ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“/Freedom House აქვეყნებს თავის ყოველწლიურ ანგარიშს „ქვეყნები გარდამავალ პროცესში“/Nations in Transit, რომელშიც წერს, რომ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სულ უფრო მეტ ლიდერს უკვე თავიც კი აღარ მოაქვს დემოკრატიის წესებით მოთამაშედ. „ისინი ღიად ესხმიან თავს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და მუშაობენ ინდივიდუალური თავისუფლებების შესაზღუდად“.
დემოკრატიაზე ამგვარი თავდასხმები, ვკითხულობთ ანგარიშში, გამოიხატა დემოკრატიის დრამატულ შესუსტებაში მთელი ცენტრალური ევროპის, ბალკანეთისა და ევრაზიის მასშტაბით, რამაც ოთხ ქვეყანას კლასიფიკაციაც კი შეუცვალა. პოლონეთი გამოვიდა კონსოლიდირებული დემოკრატიების კატეგორიიდან და ნახევრად კონსოლიდირებულ დემოკრატიად დასახელდა, ხოლო უნგრეთი, სერბია და მონტენეგრო საერთოდ გამოეთიშნენ დემოკრატიების კატეგორიას და გარდამავალ/ჰიბრიდულ რეჟიმებად განიხილებიან.
დადგა დრო ევროპის იმ ლიდერებმა, რომლებიც თავისუფლების ერთგულნი არიან, ყურადღება მიაქციონ კრიზისს თავიანთ სამეზობლოში...მაიკლ ჯეი აბრამოვიცი
„ფრიდომ ჰაუსი“ ამ ანგარიშს უკვე 25 წელიწადია აქვეყნებს და წელს დემოკრატიებად შეფასებული ქვეყნების რაოდენობა ყველაზე მცირეა. „29 შეფასებული ქვეყნიდან 10 შეფასდა როგორც დემოკრატია, 10 - როგორც ჰიბრიდული რეჟიმი, 9 - როგორც ავტორიტარული რეჟიმი. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჰიბრიდული რეჟიმების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა, ხოლო დემოკრატიათა რიცხვი ერთი მესამედით შემცირდა“, - წერს „ფრიდომ ჰაუსი“.
„რეგიონში ბევრ ლიდერს თავიც კი აღარ მოაქვს, თითქოს დემოკრატიაზე ან კანონის უზენაესობაზე ზრუნავდეს“, - ამბობს მაიკლ ჯეი აბრამოვიცი, „ფრიდომ ჰაუსის“ პრეზიდენტი, და დასძენს: „დადგა დრო ევროპის იმ ლიდერებმა, რომლებიც თავისუფლების ერთგულნი არიან, ყურადღება მიაქციონ კრიზისს თავიანთ სამეზობლოში. უმნიშვნელოვანესი როლი აქვს შესასრულებელი შეერთებულ შტატებსაც, რომელიც უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიული ღირებულებების დამცველ საგარეო პოლიტიკას“.
ასევე ნახეთ უნგრეთში განუსაზღვრელი ვადით გრძელდება მკაცრი საკარანტინო ზომები“კორონავირუსის კრიზისმა შექმნა ვითარება ცვლილებისთვის, რომლის შემდეგაც სიტუაცია შეიძლება ბევრად გაუარესდეს, ან, პირიქით, დემოკრატია გამოცოცხლდეს“, - ამბობს აბრამოვიცი და დასძენს: „ვიმედოვნებთ, რომ ეს გამოცდილება ხაზს გაუსვამს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის მნიშვნელობას და ბიძგს მისცემს ახალ მოთხოვნებს ცვლილებისთვის“.
საქართველო „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში
საქართველო კვლავ რჩება „გარდამავალი მთავრობების/ჰიბრიდული რეჟიმების“ მქონე ქვეყნების კატეგორიაში. შკალაზე, რომელზეც 1.00-დან 2.00-მდე ქულა კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმს ნიშნავს, ხოლო 5:01-დან 7:00-მდე ქულა - კონსოლიდირებულ დემოკრატიას, საქართველოს მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, ოდნავ გაუარესებულია და 3.29 ქულიდან 3.25 ქულას შეადგენს.
სასამართლო სისტემა დიდი ხანია იწვევს დაძაბულობას საქართველოს პოლარიზებულ პოლიტიკაში, თუმცა 2019 წელს და 2020 წლის დასაწყისში განურჩეველმა დაპატიმრებებმა და კამათის საგნად ქცეულმა რამდენიმე სასამართლო პროცესმა კიდევ უფრო გააუარესა ისედაც დაძაბული ვითარება...Freedom House
განსაკუთრებით შემაშფოთებელ ტენდენციად გამოყოფილია სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის ხელყოფის მხრივ გაუარესებული ვითარება.
