43-ე ადგილი Forbes-ის რეიტინგში

გამოცემა Forbes ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგს აქვეყნებს, სადაც საქართველოს 139 ქვეყანას შორის 43-ე ადგილი უკავია.

გამოცემა რეიტინგს ყოველწლიურად აქვეყნებს და ქვეყნებს აფასებს 11 კრიტერიუმით, რომელთაშორისაა: სავაჭრო თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება, საკუთრების უფლება, ინოვაციები, ტექნოლოგიები, ბიუროკრატიის დონე, ინვესტორთა დაცვა, კორუფცია, პირადი თავისუფლება და საგადასახადო თავისუფლება.

Your browser doesn’t support HTML5

43-ე ადგილი Forbes-ის რეიტინგში

გამოცემა წერს, რომ საქართველოს ეკონომიკური აქტივობები მოიცავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, ასევე, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების წარმოებას. ამასთან, ქვეყანა თითქმის სრულად ახორციელებს საჭირო ბუნებრივი რესურსების იმპორტს. სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველომ სრულად ჩაანაცვლა რუსული გაზი აზერბაიჯანულით. ამასთან, Forbes წერს, რომ საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა მას ბუნებრივი რესურსების ტრანზიტისთვის მიმზიდველ ლოკაციად აქცევს.

Forbes-ის რეიტინგის სათავეში შვედეთია, რომელიც წლის განმავლობაში ოთხი პოზიციით დაწინაურდა და გაუსწრო წინა წლის ლიდერ დანიას. ეს საკმაოდ სერიოზული დაწინაურებაა ქვეყნისთვის, რომელსაც გამოცემის მიერრეიტინგის შედგენის პირველ წელს, 2006-ში, ქვეყნებს შორის მე-17 პოზიცია ეკავა.

დანიას მხოლოდ შვედეთმა როდი გადაუსწრო. კვლევის მიხედვით, Forbes-ის წლევანდელი რეიტინგის პირველ სამეულში შვედეთის შემდეგ ახალი ზელანდია და ჰონგ-კონგი მოხვდნენ.

საინტერესოა, რომ ჩვენი რეგიონის ქვეყნები აღნიშნული რეიტინგით საქართველოს ჩამორჩებიან: თურქეთი რეიტინგში 62-ე ადგილს იკავებს, აზერბაიჯანი - 64-ეს, სომხეთი - 75-ეს, უკრაინა - 74-ეს , ხოლო რუსეთი - 79-ეს.

რაც შეეხება სხვადასხვა კატეგორიაში საქართველოს პოზიციას, მათი ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოს მოწინავე ადგილს კორუფციის შედარებით დაბალი დონე უზრუნველყოფს, მაგრამ, სამაგიეროდ, საკმაოდ ცუდი მაჩვენებელი აქვს ინოვაციების თვალსაზრისით. კერძოდ:

პერსონალური თავისუფლების ინდექსში ქვეყანა 64-ე ადგილზეა, საკუთრების უფლების დაცვის კუთხით - 89-ზე, ინოვაციების კუთხით - 114-ზე, ტექნოლოგიების -65-ზე, ინვესტორთა დაცვის კუთხით ქვეყანა მეშვიდე ადგილზეა, კორუფციის კუთხით კი - 47-ზე.

აღნიშნული რეიტინგი გასული წლის მაჩვენებლების მიხედვით არის შედგენილი. საინტერესოა, თუ როგორ აისახება 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული საგადასახადო და საკანონმდებლო ცვლილებები, დედოლარიზაციის გეგმა ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგზე.