ამ კვირაში უცხოეთის პრესის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო სამმა თემამ: აღმოსავლეთ უკრაინაში განახლებულმა ბრძოლამ, თურქეთში მოახლოებულმა არჩევნებმა და ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის, ფიფას პრეზიდენტის, ზეპ ბლატერის გადადგომამ.
4 ივნისს კიევმა გამოაცხადა, რომ წინა დღით, აღმოსავლეთ უკრაინაში, სამთავრობო ძალებსა და სეპარატისტებს შორის განახლებულ ბრძოლებში დაიღუპა ხუთი და დაიჭრა 39 უკრაინელი სამხედრო. სეპარატისტები ბრძოლის განახლებაში სამთავრობო ძალებს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ არმიის მიერ გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლა 15 ადამიანი, მათ შორის სამოქალაქო პირები. კიევში, პარლამენტში გამოსვლისას, პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გამოთქვა გაფრთხილება, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილია ფართომასშტაბიანი ბრძოლის განახლების „კოლოსალური საფრთხე“.
აი, როგორ აფასებს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს სლოვაკეთის ყოველდღიური, ლიბერალური ორიენტაციის გაზეთი „სმე“:
„ბრძოლა ორივე მხარემ გამოიწვია. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გაგრძელება რამდენიმე კვირაშია მოსალოდნელი. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტი დაკარგავს უკანასკნელ სტიმულს, პასუხისმგებლობის გრძნობა გამოამჟღავნოს. თავის მხრივ, უკრაინამ, რუსეთის გაღიზიანების მიზნით, ოდესის გუბერნატორად დაასახელა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რუსეთის მტრად გამოცხადებული, მიხეილ სააკაშვილი. იმის ფონზე, რომ არსებობს კონფლიქტის გამწვავების სერიოზული საფრთხე, გაუგებარია, რატომ აბარებს ვაშინგტონი უკრაინის დაცვის საქმეს ანგელა მერკელსა და პაციფისტ გერმანიას. კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ ობამა მიხვდეს, როგორ ზურგს აქცევს პუტინი დასავლეთს თავისი კონტროლირებადი აგრესიის სტრატეგიით?“
უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე მსჯელობს მექსიკის გაზეთი „კრონიკა დე ოიშიც“. სარედაქციო წერილში ვკითხულობთ:
„მართლაც გასაოცარია, როგორ უზადოდ ასრულებს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, ხანძრის გამჩაღებლის როლს. აღმოსავლეთ უკრაინაში კიდევ ერთხელ დაირღვა საზავო შეთანხმება. ამისთვის პასუხისმგებლები არიან სეპარატისტები. ისინი ისეთ მძიმე შეიარაღებას იყენებენ, რომელიც კრემლის გულუხვი დახმარების გარეშე ვერასოდეს ჩაუვარდებოდათ ხელში. ამ გზით მოსკოვი იცავს თავის მოკავშირეებს ომში, რათა უკრაინის მეტი ტერიტორია დაიპყროს, როგორც ეს ცოტა ხნის წინ გააკეთა ყირიმში. საერთაშორისო თანამეგობრობამ არ უნდა დაუშვას, რომ რუსეთის ეს თარეში წარმატებით დაგვირგვინდეს“.
ჰოლანდიის გაზეთი „ფოლკსკრანტი“ საზავო შეთანხმების დარღვევაში დიდ საფრთხეებს ხედავს:
„ეუთოს სამეთვალყურეო მისიის ინფორმაციით, პირველი იერიში მეამბოხეებმა წამოიწყეს, გამოიყენეს ტანკები, არტილერია და რაკეტები. კიევი შიშობს, რომ მარიანკის ოპერაცია შეიძლება დიდი იერიშის დასაწყისი იყოს. ამაში იგულისხმება სეპარატისტების სურვილი, დაიბრუნონ კრამატორსკი, სლავიანსკი და სხვა ადგილები. მათ ლიდერებს არასდროს დაუმალავთ, რომ სურთ, ისევ აიღონ ეს ქალაქები - საზავო შეთანხმების მიუხედავად. თუმცა ამისთვის მათ აუცილებლად სჭირდებათ რუსეთის ჯარების დახმარება. ძნელი სათქმელია, გაბედავს თუ არა მოსკოვი ასე შორს წასვლას. სეპარატისტების მიერ განხორციელებული ამ შეტევის შემდეგ შეიძლება შეიქმნას ვითარება, როცა მოსკოვს მოუწევს, უშუალოდ ჩაერიოს კონფლიქტში“.
