ფერმერობა და კოოპერატივები აჭარაში

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი აჭარაში

ორიოდე თვეში აჭარაში სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული კოოპერატივების დასახმარებლად ახალი პროგრამა ამოქმედდება. პროგრამა, ფაქტობრივად, გაგრძელებაა კიდევ ერთი პროგრამის, „ენპარდ-აჭარის“, რომელსაც გაერო ახორციელებდა. როგორც ექსპერტები ამბობენ, აჭარის პროექტები განსაკუთრებით შედეგიანი იყო, რის გამოც აჭარის მთავრობამ გადაწყვიტა მსგავსი პროგრამა, 2017 წლის ჩათვლით, ახლა უკვე საკუთარი დაფინანსებით გააგრძელოს. ახალი პროგრამის ბიუჯეტი 1.3 მილიონი ლარია.

„ენპარდ-1“ (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის) 2013 წელს დაიწყო და 2016-ში დასრულდა. მას გაეროს განვითარების პროგრამა ახორციელებდა. „ენპარდის“ მიზანი იყო ფერმერებს ფულით, ტექნიკით და კონსულტაციებით დახმარებოდა. პროგრამა მთელი საქართველოს მაშტაბით მოქმედებდა, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ აჭარაში განსაკუთრებით კარგი შედეგი ნახეს.

„მხოლოდ აჭარაში „ენპარდის“ მეშვეობით გაიხსნა 70-ზე მეტი წარმატებული კოოპერატივი, ხოლო საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურებით ათი ათასზე მეტმა მცირე ფერმერმა ისარგებლა“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა.

მარწყვის სასათბურე მეურნეობა

აჭარა იმდენად მცირემიწიანი კუთხეა, რომ მოსახლეობას მოსავლის მოყვანა ციცაბო აღმართებზე უწევს, ისეთ ფერდობებზე, რომლებზეც მძიმე ტექნიკა ვერ მუშაობს და გლეხი იძულებულია ნათესები ხელით თოხნოს.

გაეროს განვითარების პროგრამა „ენპარდ-აჭარის“ პროექტის მენეჯერი ლაშა კომახიძე ამბობს, რომ მოსახლეობის უმეტესობას ნახევარი ჰექტარი მიწაც კი არა აქვს და ის ნახევარი ჰექტარიც სხვადასხვა ადგილებში გაბნეული რამდენიმე ნაკვეთია. მისივე თქმით, ლანდშაფტის გამო რთულია ფერმერების ერთმანეთთან თანამშრომლობაც. კლიმატური ზონები ძალიან მოკლე მანძილზე იცვლება, სანაპიროდან 80 კილომეტრში სოფლები ზღვის დონიდან 1600-1800 მეტრზე მდებარეობს. შესაბამისად, ერთ ფერმერს თუ ხილი მოჰყავს, მეზობელი ფერმერი ამას უკვე ვეღარ ახერხებს და ბიზნესპარტნიორობაც არ გამოსდით.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ასევე მიიჩნევენ, რომ ძალიან წარმატებული იყო და ამიტომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის გაფორმდა ხელშეკრულება 2016-2017 წლებზე. ხელშეკრულება მსგავსი პროგრამის გაგრძელებას გულისხმობს და მისი სახელია „მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში“, - ამბობს ლაშა კომახიძე.

რაც შეეხება უკვე გაკეთებულს, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ფერმერებს არა აქვთ ცოდნა ახალი ტექნოლოგიების, ბიზნესის განვითარების შესახებ. ხშირია შემთხვევები,როდესაც ერთი შეხედვით დიდი პრობლემა, უბრალოდ, სპეციალისტის კონსულტაციის შედეგად ან რაიმე თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით გადაწყვეტილა.

