ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მესიჯები უვიზო მიმოსვლისა და დემოკრატიული პროცესების შესახებ

ფედერიკა მოგერინის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. თბილისი, 2015 წლის 10 ნოემბერი.

ევროკავშირისა და საქართველოს დაახლოების პერსპექტივები, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული მოლოდინი, საქართველოს დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობა, 2016 წლის არჩევნები და ქვეყნის როლი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში – ასეთია ჩამონათვალი იმ ძირითადი საკითხებისა, რომლებიც განხილულ იქნა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის თბილისში გამართული შეხვედრების ფარგლებში. ხელისუფლების უმაღლესი პირების გარდა, სამშაბათს ის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. ფედერიკა მოგერინი დემოკრატიული განვითარების აუცილებელ პირობებზე ლაპარაკობს.

10 ნოემბერს, ვიდრე ვიზიტის მიწურულს ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიასთან ერთად საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიას დაათვალიერებდა და ამით, როგორც თავად თქვა, კიდევ ერთხელ დაადასტურებდა ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მისამართით, ფედერიკა მოგერინიმ, მთავრობის ადმინისტრაციაში მოკლედ შეაფასა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები. ითქვა, რომ ამ ურთიერთობების მნიშვნელოვან ქვაკუთხედს წარმოადგენს ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, და რომ მოსალოდნელია დადებითი შედეგები საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პერსპექტივებთან დაკავშირებითაც. რა თქმა უნდა, ფედერიკა მოგერინი გარანტირებულ პროგნოზს არ აკეთებს, მაგრამ ის თვლის, რომ პროგრესის არსებობა ნათელია და ევროკომისიის ანგარიში წლის ბოლოსთვის დადებითი იქნება.

ამ და საქართველოსთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრების დროსაც გაამახვილა ყურადღება. ხაზი გაესვა იმ გარემოებასაც, რომ საქართველო ერთგული პარტნიორია ევროკავშირის სამშვიდობო მისიების ფარგლებში: ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მალისა თუ უკრაინაში.

რაც შეეხება საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, ეს პროცესი 2016 წლის არჩევნების ჭრილში იქნა განხილული. საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი იმედოვნებს, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში მშვიდ და კონსტრუქციულ ვითარებაში ჩატარდება. ფედერიკა მოგერინის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს შიდა პოლიტიკური ვითარება განიხილეს:

"2016 წელი პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის. ჩვენ მიმოვიხილეთ მშვიდი, პატივისცემით აღსავსე პოლიტიკური გარემოს უზრუნველყოფის აუცილებლობა, რამაც უნდა შექმნას დემოკრატიული, წარმომადგენლობითი არჩევნების ჩატარების გარანტია – ეს შეუძლია საქართველოს. არჩევნებამდე ერთი წელიწადი რჩება და უნდა შენარჩუნდეს დემოკრატიული განვითარების იმპულსი. ქართველებსა და იტალიელებს კარგად ესმით, თუ რას ნიშნავს ემოციები პოლიტიკაში, მაგრამ ემოციების გარდა არსებობს მნიშვნელოვანი ჩარჩო და ეს გახლავთ: მედიის თავისუფლება, პლურალიზმი, კანონის უზენაესობის პატივისცემა, სასამართლოს დამოუკიდებლობა. და კიდევ, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ შეიკაოს თავი ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც ნამდვილად არმოუტანს სარგებელს საზოგადოებას“.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ქალბატონ მოგერინის საერთოდ არ უხსენებია სიტყვა „შეშფოთება“, საერთოდ არ უხსენებია „შერჩევითი სამართალი“ და საერთოდ არ უხსენებია, რომ ევროკავშირს რაღაც იმედგაცრუება აქვს...
ზვიად კვაჭანტირაძე

ვიდრე ფედერიკა მოგერინი საქართველოში ჩამოვიდოდა, იყო მოლოდინი, რომ, შექმნილი მძიმე ფონის გათვალისწინებით, თბილისში გამართული შეხვედრების ფარგლებში ის გვერდს ვერ აუვლიდა „რუსთავი 2“–ის საქმეს და, კერძოდ, სასამართლოს მიერ დროებითი მმართველების დანიშვნის თემას, რის შესახებაც მწვავედ კრიტიკული შეფასებები გამოთქვეს ევროკავშირის სახელმწიფოთა ელჩებმა 6 ნოემბერს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში, რომელიც აშშ-ის საელჩოს პოზიციასაც ასახავს. ამ ჭრილში „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე 10 ნოემბერს, თითქოს, ერთგვარი ნიშნის მოგებით იმასაც აღნიშნავდა, რომ ფედერიკა მოგერინის არანაირი შფოთვა არ გამოუხატავს პარლამენტის თავმჯდომარესა და ფრაქციის თავმჯდომარეებთან შეხვედრის ფარგლებში:

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ქალბატონ მოგერინის საერთოდ არ უხსენებია სიტყვა „შეშფოთება“, საერთოდ არ უხსენებია „შერჩევითი სამართალი“ და საერთოდ არ უხსენებია, რომ ევროკავშირს რაღაც იმედგაცრუება აქვს რომელიმე მიმართულებით ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებასთან მიმართებაში“.

