ფოტოფესტივალი 2016: იაპონელები, ქალები, დ’აგატა და სხვები

16-22 სექტემბერს თბილისმა უმასპინძლა რიგით მეშვიდე ფოტოფესტივალს, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 300-მდე ფოტოგრაფმა და ცნობილმა საერთაშორისო ფოტოსააგენტოებმა. დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა ენახა ფოტოები და, ამავე დროს, გასაუბრებოდა თავად ფოტოების ავტორებს. წლევანდელი ფოტოფესტივალის ფარგლებში რამდენიმე მთავარი ფოტოგამოფენა შედგა, მათ შორის იყვნენ იაპონელი ფოტოგრაფებიც, რომელთა ფოტოებიც პირველად გამოიფინა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

Your browser doesn’t support HTML5

ფოტოფესტივალი 2016: იაპონელები, ქალები, დ’აგატა და სხვები

მეიდანი, შარდენი, გუდიაშვილის სკვერი, ქარვასლა, სინაგოგა... ძველი თბილისის ვიწრო ქუჩებში ღამეა. სპეციალურად მოწყობილი ეკრანებისკენ ისრებს მიყავხარ... და რუკას - რუკას, რომელიც შენ ქალაქში არასდროს არაფერში გჭირდება. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა ძველ თბილისში, ტურისტივით, რუკა უნდა გაშალო და ამ რუკას მიჰყვე. რუკას და განათებულ ისრებს კი იმ ეკრანებისკენ მიჰყავხარ, სადაც ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ქართველი და უცხოელი ფოტოგრაფებისა თუ საერთაშორისო ლიდერი ფოტოსააგენტოების ფოტოები ცვლის ერთმანეთს. არჩევანი შენზეა: დოკუმენტური ფოტო, მხატვრული ფოტო, ფოტო მოდის შესახებ, ფერადი ფოტო, შავ-თეთრი ფოტო ან ყველა ერთად. რვა ეკრანი საკმარისია იმისთვის, რომ ფოტომოყვარულებისა თუ რიგითი დამთვალიერებლის ინტერესი დააკმაყოფილოს. ეს ფოტოგრაფიის ღამეა.

ფოტოგრაფიის ღამე უკვე მეშვიდედ ტარდება თბილისის ფოტოფესტივალის ფარგლებში და ის ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიებაა. თუმცა, ცხადია, არა ერთადერთი. ერთკვირიანმა ფოტოფესტივალმა, 16 სექტემბრიდან 22 სექტემბერის ჩათვლით, 300-ზე მეტი ფოტოგრაფის ნამუშევარს მოუყარა თავი. მათ შორის იყვნენ ისეთი ცნობილი ფოტოსააგენტოებისა თუ გამომცემლობების ფოტოგრაფები, როგორიცაა „მაგნუმი“, „ნური“, „ნეიშენალ ჯეოგრაფიკი“, რადიო თავისუფლება და სხვა. მრავალფეროვანია იმ ქვეყნების ჩამონათვალიც, საიდანაც ფოტოგრაფები საქართველოს ეწვივნენ - თურქეთიდან დაწყებული იაპონიის ჩათვლით, პოლონეთი, საფრანგეთი.