საკალმახე

მაგალითად, სოფელ ახოში კოოპერატივი „პერანგა“ შავი და ოქროსფერი კალმახების მოშენებით არის დაკავებული. კალმახები სხვადასხვა ზომისაა და სხვადასხვა აუზში არიან გადანაწილებული. საკალმახე მაღალ მთებშია, მთის მდინარეზე, კალმახის ბუნებრივ პირობებთან მაქსიმალურად ახლოს. კოოპერატივის ერთ-ერთი თანამშრომელი, მალხაზ ბერიძე, ამბობს, რომ თევზის მოშენებაზე მეტად მისი რეალიზაცია უჭირდათ, რადგან ქალაქში ტრანსპორტირებას კალმახები ვერ უძლებდნენ და ბევრი იხოცებოდა. „ენპარდის“ მეშვეობით მათ ამ პრობლემის მოგვარება მოახერხეს. რამდენიმე მსგავსი პროფილის კოოპერატივი გაერთიანდა და „ენპარდმა“ მათ ერთი საერთო მანქანა მისცა. ეს არის სატვირთო მანქანა, სპეციალური კონტეინერით, საგანგებოდ თევზის გადასაყვანად მოწყობილი.

„ზარალი აღარაა იმდენი. ადრე ჩვენ თვითონ გადაგვქონდა და გვეხოცებოდა, ახლა იმდენი აღარ გვეხოცება“.

აპარატურით დაეხმარნენ „ფუტკრის სახლსაც“, სადაც სკებისთვის საჭირო ფიჭები მზადდება. ეს ფიჭები შემდეგ სკებში უნდა ჩადგან.

„ეს დაზგა-დანადგარი უკრაინიდან ჩამოვიდა. „ენპარდისა“ და გაეროს პროგრამით გვერგო, რომელშიც მონაწილეობა მივიღეთ. ახლა სეზონი უკვე იწურება და წელს ოთხ ტონამდე ფიჭა დავბეჭდეთ“, - ამბობს „ფუტკრის სახლის“ წარმომადგენელი, თენგიზ მალაყმაძე.

ტექნიკური დახმარება მიიღო ნოდარ ზოსიძემაც, რომელსაც სოფელ ჯაბნიძეებში თხილი აქვს მოშენებული. როგორც თავად ამბობს, თხილი იმიტომ შეარჩია, რომ მცოცავ მიწებს კარგად აკავებს და მეწყრის განვითარების ალბათობა ნაკლებია.

ნოდარ ზოსიძე

„ჩვენთან ყველგან მთაა, მაგრამ თხილი დახრილ მიწებზეც კარგად ხარობს. მართალია, ცოტა დამღლელია, შრომატევადია გაშენების პერიოდში, მაგრამ შემდეგ შემოსავალი მეტია და მეურნე კმაყოფილი რჩება“.

ლაშა კომახიძე აჭარის კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობს. აჭარაში 90 ათასი სული მსხვილფეხა საქონელია. ერთ სულს ერთი ჰექტარი სასაძოვრე ტერიტორია სჭირდება, მაგრამ საძოვრების მოცულობა აჭარაში სულ 30 ათასი ჰექტარია. ამის გამო ფერმერები მესაქონლეობას ვერ მისდევენ. ახალი ტექნოლოგიების პირობებში ამ პრობლემის მოგვარებაც შესაძლებელი გახდა. კერძოდ, „ენპარდმა“ ფერმერებს მისცა კონტეინერი, რომელშიც ჯეჯილის მოყვანა არის შესაძლებელი. კონტეინერი სულ 20 კვადრატულ მეტრს იკავებს.

„მხოლოდ და მხოლოდ წყლის და ქერის ან ხორბლის მეშვეობით შეიძლება გამოზარდოთ, ჯეჯილის მსგავსად. შვიდ დღეში აღწევს თხუთმეტი სანტიმეტრის სიმაღლეს და მზადაა იმისთვის, რომ პირუტყვს მივცეთ“ .

მისივე თქმით, ასეთი კონტეინერი იმითაც არის კარგი, რომ ძროხა ზამთარშიც მწვანე ბალახს ჭამს და არა თივას. შესაბამისად, მისი წველადობა არ კლებულობს და მოგებაც მეტია.