უკუსვლა და პროგრესი „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში

"ფრიდომ ჰაუსი": თავისუფლების რუკა

უფლებადამცავ ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ თანახმად, რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი და აზერბაიჯანი იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებმაც 2013 წლის განმავლობაში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების დაცვის მიმართულებით სერიოზული უკუსვლა განიცადეს. „ფრიდომ ჰაუსის“ დასკვნის მიხედვით, ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოსა და მოლდავეთში პროგრესი შეინიშნება.

„თავისუფლება მსოფლიოში 2014 წელს“- ანგარიშში, რომელიც „ფრიდომ ჰაუსმა“ ხუთშაბათს გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ 2013 წელი უფლებებისა და თავისუფლებების გაუარესების მერვე წელია, რაც, თავის მხრივ, არის ყველაზე გრძელი პერიოდი ანგარიშების 41 წლიან ისტორიაში.

ანგარიშის თანახმად, რუსეთში გამოკვეთილი ანტიდემოკრატიული ტენდენციები იგრძნობა როგორც ქვეყნის გარეთ, ისე მის შიგნით. კერძოდ, ქვეყნის შიგნით გაუარესებაა ლგბტ და ეროვნული უმცირესობების მიმართ დამოკიდებულების თვალსაზრისით. ამას გარდა, გაძლიერებულია სახელმწიფო კონტროლი მედიაზე.

ქვეყნის გარეთ კი ანგარიში განსაკუთრებით გამოყოფს რუსეთის მიერ მეზობლების, კერძოდ, უკრაინისა და სომხეთის წინააღმდეგ ჩატარებულ „დაშინების კამპანიას“, ევროკავშირთან მჭიდრო კავშირის დამყარებისათვის ხელის შეშლის მიზნით. ანგარიშში საუბარია ასევე რუსეთის მიერ განხორციელებულ ისეთ ოპორტუნისტულ მანევრებზე, როგორიცაა სირიის ქიმიური იარაღის შეთანხმებისათვის მხარდაჭერა და ფინანსირება, დროებითი თავშესაფრის მიცემა ედუარდ სნოუდენისთვის და სხვ.

„ფრიდომ ჰაუსის“ ვიცე-პრეზიდენტის არჩ პადინგტონის თანახმად, რუსეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტარული ქვეყანაა. ანგარიშში ხაზგასმულია ასევე დემოკრატიის მდგომარეობის გაუარესება უკრაინაში, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობის პირობებში. არჩ პადინგტონი, გამოხატავს რა შეშფოთებას უკრაინაში პოლიციასა და ანტისამთავრობო დემონსტრანტებს შორის ძალადობის ფაქტების გამო, ფიქრობს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძალადობის დასაგმობად უფრო ენერგიულ ზომებს უნდა მიმართოს:

“ჩვენ ძალიან ვღელავთ უკრაინის გამო, სადაც მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში იანუკოვიჩი მოვიდა, მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. გაუარესებაა წელსაც. ჩვენ ძალიან ვღელავთ იმის გამოც, რაც ახლა ხდება უკრაინაში. შეწუხებულნი ვართ იმის გამოც, რომ უკრაინის მთავრობის პოლიტიკის მიმართ პროტესტის გამოსახატავად ამერიკის მთავრობა სათანადოდ აგრესიული ვერ აღმოჩნდა“.

მსოფლიოში დემოკრატიული უფლებების დამრღვევ, ეგრეთ წოდებულ „უარესთა შორის უარეს“ ათ მთავრობას შორის „ფრიდომ ჰაუსის“ ჩამონათვალში აღმოჩნდნენ თურქმენეთისა და უზბეკეთის მთავრობები. ბელორუსიას, ამ თვალსაზრისით, მცირედით უკეთესი მაჩვენებელი აქვს.

პადინგტონი მოუწოდებს დასავლეთს, უარი თქვას ცენტრალურ აზიაში თავის ეკონომიკურ და სტრატეგიულ ინტერესებზე და მეტი ყურადღება მიაქციოს დემოკრატიული სტანდარტების გაუმჯობესებას:

“უზბეკეთს, თურქმენეთს, ყაზახეთსა და ტაჯიკეთს ასევე ძალიან დაბალი მაჩვენებლები აქვთ. ცენტრალური აზია კიდევ ერთხელ ადასტურებს სლოგანს, რომ ენერგორესურსებით მდიდარი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყნებისთვის ერთი სტანდარტი არსებობს, ყველა დანარჩენისთვის კი - მეორე. ცენტრალურ აზიაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო რეპრესიული რეჟიმები არსებობენ და ამ რეჟიმებს ყურადღებას არ აქცევენ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი“.

„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის „თავისუფლება მსოფლიოს 2014 წელს“ მიხედვით, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველო იმ ქვეყნების რიგში აღმოჩნდა, სადაც პროგრესი აღინიშნება. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის ალეკო ცქიტიშვილის აზრით, შეფასება ლოგიკურია და პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების მიმართულებით ვითარება საქართველოში, მართლაც, გაუმჯობესებულია, თუმცა არის უარყოფითი ტენდენციებიც:

„ზოგადად, ის, რომ იყო ახალი გამოწვევები, დაფიქსირდა იგივე უმცირესობების კუთხით პრობლემები - იქნებოდა ეს რელიგიური უმცირესობები თუ ლგბტ ჯგუფების უფლებების დარღვევები. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, უფრო გამოიკვეთა, რომ მეტი სამუშაო ექნება სახელმწიფოს, რომ ეს პრობლემები აღმოფხვრას მომავალში, თუმცა, რა თქმა უნდა, ზოგადად გაუმჯობესება, შეიძლება ითქვას, რომ ლოგიკური შეფასებაა“.

გაუმჯობესების ერთ-ერთ თვალსაჩინო გამოხატულებად ალეკო ცქიტიშვილი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებსა და მოქალაქეთა თავისუფალი არჩევანის უზრუნველყოფას მიიჩნევს.