონტროლება, მით უმეტეს მაშინ, თუკი სისტემებს გადმოანაცვლებენ ოკუპირებული გალის რაიონში. თუმცა, როგორც სამხედრო ექსპერტი მიუთითებს, რუსეთს ამ ეტაპზე განსაკუთრებით აინტერესებს არა დასავლეთ საქართველოს საჰაერო სივრცის, არამედ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს უკეთ გაკონტროლება.