ფიფას კორუფციაში ადანაშაულებენ - „ბლატერი მშვიდადაა“

შვეიცარიის პოლიციამ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის რამდენიმე ხელმძღვანელი პირი კორუფციის ბრალდებით დააკავა. დაკავებულებს ბრალად ედებათ 20 წლის განმავლობაში 100 მილიონ დოლარზე მეტი ქრთამის აღება. ფიფას მაღალჩინოსნების დაკავება საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებამდე ორი დღით ადრე განხორციელდა. ფიფას საარჩევნო კონგრესი 29 მაისსაა დანიშნული. პრეზიდენტობისათვის იბრძვის ორი კანდიდატი, მათ შორის, მოქმედი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი და იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ-ჰუსეინი. ციურიხში საარჩევნო კონგრესში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი. ფედერაციის განცხადებით, საქართველო ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში ალი ბინ ალ-ჰუსეინს უჭერს მხარს.

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის რამდენიმე ყოფილი და ამჟამინდელი მაღალჩინოსანი - მათ შორის, ფიფას ვიცე-პრეზიდენტი ჯეფრი ვები - შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, სასტუმრო „ციურიხ ჰოტელში“, ფიფას პრეზიდენტის არჩევნებამდე ორი დღით ადრე კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. დაკავების ღონისძიება შვეიცარიის პოლიციამ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მოთხოვნით განახორციელა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში 100 მილიონ დოლარზე მეტი ქრთამის აღება. „ბიბისი სპორტის“ თანახმად, შვეიცარიამ ასევე დაიწყო საგამოძიებო პროცედურები 2018 და 2022 წლებში რუსეთსა და კატარში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლების მოპოვების დროს შესაძლო კორუფციული გარიგებების თაობაზე. გავრცელებული ცნობით, დაიკითხება ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის 10 წევრი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 2010 წლის დეკემბერში გამართულ კენჭისყრებში, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ მომდევნო ჩემპიონატები სწორედ ამ ქვეყნებში გაიმართება.

ტერი ვენეიბლსმა განაცხადა, რომ მსოფლიოში დარჩა ორი ამოუხსნელი და გაუშიფრავი ორგანიზაცია - ეს არის ფიფა და კაგებე. ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, როგორც გულშემატკივრისთვის, ფიფას ამჟამინდელი მდგომარეობა უდიდესი იმედგაცრუებაა...
სანდრო ცნობილაძე

მიუხედავად იმისა, რომ ფიფას საგარეო საქმეთა და კომუნიკაციების დირექტორმა ვოლტერ დე გრეგორიომ მაღალჩინოსნების დაკავებიდან ხუთ საათში ციურიხში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე არ დააკონკრეტა, თუ ვინ და რამდენი მაღალჩინოსანია დაპატიმრებული, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს საბრალდებო ოქმს, სადაც ჩამოთვლილია იმ ადამიანების სრული სია, რომლებსაც კორუფციულ გარიგებებში ედებათ ბრალი. მათ შორის ცხრა ფიფას ოფიციალური წარმომადგენელია, ოთხი სპორტის მარკეტინგის სფეროს წარმოადგენს, ერთი კი - სამაუწყებლო ბიზნესს.

ციურიხში, მაღალჩინოსნების დაკავებიდან ხუთ საათში, ადგილობრივი დროით 11 საათზე გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც რამდენიმე ათეული ჟურნალისტი ესწრებოდა, ვოლტერ დე გრეგორიომ არაერთგზის ხაზგასმით თქვა, რომ ფიფა მჭიდროდ ითანამშრომლებს საგამოძიებო პროცესში შვეიცარიასა და ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტთან. მისივე სიტყვებით, მიუხედავად უკანასკნელ საათებში მედიითა თუ სოციალური ქსელებით გავრცელებული არაერთი ინფორმაციისა, ფიფას ამჟამინდელ პრეზინდეტს ზეპ ბლატერს არაფერი აქვს სანერვიულო. მისი თქმით, ის სავარაუდო კორუფციულ გარიგებებში ჩართული არ არის: „პრეზიდენტი არ არის ჩართული. რა თქმა უნდა, ის ფიფას ხელმძღვანელია, მაგრამ ის ამ პროცესში ჩართული არ არის. ის საკმაოდ მშვიდად გრძნობს თავს, რადგან მან იცის და მანამდეც იცოდა, რომ მას ამ ბრალდებებთან საერთო არაფერი აქვს. დანარჩენს რაც შეეხება, ის მიიღებს იმას, რაც მოხდება“.