9 ივნისისთვის თურქეთში დაგეგმილია საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ყურადღებით ადევნებს თვალს დასავლეთის პრესა. უფლებადამცველი ორგანიზაცია „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს ოპოზიციური მედიის შევიწროებაში ადანაშაულებს. მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ ეს არჩევნები დიდწილად განმსაზღვრელი იქნება ქვეყანაში დემოკრატიის ბედისთვის.
დიდი ბრიტანეთის კონსერვატული გაზეთი „ფაინენშლ ტაიმსი“ წერს:
„ქვეყნის შიგნით არსებული პოლარიზაციისა და სირიისა და ერაყის საზღვრებთან ჯიჰადის საფრთხის ფონზე, პრეზიდენტ ერდოანის მიერ კონსტიტუციის შეცვლა და აღმასრულებელი პრეზიდენტობის შემოღება, თურქეთისთვის სასარგებლო ვერ იქნება. ერდოანმა ძალაუფლება გამოაცალა მინისტრთა კაბინეტს, დაარღვია კანონები, შეავიწროვა მედია და კერძო ბიზნესი. მისთვის დამატებითი ძალაუფლების მინიჭება კატასტროფული იქნება ქვეყნისთვის და პრეზიდენტს საშუალებას მისცემს, ჩაახშოს მისი შემაკავებელი ბოლო ინსტიტუტები.“
გერმანიის მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაციის გაზეთი „ფრანკფურტერ რუნდშაუ“ იზიარებს ამ მოსაზრებას:
„ამომრჩევლებს ნაკლებად აინტერესებთ საპრეზიდენტო სისტემის შესაძლო ცვლილება. მათ ის უფრო ადარდებთ, საკმარისი ფული უდევთ თუ არა საფულეში. ეს ფული კი ნელ-ნელა იკლებს და მკვეთრად იზრდება უმუშევრობის დონეც. ფულის არასწორი ხარჯვა იმ პრეზიდენტის აქილევსის ქუსლია, რომელიც წინა არჩევნებზე ხალხს კორუფციის აღმოფხვრას დაჰპირდა. კვირას თურქეთი გადაწყვეტს, რა იქნება მომავალში: აზიური ავტოკრატია თუ ევროპული დემოკრატია? ვნახავთ, შეძლებს თუ არა ოპოზიცია ამომრჩევლების მობილიზებას. ვნახავთ იმასაც, რამდენად მოწიფული არიან თურქები დემოკრატიის დასაცავად“.
დაბოლოს, 2 ივნისს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა, ზეპ ბლატერმა, მიიღო გადაწყვეტილება, გადადგეს თანამდებობიდან. 28 მაისს ის მეხუთე ვადით აირჩიეს ფიფას პრეზიდენტად კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალისა და ფიფას მაღალჩინოსნების დაპატიმრების ფონზე.
ბელგიის ლიბერალური გაზეთ „სუარი“ ბლატერის გადადგომას ასე ეხმაურება:
„დესპოტის მმართველობის დასრულებაში წვლილი მიუძღვით სასამართლო სტრუქტურებსა და მედიას. მათ მოახერხეს, გაერღვიათ სისტემა, რომელშიც ძალაუფლება რამდენიმე ადამიანის ხელშია კონცენტრირებული. მოქალაქეების გადასახადებს ისინი პირადი გამდიდრებისთვის იყენებდნენ და თავს კანონზე მაღლა აყენებდნენ. არავის დაავიწყდება, როგორი ზიზღით ეპყრობოდნენ ბლატერი და ფიფას სხვა მაღალჩინოსნები ჟურნალისტებს, რომლებმაც ფედერაციის დანაშაულები გამოიძიეს.“
საინტერესოა, რომ შვეიცარიის იტალიურენოვანი გაზეთი „კორიერე დელ ტიჩინო“ თავისი თანამემამულის დაცვას ცდილობს:
„ამ მოულოდნელი გადადგომის ინტერპრეტაცია, როგორც დანაშაულის აღიარება, ჩვენი აზრით, არასწორია. მით უმეტეს, რომ ფაქტები ჯერ კიდევ გაურკვეველია და გამოძიება შორსაა იმის დადგენისგან, რომ ფიფას სკანდალში ბლატერის ხელიც ურევია“.