ერთ-ერთ ცენტრალურ გამოფენად თბილისის ფოტოფესტივალის ფარგლებში იმ 11 იაპონელი ფოტოგრაფის გამოფენა იქცა, რომელთა ნამუშევრებიც თანამედროვე ხელოვნების მუზეუმშია გამოფენილი. ევროპის პრესტიჟულ ფესტივალებზე კარგად ცნობილი იაპონური ფოტოგრაფია საქართველოში და მთლიანად სამხრეთ კავკასიაში პირველად გამოიფინა. არატა დოდო, აია ფუჯიოკა, შიეკო შირაიში, მოტოჰიდო ტაკედა, აიო იამაუჩი - ეს იმ იაპონელი ფოტოგრაფების არასრული ჩამონათვალია, რომელთა ფოტოებიც დამთვალიერებლისათვის ახალი, უცნობი ფოტოგრაფიის აღმოჩენის საშუალებას იძლევა. თუკი რამდენიმე მათგანზე შევაჩერებთ ყურადღებას, მაშინ გამოვარჩევდით მოტოჰიდო ტაკედასა და მისი ფოტოების სერიას - „მდინარეს“. ფოტოებს, ერთი შეხედვით, მალევიჩის „შავი კვადრატისგან“ ვერ გამოარჩევ. ფოტოები შავია. არაფერი ჩანს. მერე უფრო ახლოს მიადგები, ფოტოზე დაცემულ სინათლეს ჩამოაყოლებ თვალს და მზესუმზირების მინდორს აღმოაჩენ და კიდევ იაპონელ ქალს, იაპონური კიმონოთი… ფოტოების გვერდით იმ ტექსტს ვკითხულობ, სადაც ფოტოგრაფი ფოტოების შინაარს აღწერს. ესაა ჩვენი ბნელი მეხსიერების მდინარე, რომელსაც თუკი კარგად დავაკვირდებით, ნელ-ნელა წარსულის მოგონებები ამოტივტივდება. და კიდევ მეორე ფოტოგრაფი ქალი, მიჰო კაჯიოკა, და მისი ფოტოსერია „და ფარშევანგები სად წავიდნენ?“. ფოტოების ინსპირაცია 2011 წელს ფუკუსიმას ატომურ სადგურზე მომხდარი აფეთქება და ოცკილომეტრიან საევაკუაციო ზონაში დატოვებული ფარშევანგებია. კატასტროფის ადგილი და ფარშევანგები. სპეციალური ტექნოლოგიით დამუშავებული, ამოთეთრებული ფოტოები, ალბათ, სწორედ აფეთქებას გამოხატავს, ფოტოს კუთხეში სითეთრიდან ამოსული მინიატურული ფარშევანგი კი - ქალაქში მიტოვებულ ფრინველს. იაპონელი ფოტოგრაფების ნამუშევრებმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილზე. განსაკუთრებული ხელწერა, განსაკუთრებული დამოკიდებულება ქაღალდისა და ფოტოგრაფიისადმი - ასე ახასიათებს გურამი იაპონელ ფოტოგრაფებს:

გურამ წიბახაშვილი

„მე ვფიქრობ, რომ მათთვის ფოტოგრაფია ის კი არ არის, რომ მან ფოტო გადიღო, არამედ ის, რომ მან სურათი შეასრულა. ანუ ქაღალდზე გადაიტანა და სურათად აქცია და ეს არ არის მათთვის მხოლოდ კომპიუტერში არსებული რაღაც ინფორმაცია. ჩვენთვის ეს უკვე ასეა. კომპიუტერში ფოტო გაქვს და ამბობ, რომ მე სურათი მაქვს. მათთვის სურათი, ალბათ, ქაღალდია და ეს ჩანს. თითქმის ყველამ იცის ფოტოგრაფიის კლასიკა, ფოტოგრაფიის ტექნოლოგიები, ქაღალდთან მუშაობის ტექნოლოგიები და ამ თანამედროვე ფოტოგრაფიაშიც არ კარგავენ იმ ესთეტიკას, რაც ფოტოგრაფიას ახლდა, თავისი ტექნოლოგიებიდან გამომდინარე. მათთვის ფოტოგრაფია ის კი არ არის, რომ სურათი გადაიღეს, ამბავი გადაიღეს და შეუძლიათ გაზეთში დაბეჭდონ, მათთვის ეს არის ნივთი, რომელიც მეხსიერებაში რჩება, რომელიც ნივთად რჩება და რომელიც განძია და უნდა შეინახო. ამ თვალსაზრისით, ეს შეიძლება ცოტა უცხოცაა ევროპელებისათვის და მინდა ვთქვა, რომ როცა ევროპელებმა პირველად აღმოაჩინეს იაპონელი ფოტოგრაფები, სწორედ ამ თვალსაზრისით აღმოაჩინეს, რომ აბსოლუტურად სხვა მიდგომა ჰქონდათ ფოტოგრაფიისადმი და მიხვდნენ, რომ ეს სხვა რამეა“.

ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი დამთვალიერებელი ჰყავდა წლევანდელ ფოტოფესტივალზე ფოტოსააგენტო „მაგნუმის“ ფოტოგრაფის, ანტუან დ’აგატას, სლაიდშოუსა და მის რიგით მეორე ფოტოალბომს, სახელწოდებით „ფრონტლაინ“, რომლის ჩვენებაც და პერზენტაციაც მულტიფუნქციურ ურბანულ სივრცეში, „ფაბრიკაში“, შედგა. წიგნში 2009-16 წლებში საქართველოში გადაღებული ფოტოებია თავმოყრილი. აი, რას ამბობს თავად ფოტოგრაფი იმ ემოციების შესახებ, რომელიც მან საქართველოში მოგზაურობისას დააგროვა და რომელიც შემდეგ ფოტოებზე აღბეჭდა:

„ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში რაიმე განსხვავებული აღმოვაჩინე. აქაც, ისევე როგორც ყველგან, მე აღმოვაჩინე ღრმა ჰუმანურობა, რაც ენის, კულტურის, პოლიტიკისა და სოციალური პოლიტიკის მიღმაა. მე ვნახულობ ჰუმანურობას იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად შეიძლება მოელოდეთ. ეს ჩემი მთავარი ღირებულებაა“.

