Gem Fest 2017-ის ორგანიზატორები ფესტივალის სტუმრებს ანაკლია-განმუხურში განახლებულ ინფრასტრუქტურასა და გაუმჯობესებულ სერვისს ჰპირდებიან. როგორც დღეს მედიის წარმომადგენლებთან გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე ჟურნალისტებს განუცხადეს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ საამისოდ (USAID) უკვე გადაამზადა საკურორტო ზონაში საოჯახო ტიპის სასტუმროების მფლობელები.
როგორც შეხვედრაზე მყოფმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნა, პროექტი რეგიონში ხუთი წლის განმავლობაში განხორციელდება და განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა, ამ მხრივ, ანაკლია-განმუხურს. მისი განმარტებით, გარდა კერძო სასტუმროების მფლობელების გადამზადებისა, ინვესტიციებისა და შესაძლებლობების უკეთ გამოყენების მიზნით, ის ითვალისწინებს საკურორტო ზონის ობიექტებში ციფრული მარკეტინგისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით რეკლამირების პაკეტების მიწოდებას.
Your browser doesn’t support HTML5
„ეს ფესტივალი გახლავთ მნიშვნელოვანი საქართველოს ღონისძიებათა კალენდარში და აქვს მნიშვნელოვანი რეგიონალური განვითარების ფუნქცია. სწორედ ეს არგუმენტი გახლდათ მთავარი მიზეზი, თუ რატომ ჩაერთო ანაკლიის განვითარებაში და პროექტის, Gem Fest-ის განვითარებაში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი „ზრდა“, რომელთან ერთადაც ჩვენ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ვთანამშრომლობთ სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სხვა რეგიონების განვითარებისთვის“, - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
Gem Fest-ის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ კი მედიასთან საუბრის დასაწყისში აღნიშნა, რომ სამეგრელოში, როგორც ეკონომიკური განვითარების ცენტრში, ოჯახთან ერთად გადმოდის საცხოვრებლად. ის ელექტრონული მუსიკის ფესტივალის სტუმრებს ბევრ სიახლეს, რეგიონს კი გაცილებით მეტ ტურისტს ჰპირება, ვიდრე ეს გასულ წლებში იყო.
„ჩვენ ვართ მომსწრე ეკონომიკური სასწაულის, რომელიც ანაკლიასა და სამეგრელოში ხდება. მას შემდეგ, რაც USAID-ის პროექტით ანაკლია-განმუხურისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობამ შეძლო მოეწესრიგებინა თავისი საოჯახო სახლები თუ სასტუმროები, უკვე ათეულობით და ასეულობით ასეთი ობიექტი გაჩნდა საერთაშორისო საიტებზე, ეს სახლები თითქმის ყველა უკვე არის გაყიდული. რამდენიმე თვით ადრე ადამიანებმა ჩეხეთიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, ინგლისიდან, კანადიდანაც კი უკვე დაჯავშნეს სახლები განმუხურში, ორულუში, ანაკლიაში და ეს იმას ნიშნავს, რომ სამეგრელოს ტურიზმი არის ძალიან სწრაფი განვითარების გზაზე დამდგარი“, - აღნიშნა მან.
თავის მხრივ, სამხარეო ადმინისტრაციის პროექტების კოორდინირების სამსახური ირწმუნება, რომ წელს ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით მომხმარებელს კომფორტული გარემო დახვდება და გამოსწორებული იქნება ყველა ის ხარვეზი, რაც გასულ წელს დაფიქსირდა. შეხვედრას ესწრებოდნენ საოჯახო სასტუმროების ის მფლობელები, რომლებმაც გადამზადება უკვე გაიარეს. მათი მტკიცებით, ოთახების ნაწილი სხვადასხვა ქვეყნიდან ელექტრონული წესით უკვე დაჯავშნილია.
„გვეგონა, თითქოს ვიცოდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბევრ რამეში გვჭირდება დატრენინგება. ეს ყველასთვის აუცილებელია. მე შარშან გახლდით მესტიაში და ძალიან მომეწონა თვითონ ხალხის ურთერთობა სტუმრებთან. ვნატრობდი იგივე ყოფილიყო ანაკლიაში და ეს პროგრამა აქაც გავიარეთ. მივესალმები ამ ყველაფერს. როგორც ვაკვირდები, ყველაფერი ეტაპობრივად ვითარდება და დღითიდღე ჩვენც ვვითარდებით მასთან ერთად”, - ამბობს ანაკლიელი მარინა თოდუა.
Gem Fest 2017 ოფიციალურად 14 ივლისს გაიხსნება და ერთ თვეს გასტანს.