უცხოეთის პრესის მიმოხილვა. 4 მაისი, 2013

მიმდინარე კვირაში უცხოეთის პრესაში საქართველოს შესახებ ბევრი არ დაწერილა. 26 აპრილს „ნეიშენალ ინტერესტში“ გამოქვეყნდა კატოს ინსტიტუტის წამყვანი ანალიტიკოსის, წარსულში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის თანაშემწის, დუგ ბენდოუს სტატია, სახელწოდებით „საქართველოს სახიფათო დაცურება ნატოსკენ“. როგორც სათაურიდანაც ჩანს, ავტორი სკეპტიკურად უყურებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას და წერს: „ნატომ ამერიკელების უსაფრთხოება უნდა გააძლიეროს. არადა, საქართველოსკენ გაფართოება ომის საფრთხეს გაზრდის. საქართველოსა და აფხაზეთს ან სამხრეთ ოსეთს შორის ბრძოლის ესკალაციამ შესაძლოა რუსეთიც ჩაითრიოს, რაც ნატოს ჩააყენებს კონფრონტაციულ პოზიციაში რუსეთთან მიმართებით. ამის შედეგი კი შესაძლოა იყოს ის ომი, რომლის თავიდან აცილებაც დასავლეთმა მთელი ცივი ომის განმავლობაში შეძლო. ცხადია, ბრძოლის დიდი წილი ამერიკელებზე მოვა და კონფლიქტს ბირთვულში გადაზრდის შემაშფოთებელი პოტენციალი ექნება, განსაკუთრებით თუკი გავითვალისწინებთ მოსკოვის შედარებით სისუსტეს ჩვეულებრივი შეიარაღების თვალსაზრისით“.

რაც შეეხება სხვა საერთაშორისო თემებს, ევროპული პრესა ბევრს წერდა იტალიის ახალი პრემიერ-მინისტრის, ენრიკო ლეტას მიერ დეკლარირებულ ფინანსურ პოლიტიკაზე, რომ მის ქვეყანას მხოლოდ ხელმომჭირნეობის პოლიტიკის ნაცვლად ეკონომიკის ზრდის მასტიმულირებელი ზომებიც ესაჭიროება. ჟურნალისტების ნაწილი ამ ინიციატივას მიესალმა, სხვები კი წერდნენ, რომ ამას ბერლინის და ბრიუსელის წინააღმდეგობა არ დაუშვებს. იტალიაში ყოველდღიურად გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის „სტამპა“ 30 აპრილს წერდა: „ის, რომ ევროპული პირობები დაუყოვნებლივ გადაიხედება, როგორც ჩანს, გამორიცხულია. ახალ მთავრობასთან რატომ უნდა წავიდნენ ისეთ დათმობებზე, რომლებზეც ძველ მთავრობას არ სთანხმდებოდნენ? ერთადერთი იმედი ისაა, რომ დროის გასვლასთან ერთად ევროს მოქმედების ზონაში სულ უფრო მკაფიოდ დაინახავენ, რომ ხელმომჭირნეობის პოლიტიკა არ არის სიცოცხლისუნარიანი. ჯერჯერობით ხელმომჭირნეობის დოგმისგან გადახვევის ნიშნები ჩრდილოეთ ევროპის სხვა ქვეყნებში ჩანს - ჰოლანდიაში, მაგალითად, მაგრამ გერმანიაში - ნამდვილად არა. არსებობს საფრთხე, რომ შემოდგომის დადგომისას ევროკავშირის კურსში ძალიან მცირედი ცვლილება იქნება ან საერთოდ არ იქნება. პარალელურად, იტალია მანამდე თავის ბიუჯეტში მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებებს შეიტანს, ჭეშმარიტი რეფორმების გატარების მაგივრად. შედეგი კი ის იქნება, რომ იტალია ვერ შეძლებს დააკმაყოფილოს დეფიციტზე დაწესებული ზღვარი და მომავალ წლებში მანევრირებისთვის სივრცე არ ექნება“.

2 მაისს „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ გამოაქვეყნა მოწინავე სტატია, სახელწოდებით „ბოსტონის შეთქმულები, სავარაუდოდ, თავიდან 4 ივლისს აპირებდნენ თავდასხმის განხორციელებას“. წერილი ასე იწყება: „ბოსტონის მარათონის აფეთქების მოწყობაში ცოცხლად დარჩენილმა ეჭვმიტანილმა გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლებს უთხრა, რომ ის და მისი ძმა 4 ივლისს აპირებდნენ თავის მოკვლის გზით თავდასხმების მოწყობას. ამ ცნობას ავრცელებს ორი სამართალდამცავი ოფიცერი. მაგრამ ეჭვმიტანილმა, 19 წლის ჯოხარ ცარნაევმა, გამომძიებლებს უთხრა, რომ მან და მისმა ძმამ, 26 წლის ტამერლანმა, რომელიც პოლიციასთან სროლის დროს მოკლეს, ბოლოს გადაწყვიტეს მსწრაფლმხარშავი ქვაბებისგან გაკეთებული ბომბები და სხვა შინნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები გამოეყენებინათ“.

ამავე თემას - ბოსტონის ტერაქტს - მიუძღვნა სტატია პოპულარულმა ლიტვურმა ინტერნეტ-პორტალმა, „დელფიმ“, 1 მაისს. ამ სტატიის თანახმად, ბოსტონის მოვლენები ზრდის პუტინის მიერ კავკასიაში გატარებული პოლიტიკის ლეგიტიმურობის ხარისხს. „თუკი ორ ჩეჩენს, რომლებიც არც ერთ ორგანიზაციას არ წარმოადგენენ, შინნაკეთი ბომბის აფეთქება შეუძლია, მსოფლიო სვამს შეკითხვას: რა მოხდებოდა, მთელი მოსახლეობა რომ არ იმყოფებოდეს რამზან კადიროვის კონტროლის ქვეშ? მსოფლიო ახლა თავს უხრის ჩეჩენ ლიდერს, რომელიც მას იცავს ამგვარი ანარქიული ხალხისგან, და ხელს უწვდის პუტინს, ტერორიზმთან მებრძოლს, ისევე როგორც მის მიერ ჩრდილოეთ კავკასიაში გატარებულ პოლიტიკას. ბოსტონის თავდასხმების შემდეგ საერთაშორისო თანამეგობრობა უფრო იოლად დაიჯერებს იმას, რომ სისხლიანი ომი, რომლითაც ჩეჩნებს გაუსწორდნენ, ერთადერთი ეფექტიანი მეთოდი იყო“.