აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ ენგურის ხიდზე მოძრავი ოთხთვალა ურმები „ქვეყნის“ იმიჯზე უარყოფითად აისახება. „გალ ტვ“ იუწყება, რომ ეს საკითხი გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის თათბირზე თანამშრომელმა ბეჟან უბირიამ წამოჭრა. მისი სიტყვებით, გადაადგილებისთვის ცხენზე მიბმული ოთხთვალას გამოყენება უარყოფითი ფაქტია, მით უფრო მაშინ, როცა დე ფაქტო ხელისუფლებამ დიდი რესურსი მოახმარა ე.წ. ცენტრალური საკონტროლო გამშვები პუნქტის, „ენგურის“, ინფრასტრუქტურის მოწყობას, იქამდე მისასვლელი გზების მშენებლობას და ავტობუსის გამოყოფას.
Your browser doesn’t support HTML5
ტელეკომპანია არ ავრცელებს დამატებით ცნობას, თუ როგორ განვითარდა მსჯელობა და რა მოსაზრებები გამოითქვა, თუმცა მოსახლეობის ნაწილისთვის უკვე ცნობილი გახდა, რომ შეიძლება ოთხთვალა ტრანსპორტის მიკროავტობუსებით ჩანაცვლების საკითხი დაისვას. როგორც რადიო თავისუფლებას გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში მცხოვრებმა რესპონდენტმა სატელეფონო საუბარში განუცხადა, შესაძლოა ახალი სატრანსპორტო ხაზი დაწესდეს ზუგდიდის ავტოსადგურიდან ენგურის ხიდის ბოლომდე, ე.წ. აფხაზურ საგუშაგომდე:
„ასე უთქვამთ, ეს არისო ნამდვილი სირცხვილი ოცდამეერთე საუკუნეში, ოთხთვალათი რომ გადმოყავთო ხალხი. ჩხოუშის ავტოსადგური რომ არის, იქედან დაუშვებენო აქ, სულ პოსტამდე „მარშრუტკებს“. ისე მართლა სირცხვილია, მეთვრამეტე საუკუნეში ვართ ჩარჩენილი“, - განაცხადა რესპონდენტმა, რომელსაც ვინაობის დასახელება უსაფრთხოების დაცვის მიზნით არ სურს.
მსგავს ინიციატივას მიესალმებიან გალელები, რომლებსაც დანარჩენ საქართველოში გადმოსასვლელად ყოველდღიურად უწევთ ენგურის ხიდის გავლა. მგზავრები, რომლებიც ზუგდიდის ბაზარში სხვადასხვა სურსათით, საოჯახო ინვენტარითა და ავეჯით იტვირთებიან, კერძო ტაქსით ან სამგზავრო მიკროავტობუსით სარგებლობენ. პირდაპირი რეისი, რომელიც მათ ე.წ. აფხაზურ საგუშაგომდე მიიყვანს, არ არსებობს.
ტრანსპორტს მგზავრები ჯერ ქალაქიდან 5 კილომეტრის დაშორებით, სოფელ რუხში ჩაჰყავს, ეს კი ერთი გზა 2-დან, დაახლოებით, 7 ლარამდე ჯდება. რუხში მოქალაქეებს მეორე ტრანსპორტით - ოთხთვალა ურმებით - უწევთ სარგებლობა, სადაც მგზავრის გადაყვანის საფასური ერთი ლარია, ამდენივე ღირს ერთი ჩანთის გადატანა და კიდევ უფრო მეტი - ავეჯის თუ სხვა ინვენტარის. ასეთ შემთხვევაში საფასურს ურმის მფლობელი თავად განსაზღვრავს.
ენგურის ხიდზე უკვე მეორე წელია მუშაობს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ინიციატივით დაწესებული უფასო მიკროავტობუსი, თუმცა ის მგზავრთა დიდ ნაკადს ვერ აკმაყოფილებს. შედეგად, გადაადგილების ძირითად საშუალებად კვლავ ოთხთვალა რჩება.
„ეს კარგი იქნება. ცოტა ამოისუნთქავს ხალხი. ოცდამეერთე საუკუნეში ვის გაუგონია ცხენით და ურიკით სიარული?! მთავრობა არაფერში ხელს არ გვიწყობს და დავდივართ, დავჩანჩალებთ“;
„ნებისმიერი პატარა ჩანთა ლარი ღირს, ადამიანიც - ლარი. ამ მაგიდის გადატანაში 5 ლარს ითხოვენ. მერე იქაც გადასახდელია და, მოკლედ, ორმაგი ხარჯი გვიწევს“;
„ჩემი სურვილი ის არის, რომ იქ მცხოვრები ხალხისთვის რამე უფრო კომფორტული იყოს, თუნდაც ამ მოკლე მანძილზე. რაც არ უნდა დატვირთული ვიყო, იქ არ ავდივარ, იმიტომ რომ ეს წლები ხალხი იყო ცივილიზებულ ცხოვრებაში და ჩვენ დავდიოდით ცხენებით. არის მიკროავტობუსი, მაგრამ არაა საკმარისი. დაიტვირთა და ფეხით მოვდივარ, მოხუცს დავუთმე გზა, მერჩივნა ის უფრო კომფორტულად წამოსულიყო“, - ამბობენ მგზავრები.
რადიო თავისუფლების კითხვაზე, მსგავსი ინიციატივის ოფიციალურად დაყენების შემთხვევაში, ითანამშრომლებენ თუ არა დე ფაქტო მთავრობასთან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ „ცენტრალური ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი არის, მოქალაქეებს არ შეეზღუდოთ თავისუფლად გადაადგილების უფლება და ყველა ადამიანის უფლებები იყოს დაცული“.
მას შემდეგ, რაც დე ფაქტო მთავრობამ საოკუპაციო ხაზთან ე.წ. საკონტროლო გამშვები პუნქტები დახურა, აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში გადმოსასვლელ მთავარ გზად ენგურის ხიდი დარჩა, რომელიც ზუგდიდის სოფელ რუხს ოკუპირებულ ჭუბურხინჯთან აკავშირებს.