მართალია, საჯარო განცხადებებში მედიის თავისუფლებასა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის საკითხებზე ზოგადი კომენტარითა და მითითებებით შემოიფარგლა, მაგრამ კონკრეტულად „რუსთავი 2“-ის თემა აქტიურად განიხილებოდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რომელსაც სამშაბათს „რედისონ ბლუ ივერია“ მასპინძლობდა. შეხვედრაზე წამოწეული ძირითადი თემები ჩვენთან საუბრისას ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერმა ვანო ჩხიკვაძემ ჩამოთვალა:

„რა თქმა უნდა, საუბარი შეეხებოდა მედიის თავისუფლებას... რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო „რუსთავი 2“–ს და ეს იყო აღქმული ასევე როგორც ზოგადი პრობლემა, რომ უნდა იყოს მედიაპლურალიზმი: ეს არ არის მარტო „რუსთავი 2“-ის თემა, არამედ საუბარია სხვა მედიასაშუალებებზეც და აქტუალურია ის საკითხი, რომ პოლიტიკური თოქშოუები დაიხურა... საუბარი შეეხო ასევე, მაგალითად, სავიზო ლიბერალიზაციის თემას – სხვათა შორის, იმედია, რომ ძალიან პოზიტიურად გადაწყდება ეს საკითხი უახლოეს მომავალში და ეს იმედი გამოთქვა თვითონ ქალბატონმა მოგერინიმაც... ასევე გარკვეულწილად საუბარი შეეხო იმ არაფორმალური მმართველობის საკითხებს - ერთი მხრიდან, ყოფილი პრემიერ-მინისტრის მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში და, მეორე მხრიდან,არაფორმალურ ოპოზიციის ლიდერს, ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც ასევე ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში“.

ძალიან კომფორტული გარემო შეგვიქმნა ღია საუბრისთვის და ასევე ძალიან დადებითი შთაბეჭდილება დატოვა იმ ფაქტმა, რომ ეს მაღალი თანამდებობის პირი დაინტერესდა, რას ფიქრობენ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები...
ანა ნაცვლიშვილი

„რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ შეხვედრაში გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუშიც მონაწილეობდა. უკვე ჩამოთვლილი საკითხების გარდა, შეხვედრაზე განხილულ საკითხებს შორის მან დაასახელა კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი საკითხი, რაც საქართველოს რეალობაში რუსული ინტერესებისა და ზეგავლენების საფრთხეს შეეხება:

„ძალიან დაინტერესდა ქალბატონი მოგერინი, ცხადია, ამ საკითხით და ჩაგვეძია, თუ რა პერსპექტივაა და როგორ მიმდინარეობს პროცესები ამ მიმართულებით“.

არასამთავრობო ორგანიზაციათა სხვა წარმომადგენლების მსგავსად, ანა ნაცვლიშვილსაც დარჩა შთაბეჭდილება, რომ ფედერიკა მოგერინი კარგად არის ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და რომ მისი მიდგომები ზედაპირული არ არის. როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ფედერიკა მოგერინიმ მასზე თავმდაბალი და გულახდილი პიროვნების შთაბეჭდილება დატოვა:

„ძალიან კომფორტული გარემო შეგვიქმნა ღია საუბრისთვის და ასევე ძალიან დადებითი შთაბეჭდილება დატოვა იმ ფაქტმა, რომ ეს მაღალი თანამდებობის პირი დაინტერესდა, რას ფიქრობენ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით... მან ამით ძალიან დიდი პატივისცემა გამოხატა საქართველოს საზოგადოების მიმართ“.

ვიდრე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდებოდა, ფედერიკა მოგერინიმ სიტყვით მიმართა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს. წარმომადგენლობით კონფერენციას, სახელწოდებით „გენდერული თანასწორობისკენ - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში“,9-10 ნოემბერს თბილისში სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“ მასპინძლობს.