ქალთა როლი მშვიდობის მშენებლობაში, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე; გენდერული და კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება ქართულ მედიაში - ეს საკითხები იყო ჟურნალისტებისა და ამ სფეროს სპეციალისტების სასაუბრო თემა შეხვედრაზე, რომელიც ქობულეთში გაიმართა. ტრენინგის ორგანიზატორი იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციის თბილისის ოფისი, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან პარტნიორობით. გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის მენეჯერი თამარ თავართქილაძე ამბობს, რომ გაეროს სააგენტოსთვის მედიასთან პარტნიორობა პრიორიტეტულია. მისი თქმით, კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების საკითხებთან დაკავშირებით რეგიონალური მედია უფრო აქტიურობს.
შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, რომელმაც მშვიდობის მშენებლობის ხედვასა და სტრატეგიაზე ისაუბრა. მისი აზრით, პროცესი დინამიკურია და მედია მუდმივად საქმის კურსში უნდა იყოს.
საზოგადოებრივი რადიოს ჟურნალისტი მედეა იმერლიშვილი მიიჩნევს, რომ ასეთი სახის შეხვედრები და ტრენინგები კონკრეტულ საკითხებში ჟურნალისტების ინფორმირებულობის ამაღლებას ხელს უწყობს.
მედია - მშვიდობის მშენებელი თუ შუღლის გამღვივებელი, სტერეოტიპებისა და სიძულვილის ენის მტირაჟირებელი თუ ეთიკურად და პროფესიულად გამართული - ამ საკითხებზე მედიის სპეციალისტმა ზვიად ქორიძემ დიდხანს ისაუბრა. მისი აზრით, ქართული მედია დღეს უფრო გაბრაზებულია, რადგან ხელისუფლების, პოლიტიკისა და რელიგიისგან დამოუკიდებლობა ვერ მოიპოვა. ასეთი მედია კი მშვიდობის მშენებელი ვერ იქნება. მისი აზრით, მხოლოდ თავისუფალ მედიას შეუძლია ჩაერთოს კონფლიქტის მოგვარებასა და სამშვიდობო პროცესში.
ტრენინგის ფარგლებში ნაჩვენები იყო ფილმი სამი ბლოგერის შესახებ, რომლებიც კუბაში, ირანსა და ჩინეთში, დიდი ტკივილისა და დაბრკოლებების მიუხედავად, ცდილობენ გარემო უკეთესობისკენ შეცვალონ, ებრძვიან რეჟიმებს, ამსხვრევენ სტერეოტიპებს და აფხიზლებენ საზოგადოებას. ქობულეთის შეხვედრაზე არაერთხელ ითქვა, რომ ქართულმა მედიამ დროა ხელი შეუწყოს სამოქალაქო ღირებულებათა დამკვიდრებას და ამ გზით შეცვალოს საზოგადოებრივი განწყობები.