გადაყრილი ხილ-ბოსტნეული

ფერმერთა მომსახურების ცენტრი გორში

გორი-ცხინვალის ავტომაგისტრალის გასწვრივ, მდინარე ლიახვის კალაპოტში, მოსახლეობა გაფუჭებულ კომბოსტოს ყრის, ამ კომბოსტოს კი სოფლის ნახირი ჭამს. დიდი წვალების შემდეგ გლეხებმა შარშან კომბოსტოს უკეთესი მოსავალი მოიყვანეს და სარდაფებში შეინახეს, მაგრამ გასაღების ბაზარი ვეღარ მოძებნეს და ახლა სარდაფებიდან უკვე ნაგავში ყრიან. მოსავლის მოსაყვანად ბევრმა ადამიანმა ბანკიდან სესხიც აიღო და ახლა ახალ მოსავალს უცდის, რომ ვალი დაფაროს. ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფლები ჯერ უწყლობას უჩიოდნენ და სამი წლის განმავლობაში მიწის ნაკვეთები თითქმის მთლიანად გადახმა. ვინც მცირეოდენი მოსავალი მოიყვანა, რეალიზაცია გაუხდა პრობლემად. სოფელ ტირძნისში ვერც ვაშლი გაყიდეს. ახლა ვაშლიც სარდაფებიდან ამოაქვთ და რამდენიმე თეთრად ხილის გადამამუშავებელ ქარხნებს აბარებენ.

გაძვირებული შხამ-ქიმიკატები, სეტყვა და ყინვა, სარწყავი წყლის უქონლობა, მოსავლის რეალიზაციის პრობლემა ადგილობრივი გლეხების სოციალურ მდგომარეობას სულ უფრო აუარესებს. რამდენიმე დღის წინ გორის რაიონში საქართველოს პრეზიდენტი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. სააკაშვილის ეს ვიზიტი მხოლოდ მისი პრესსამსახურის ვიდეოკამერამ გადაიღო. ერთ მომენტში სოფელ ფხვენისის მცხოვრები ეკა კახნიაშვილი პრეზიდენტს ხილ-ბოსტნეულის რეალიზაციის პრობლემაზე ესაუბრება, მაგრამ გადაღებულ მასალაში პრეზიდენტის პასუხი უკვე აღარ ისმის.

აგვისტოს ომამდე კონფლიქტის ზონის სოფლებში ხილის რეალიზაცია პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან თვითონ ფერმერებს ან ადგილზე მისულ გადამყიდველებს ხილი რუსეთის ბაზრებზე გაჰქონდათ. ამ ზონაში ყველაზე დიდი სავაჭრო ადგილი ერგნეთის ბაზრობა იყო, მაგრამ კონტრაბანდული ბაზრის დაკეტვამ როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებიც დააზარალა.

კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანები სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის მომხრენი არიან. მათი აზრით, რუსეთის ბაზარი ქართული ხილის რეალიზაციისთვის თუ ისევ გაიხსნა, ომის შედეგად დაზარალებული სოფლების ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა გამოსწორდება.