ყოფილი მებრძოლების სამშვიდობო რესურსი

ქეთი კობიაშვილი და რუსიკო მარშანია

გადაცემაში მოისმენთ აფხაზეთში ომში მებრძოლი ორი ყოფილი სამხედროს მონათხრობს. ეთნიკურად აფხაზი და ქართველი მებრძოლები იხსნებენ ომში და ომის შემდეგ მათთვის ყველაზე მძაფრ შთაბეჭდილებებს და, ამის მიუხედავად, უკვე დღევანდელი გადასახედიდან მიიჩნევენ, რომ ისინი სიძულვილისგან დაცლილები არიან. როგორ შეიძლება ყოფილი მებრძოლების გამოცდილებისა და რესურსის გამოყენება სამშვიდობო პროცესში - ამ და სხვა თემებზე საუბრობენ გადაცემის სტუმრები: ქეთი კობიაშვილი - ქართულ-აფხაზური სამშვიდობო დიალოგის მონაწილე, და რუსიკო მარშანია - „ბერგჰოფის ფონდის“ წარმომადგენელი, თავმჯდომარის მოადგილე არასამთავრობო ორგანიზაციისა „პირისპირ“.

Your browser doesn’t support HTML5

გადაკვეთის წერტილი

ამონარიდი ეთნიკურად აფხაზი ყოფილი მებრძოლის ინტერვიუდან : „დასრულდა ომი. აღადგინეს ჩვენი სკოლა - ჩემი მშობლიური სკოლა, რომელიც დავამთავრე მეც , მამაჩემმაც და ჩემმა ყველა მეგობარმა - და მანდვე დავიწყე მუშაობა. დღემდე იქ ვმუშაობ, როგორც მასწავლებლებზე ამბობენ, ბავშვებთან სინათლე, სიკეთე და ცოდნა მიმაქვს. არ ვიცი, რამდენად კარგად გამომდის, მაგრამ ასე ვცხოვრობთ, დღე დღეს მისდევს. საბედნიეროდ, ღმერთი ყოველთვის მწყალობდა, იმიტომ კი არა, რომ მე ისეთი ადამიანი ვარ, ვინც არასდროს არაფერს ნანობს. ღმერთი მწყალობდა და მომანიჭა იმის ბედნიერება, რომ არ მაქვს არაფერზე სინანულის მიზეზი. არ მოუცია ღმერთს ისეთი განსაცდელი, რომ მერე ეს მენანა. მენანებიან დაკარგული ძმები და მენანება ჩემი ცხოვრებიდან ამოგლეჯილი დრო, რომელიც ომს უკავშირდება. ის, რაზეც არასოდეს მინდა ლაპარაკი და ის, რაც ყოველთის მახსოვს, ეს ჩვენი ვერტმფრენია, - ბავშვებით, მოხუცებით, ქალებით სავსე, - რომელიც ჩემს საყვარელ სოფელ ლატაში1992 წლის 14 დეკემბერს ჩამოადგეს. საქმე ისაა, რომ მეორე ვერტმფრენში მე თვითონ ვიჯექი, ავადმყოფი. ტყვარჩელიდან, ასე ვთქვათ, დიდ მიწაზე- გუდაუთაში -მგზავნიდნენ. იყო ორი ვერტმფრენი, ერთი ჩამოაგდეს. მე ეს ვერტმფრენი ვნახე, უფრო სწორად, ის, რაც მისგან დარჩა - დამწვარი ბავშვები. დამიჯერეთ, ეს საშინელებაა, ეს საშინელებაა! ეს ერთადერთი რამ არის, რაზეც მე არ ვლაპარაკობ. მაგრამ ყველას ღმერთი განგვსჯის, ვნახოთ... ეს იყო ყველაზე საშინელი, რაც ჩემს ცხოვრებაში მინახავს, ამას არავის ვუსურვებ. ბავშვების დამწვარი ცხედრები... სიშავემდე. ამის მერეც კი ღმერთმა მომცა ძალა, არავინ მძულდეს, ამის მერეც კი. აი, ეს არის ერთადერთიი რამ, რაზე ლაპარაკიც არასდროს მინდა. მაგრამ ის, რითაც ვამაყობ? ვამაყობ იმით, რომ კარგ ხალხს ვიცნობდი, კარგ ხალხთან ვმეგობრობდი. ისევ ღვთის წყალობით, ცხოვრებაში მხოლოდ კარგი ხალხი მხვდება. არ ვიცი, როგორ მიტანენ, მაგრამ გამორჩეულად კეთილშობილი ადამიანები, რომლებისგანაც ყოველთვის სითბო და გარკვეული ხიბლი იგრძნობა, როგორც დიდი ღუმელიდან დიდი კოცონიდან მომდინარეობს სითბო, სწორედ ასეთივე ენერგიით სავსე ადამიანები, კეთილი, კარგი ენერგეტიკით სავსე ადამიანები და არ შემიძლია ამით არ ვიამაყო და ამისთვის მადლობა ღმერთს“.

