უცხოეთის პრესის მიმოხილვა

მიმდინარე კვირაში დასავლეთის რამდენიმე წამყვან პუბლიკაციაში გამოქვეყნდა ინფორმაციული ხასიათის ცნობები თუ წერილები საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან მდებარე ლოპოტის ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციაზე. ამის შესახებ იტყობინებოდნენ გამოცემები - “ნიუ-იორკ ტაიმსი”, “ინდიფენდენტი”, “ვოლ სტრიტ ჯორნალი”, ისევე როგორც წამყვანი საინფორმაციო სააგენტოები. თუმცა, როგორც გითხარით, ეს ტექსტები ძირითადად მოკლე იყო და მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებას ისახავდა მიზნად.

კვირის დასაწყისში ევროპის გაზეთები ბევრს წერდნენ განაჩენზე, რომელიც წინა პარასკევს, 24 აგვისტოს, ოსლოში გამოუტანეს ნორვეგიელ მასობრივ მკვლელს, ანერს ბრეივიკს. სასამართლომ ის შერაცხადად მიიჩნია და 21 წლით მიუსაჯა პატიმრობა. ბრეივიკმა, რომელმაც შარშან მოწყობილი თავდასხმებისას 77 ადამიანი მოკლა (მათ შორის, ქართველი გოგონა, თამთა ლიპარტელიანი), აცხადებს, რომ ამით ნორვეგიის მუსულმანებისგან დაცვა უნდოდა. გაზეთები წერდნენ, რომ ბრეივიკის საქმემ ნორვეგიაში შესაძლოა ბიძგი მისცეს მტკივნეულ თემებზე სიღრმისეული საჯარო დისკუსიის დაწყებას - უცხოელებზე, იმიგრანტებზე, უსაფრთხოების სამსახურების ადეკვატურობაზე, თუმცა ბევრ გამოცემაში შეშფოთებასაც ნახავდით იმის გამო, რომ ბრეივიკის იდეები შეიძლება კვლავ გავრცელდეს ევროპაში. პოლონური ინტერნეტგამოცემა „პოლიტიკა ონლაინი“ 27 აგვისტოს წერდა: „ციხეში არ მოქმედებს რეგულაცია, რომელიც ბრეივიკს ხელს შეუშლიდა ინტერვიუების მიცემაში, წიგნების გამოცემაში ან თავისი დამახინჯებული ცნობიერების სხვა ფორმით გამოვლენაში - როგორიც, მაგალითად, ის მანიფესტი იყო, რომელიც მან დანაშაულის ჩადენამდე ცოტა ხნით ადრე გამოაქვეყნა. ამდენად, შეკთხვა, რომელიც უნდა დავსვათ, ასე ჟღერს: დავუშვათ, ის მართლაც გაათავისუფლეს 2033 წელს და უცებ კვლავ გამოჩნდა ევროპის ქუჩებში. როგორი ევროპა იქნება ეს? შიშის და რასიზმის მთესველი, ანტიდემოკრატიული, ისლამოფობიური მოძრაობები ისტორიას იქნება ჩაბარებული თუ მულტიკულტურული ევროპული საზოგადოების წინააღმდეგ ბრეივიკის მიერ დაწერილ მანიფესტს ჰიტლერის „მაინ კამპფივით“ წაიკითხავენ?“

კვირის განმავლობაში დასავლეთის პრესის ყურადღების ცენტრში თეირანში დაწყებული მიუმხრობელი ქვეყნების სამიტი მოექცა. მოუმხრობელი ქვეყნების მოძრაობა ცივი ომის პერიოდში შეიქმნა და აერთიანებს განვითარებად სახელმწიფოებს, რომელთაც არ სურთ რომელიმე სუპერძალას მიემხრონ. ზოგიერთი ჟურნალისტი წერდა, კონფერენცია ირანისთვის დიპლომატიურ გამარჯვებას წარმოადგენსო, სხვები კი შიშობდნენ, რომ ასპარეზზე შესაძლოა ახალი ანტიდასავლური ლიგა გამოჩნდეს. გერმანიაში გამომავალი მემარცხენე-ლიბერალური გამოცემა „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“ სამშაბათს, 29 აგვისტოს, წერდა, თეირანში მიმდინარე კონფერენციის მონაწილეები საკუთარ თავს „მიუმხრობლებს“ ვეღარ უწოდებენ - ისინი ახლა თავიანთი მოძრაობის დასავლეთის საწინააღმდეგო ალიანსად გადაქცევის პროცესში არიანო.

„მიუმხრობელთა მოძრაობის ჩამოყალიბება 1961 წელს წამოადგენდა ცალკეული სახელმწიფოების - იუგოსლავიის, ინდონეზიის, ეგვიპტის - მცდელობას თავიდან აერიდებინათ ცივი ომის ლოგიკა. ... მაგრამ, როგორც ჩანს, ირანს სურს მთელი ორგანიზაცია გადააქციოს იმის საწინააღმდეგო რაღაცად, რაც მის დასახელებაშია ნაგულისხმევი. თეირანში გამართული კონფერენცია ისეთი ბლოკის შექმნისკენ იხრება, რომელსაც მისი სახელი ღიად ზღუდავს: ანტიდასავლური სახელმწიფოების ალიანსის და, შესაბამისად, ძალაუფლების ბლოკების ახლებური კონფრონტაციის... მიუმხრობელთა ცალკეული წარმომადგენლებისთვის - მაგალითად, ჩრდილოეთ კორეისთვის ან კუბისთვის - ეს შესაძლოა მიმზიდველი პერსპექტივა იყოს. მაგრამ რეალურად ძლიერი ქვეყნებისთვის - ინდოეთისა ან ჩინეთისთვის - თავიანთი მზარდი გავლენის ამ ფორმით გამოყენების დაშვება არ იქნება მიზანშეწონილი“.

კიდევ ერთი თემა, რომელზეც წერდა დასავლური პრესა, აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის ყრილობა იყო, რომელიც ფლორიდის შტატში, ტამპაში გაიმართა და რომელზეც მიტ რომნი ოფიციალურად დასახელდა პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად. ბრიტანეთში გამომავალი კონსერვატიული ჟურნალი „სპექტეიტორი“ ხუთშაბათის, 30 აგვისტოს, ნომერში წერდა, მოქმედი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას რეალური ოპონენტი რომნის მიერ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებული პოლ რაიანი იქნებაო: „რაიანის ძალას დემოკრატები სათანადოდ დააფასებენ. ის გავლენიან ფიგურად აქცია ამერიკაში ობამამდე და ობამას პრეზიდენტობის პერიოდში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებამ. ... იგი მოწინააღმდეგეების მხარესაც ბევრს მოსწონს, რადგან თავის არგუმენტაციას იდეებზე აფუძნებს და არა პიროვნებებზე...“