ჩვენ ვცხოვრობთ იმ საზოგადოებაში, სადაც ქალები ჯერ კიდევ იბრძვიან ადგილის დასამკვიდრებლად და ძალიან მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ იმ ქალების ცხოვრება, რომლებმაც თავიანთი გამოცდილებითა და ბრძოლით უკვე იპოვეს თავისი ადგილი...
ნესტან ნიჟარაძე

სულისშემძვრელი და დამაფიქრებელი - ასე ახასიათებენ ფოტოგრაფები დ’აგატას ფოტოებს. წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მისმა ფოტოებმა ფოტოგრაფ ლევან ხერხეულიძეზეც:

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვინც ეს სლაიდშოუ ნახა, მისი ცხოვრება აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო იმ მომენტამდე. ამ სლაიდშოუზე იყო მისი კლასიკური თემები: მეძავები, ბორდელები. ემოციები, გრძნობები, განცდები, სასოწარკვეთილება და ა.შ. ყველაფერი ის, რაც არის მის ფოტოგრაფიაში. ეს იყო სულისშემძვრელი, არაჩვეულებრივი, არნახული სლაიდშოუ, რომლის მსგავსი არასდროს არაფერი მინახავს. ის, უბრალოდ, ძვრება იმ სიღრმეებში და არ ერიდება ისეთ ტკივილებს, რომელსაც ბევრი ადამიანი ისხლიტავს და არ უნდა, რომ ეს ყველაფერი დაინახოს. ამაშია მისი ძალა“.

კიდევ ერთ ცენტრალურ გამოფენად შეიძლება ჩაითვალოს სააგენტო „ნურის“ ფოტოგრაფი ქალების - ალიქსანდრა ფაზინას, ბენედიქტ კურზენისა და ტანია ჰაბჟუას -სლაიდშოუ „ქალების ღამე“.

ნესტან ნიჟარაძე

„ჩვენ ვცხოვრობთ იმ საზოგადოებაში, სადაც ქალები ჯერ კიდევ იბრძვიან ადგილის დასამკვიდრებლად და ძალიან მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ იმ ქალების ცხოვრება, რომლებმაც თავიანთი გამოცდილებითა და ბრძოლით უკვე იპოვეს თავისი ადგილი“, - ასე ახასიათებს ამ გამოფენისა და ფოტოგრაფი ქალების საქართველოში სტუმრობის მნიშვნელობას რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ფოტოფესტივალის ორგანიზატორი ნესტან ნიჟარაძე:

„იმის წარმოდგენა, რომ ეს მომხიბლავი, ფაქიზი ქალები არიან ის ფოტოჟურნალისტები, რომლებიც ყველაზე ცხელ წერტილებში, ყველაზე რთულ და მძიმე ადგილებში მუშაობენ იმისათვის, რომ ძალიან მძიმე სოციალური ისტორიები მოიტანონ ჩვენამდე, არიან ფრონტის ხაზზე, მხოლოდ ესეც კი საკმარისია იმისათვის, რომ თუნდაც აუდიტორიის ნაწილისთვის ეს იყოს მაგალითი იმისა, რომ ეს ყველაფერი მიღწევადია“.

ნესტან ნიჟარაძის თქმით, თბილისის ფოტოფესტივალი არის ღონისძიება, რომელსაც ყოველთვის მკვეთრად გამოხატული მესიჯები აქვს და რომლის მიზანიცაა საზოგადოებას ასწავლოს დაფიქრება იმის შესახებ, თუ რა ხდება საზოგადოებასა და სამყაროში. ის თვლის, რომ წლევანდელი ფოტოფესტივალი გამორჩეული იყო ამ თვალსაზრისითაც, რადგან ის, გასული წლებისგან განსხვავებით, იყო უფრო მრავალრიცხოვანი და, რაც მთავარია, ამ ხალხის დიდი ნაწილი ახალგაზრდები იყვნენ, ანუ ის ადამიანები, რომლებსაც სამყაროს შეცვლა შეუძლიათ.