ფეხბურთის სფეროში ყველაზე სკანდალური და მასშტაბური დაკავების მიუხედავად, ვოლტერ დე გრეგორიოს მტკიცებით, 29 მაისს შვეიცარიაში ფიფას პრეზიდენტის არჩევნები მაინც გაიმართება. ფიფას ამჟამინდელი პრეზიდენტი, 79 წლის ზეპ ბლატერი, მეხუთე ვადით, ანუ მომდევნო ოთხი წლით, აპირებს ფიფას თავკაცობის გაგრძელებას. მისი ერთადერი კონკურენტი 39 წლის იორდანიის პრინცი, იორდანიის ფეხბურთის ასოციაციისა და დასავლეთ აზიის ფეხბურთის ფედერაციის მმართველი და ფიფას ვიცე-პრეზიდენტი ალი ბინ ალ-ჰუსეინია. კიდევ ორმა კანდიდატმა, ცნობილმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ლუიშ ფიგუმ და ჰოლანდიის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელმა მიქაელ ვან პრააგმა საკუთარი კანდიდატურები რამდენიმე დღის წინ მოხსნეს. როგორც ლუიშ ფიგუ თავის ფეისბუქგვერდზე 21 მაისს წერდა, იმას, რასაც 29 მაისს მოხდება, ნაკლებად ექნება საერთო არჩევნებთან. რაც შეეხება მიქაელ ვან პრააგს, მან თავისი კანდიდატურა პრინც ალის სასარგებლოდ მოხსნა. ფიფას საარჩევნო კონგრესზე 29 მაისს სწორედ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იქნება ის ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც ღიად გამოხატავს პრინც ალის მიმართ მხარდაჭერას. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ეკა ელოშვილი უთხრა. საქართველოსთან ერთად პრინც ალის წარმდგენ და მხარდამჭერ ქვეყნებად სახელდება ამერიკა და ინგლისი.

ეკა ელოშვილი

„შეიძლება ითქვას, რომ ის არის ჩვენი კანდიდატი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი უკვე ციურიხში იმყოფებიან საარჩევნო კონგრესში მონაწილეობის მისაღებად. ევროპული საფეხბურთო ოჯახი და უეფა მხარს უჭერს პრინც ალის და მის კანდიდატურას. უეფა არის მომხრე იმისა, რომ დაიწყოს ცვლილებები, შეიცვალოს მმართველობა ფიფაში და მოვიდეს ახალი პრეზიდენტი. ძალიან საინტერესოდ დაემთხვა ეს ყველაფერი ერთმანეთს, რადგან ის პირები, რომლებიც დააკავეს, სწორედ ისინი მოიაზრებოდნენ ფიფას მოქმედი პრეზიდენტისა და პრეზიდენტობის კანდიდატის ბლატერის მხარდამჭერებად. ევროპული საფეხბურთო ოჯახი ღიად აკრიტიკებდა ფიფას პოლიტიკას წლების მანძილზე. ამაზე არაერთხელ ისაუბრა უეფას პრეზიდეტნმა მიშელ პლატინიმ“, - ამბობს ეკა ელოშვილი.

ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციაში შესაძლო კორუფციული გარიგებების საილუსტრაციოდ, საფეხბურთო ჟურნალისტი სანდრო ცნობილაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში იხსენებს ერთ ფრაზას, რომელიც ინგლისის ნაკრების ყოფილ მწვრთნელს ტერი ვენეიბლს ეკუთვნის და რომელიც მან ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ თქვა: „ტერი ვენეიბლსმა განაცხადა, რომ მსოფლიოში დარჩა ორი ამოუხსნელი და გაუშიფრავი ორგანიზაცია - ეს არის ფიფა და კაგებე. ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, როგორც გულშემატკივრისთვის, ფიფას ამჟამინდელი მდგომარეობა უდიდესი იმედგაცრუებაა, როდესაც საუბარია იმაზე, რომ იქ კორუფციული გარიგებები უფრო და უფრო დიდ მასშტაბებს იღებს“.

გერმანელი სპორტული ჟურნალისტი რობერტ კემპე იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც ეჭვი არ ეპარებათ, რომ ფიფაში კორუფცია ყვავის. ის არის ავტორი დოკუმენტური ფილმისა „გაყიდული ფეხბურთი“, სადაც ის ნომერ პირველი სპორტული სახეობის უწყების შიგნით კორუფციაზე ჰყვება. კემპე განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს რუსეთისა და კატარის განაცხადებზე, რის შედეგადაც მათ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა მოიპოვეს და რაც, მისი აზრით, სწორედ კორუფციულ გარიგებაზე მეტყველებს: „ამ სფეროში კვლევისას, დაინახავთ, რომ არც რუსეთის და არც კატარის განაცხადი არ იყო დამაჯერებელი. ფიფას შემფასებელი კომისიის თავმჯდომარეც ვერ უარყოფს, თუ მას ჰკითხავთ, რომ კატარის და რუსეთის განაცხადები იყო ყველაზე სუსტი 2018 და 2022 წლების ტურნირებისთვის. ეს ნიშნავს, რომ არანაირი ობიექტური მიზეზი არ არსებობდა იმისთვის, რომ აერჩიათ სწორედ რუსეთი და კატარი და მათთვის მიენიჭებინათ ეს უფლება. ჩანს, გადაწყვეტილებაში სხვა ფაქტორმა ითამაშა როლი“.

ფიფას საგარეო საქმეთა და კომუნიკაციების დირექტორის ვოლტერ დე გრეგორიოს თქმით, დამატებითი ინფორმაცია დაკავებულებისა და ბრალის თაობაზე რამდენიმე საათში - სავარაუდოდ, 28 მაისის დილისთვის - გახდება ცნობილი.