ამონარიდი ქართველი ყოფილი მებრძოლის ინტერვიუდან: „ომიდან მალევე - რაღა მალე, 5 წლის შემდეგ - ერთ შეხვედრაზე დასწრება მომიხდა. ნალჩიკში იყო ექსკომბატანტების შეხვედრა. იქ აფხაზეთის წარმომადგენლები იყვნენ. ჩამოსულები იყვნენ აფხაზები. იყვნენ ისეთებიც, რომლებთანაც საერთო ენა ვერ გამოვნახეთ და იყვნენ ისეთებიც, ვისთანაც საერთოო ენა მოვძებნეთ და დღეს მე მათ პატივს ვცემ, მიუხედავად იმისა, რომ მებრძოდნენ და მეც მათ წინააღმდეგ ვიბრძოდი. მაგრამ ჩვენ ერთმანეთს სიმართლე ვუთხარით. დიახ, ვიბრძოდით ერთმანეთის წინააღმდეგ, მაგრაც ჩვენ არ ჩაგვიდენია ის, რასაც ბოროტმოქმედება ჰქვია. ჩვენ ვომობდით. არ ვქურდობდით, არ ვკლავდით და არ ვძარცვავდით, არ ვძალადობდით და ა.შ. უბრალოდ, ვიბრძოდით ჩვენი სიმართლისთვის. იცით, ჩვენთვის მარტივი იყო ერთმანეთის გაგება. არ ვიცი, უნდა ვთქვა თუ არა, ეს ადამიანი მერე აქაც ჩამოვიდა, თბილისში, და გაკვირვებული იყო, რომ მართლა ასეა, რომ აფხაზებს აქ თავს არავინ ესხმისო? ეს გრძნობა 27 სექტემბრიდან მაქვს. შეიძლება ითქვას, მაშინ გამომეღვიძა იმ თვალსაზრისით, რომ მე აფხაზმა გადამარჩინა, - ის აფხაზი რომ არა, ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი, - შემთხვევითმა აფხაზმა. მაგრამ ჩვენ ერთი რამ ვიცოდით. ჩვენ ვიცნობდით ჩვენს ქალაქს, ისიც სოხუმელი იყო, იქ დაბადებული, გაზრდილი, და როცა გამოველაპარაკეთ, თვითონ მითხრა, „კიდევ კარგი, მე შეგნიშნე, თორემ აქ ისეთი ხალხი დადის და ჩვენს მერეც აქ ისეთი ხალხი მოვა, ადამიანს კი არა, ძაღლებს არ დატოვებენ ცოცხლადო“, და გამომიყვანა, თორემ ჩემს ძვალსაც ვერავინ იპოვიდა. მომკლავდნენ, ალბათ დამხვრეტთნენ. ღმერთს ამას ვევედრები, რომ იმის ძალა მომცეს, რომ ნებისმიერი ადამიანი გადავარჩინო საშინელებისგან, იმიტომ კი არა, რომ მერე ვიარო და ვიტრაბახო. უბრალოდ, ეს მესიამოვნება. დარწმუნებული ვარ, იმ კაცსაც ესიამოვნა, რომ გადამარჩინა, იმიტომ რომ სიკეთე გააკეთა და ღმერთი ამას ხედავს. დანარჩენი ყველაფერი სისულელეა. დანარჩენი წვრილმანებია“.

გადაცემა „გადაკვეთის წერტილი“ მომზადებულია „ბერგჰოფის ფონდთან“ თანამშრომლობით. გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია „ბერგჰოფის ფონდი“ კონფლიქტოლოგიისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე მუშაობს. გადაცემას ნინო ხარაძე უძღვება რადიო თვისუფლების თბილისის სტუდიაში.