„მთავრობები სასამართლოებს აკომპლექტებენ თავიანთი ერთგული ფიგურებით, იღებენ შემზღუდველ კანონებს, რომლებიც აუქმებს სასამართლოს დამოუკიდებლობას და, ზოგ შემთხვევაში, აწარმოებენ დევნას ცალკეული მოსამართლეების მიმართ“, - ვკითხულობთ ანგარიშში, სადაც აღნიშნულია, რომ სწორედ სასამართლოს დამოუკიდებლობის დამძიმებამ გამოიწვია ყველაზე მეტი ქვეყნის მაჩვენებლის გაუარესება, რამაც ექვსი სახელმწიფო მოიცვა - ჩეხეთი, საქართველო, ლატვია, მონტენეგრო, პოლონეთი და სლოვაკეთი.
“სასამართლო სისტემა დიდი ხანია იწვევს დაძაბულობას საქართველოს პოლარიზებულ პოლიტიკაში, თუმცა 2019 წელს და 2020 წლის დასაწყისში განურჩეველმა დაპატიმრებებმა და კამათის საგნად ქცეულმა რამდენიმე სასამართლო პროცესმა კიდევ უფრო გააუარესა ისედაც დაძაბული ვითარება. პოლიტიკის სფეროში ახლად შესულ ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძეს ფულის გათეთრების ბრალდება წაუყენეს მაშინვე, როგორც კი მან პოლიტიკური მოძრაობის დაარსება გამოაცხადა, უფრო მეტი სტაჟის მქონე ოპოზიციის ლიდერს კი 38 თვით მიუსაჯეს პატიმრობა განახლებულ საქმეში, რომელიც მოიცავს საბიუჯეტო თანხების არასწორად დახარჯვის ბრალდებას. იმის ავისმომასწაველებელ ნიშნად, რომ ამგვარი ინციდენტები არ იქნება შემოფარგლული მხოლოდ სასამართლოს ქვედა ინსტანციებით, პარლამენტში მმართველმა უმრავლესობამ უზენაეს სასამართლოში უვადოდ მიავლინა 14 ახალი მოსამართლე, ‘უაღრესად დისფუნქციური და არაპროფესიული’ დანიშვნის პროცესის შედეგად“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
ოპოზიციური ბლოკის პარლამენტარებმა დატოვეს პარლამენტი მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ უკან დაიხია თავისი დაპირებისგან, რომ ქვეყანას სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადაიყვანდა...Freedom House
საქართველო ასევე ნახსენებია საპარლამენტო ბოიკოტის ჭრილში - ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „ოპოზიციური პარტიების მხრიდან სრული ან ნაწილობრივი ბოიკოტის გამოცხადებამ ალბანეთში, ბულგარეთში, საქართველოში, მონტენეგროსა და სერბიაში შეაფერხა პარლამენტების მუშაობა და მიანიშნა სამართლიანობისა და ლეგიტიმურობის ნაკლებობაზე“.
„2020 წლის თებერვალში საქართველოს ყველა ოპოზიციური ბლოკის პარლამენტარებმა დატოვეს პარლამენტი მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ უკან დაიხია თავისი დაპირებისგან, რომ ქვეყანას სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადაიყვანდა. რომ შემოღებულიყო, ეს სისტემა შეამცირებდა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, შანსებს წელს კიდევ ერთხელ გაემარჯვა საპარლამენტო არჩევნებში“, - წერს „ფრიდომ ჰაუსი“ და დასძენს, რომ კრიზისი განიმუხტა მხოლოდ მარტში, როცა საქმეში ჩაერივნენ ევროპელი და აშშ-ის დიპლომატები და ხელი შეუწყვეს შეთანხმების მიღწევას ქვეყნის შერეულ საარჩევნო სისტემაზე გადაყვანის შესახებ.
ასევე ნახეთ ვინ გააფრთხილებს პარტნიორებს?საქართველოზე საუბარია აგრეთვე მოსამართლეების მიმართ ცილისმწამებლური კამპანიებისა და თავდასხმების კონტექსტშიც: 2019 და ადრეულ 2020 წლებში პოლიტიკოსები ძირს უთხრიდნენ სასამართლოს დამოუკიდებლობას და კანონის უზენაესობას ... რამაც გამოიწვია მაჩვენებლების გაუარესება ჩეხეთისთვის, საქართველოსთვის, ლატვიისთვის, მონტენეგროსთვის, პოლონეთისა და სლოვაკეთისთვის“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
კოდევ ერთი კონტექსტი, რომელშიც „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიში საქართველოს ახსენებს, ეხება ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი ექსტრემისტული ჯგუფების მომძლავრებას, საქართველოს გარდა, ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთში, ბულგარეთში, უკრაინასა და სომხეთში. „ეს ჯგუფები და მათი ქსენოფობიური მესიჯები შესაძლოა ახალი არ არის, მაგრამ მათ აჩვენეს საზღვართშორისი თანამშრომლობის ახალი დონე და მიიზიდეს მზარდი მხარდაჭერა თავიანთი ამერიკელი და დასავლეთევროპელი თანამოაზრეებისგან“, - წერს „ფრიდომ ჰაუსი“ თავის ანგარიშში.