პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები განადგურებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ „მოდულის“ შენობაში გაანადგურეს უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების შემცველი 144 ფაილი. 181 საათის ხანგრძლივობის მასალა კომპაქტდისკებზე იყო ჩაწერილი და ის სპეციალური გამანადგურებელი აპარატის, "შრედერის" საშუალებით მოსპეს. განადგურების პროცესს შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად "უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის" სამუშაო ჯგუფის წევრებიც ესწრებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განადგურებული პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა მხოლოდ ნაწილია მიყურადებით მოპოვებული სხვა უკანონო 26 ათასი ჩანაწერისა. კომპაქტდისკებზე ჩაწერილი 144 ფაილის განადგურებას 25 წუთი დასჭირდა. "უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის" სამუშაო ჯგუფის წევრის, პირად მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თამარ ქალდანის განმარტებით, ჩანაწერები განადგურდა არა მხოლოდი კომპაქტდისკებზე, რომლებიც დალუქული გამოიტანეს, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული ყველა იმ კომპიუტერიდან წაიშალა, სადაც ეს ჩანაწერები იყო შენახული ან მუშავდებოდა მოგვიანებით კომისიის წევრებისთვის საჩვენებლად:

„მასალა ინახებოდა აბსოლუტურად იზოლირებულად ქსელისგან, სხვა გარე პირებისგან და მასალაზე დაშვება ჰქონდა რამდენიმე პირს, რომლებიც, ამავე დროს, ფლობენ საიდუმლო მასალაზე დაშვების უფლებას, ანუ ისინი არ არიან გარეშე ადამიანები. ესენი არიან სისტემის შიგნით მომუშავე ადამიანები... როდესაც დისკები დაილუქა, ის ვინჩესტერები და სხვა მატარებლები და ის კომპიუტერი, სადაც მოხდა [კადრების] დაფარვა, - და ესეც არის დამუშავება, - ჩვენი თანდასწრებით იქედან მოხდა მონაცემების წაშლა. შესაბამისად, ჩვენი მიზანი იყო, რომ დღევანდელი დღისთვის მოგვეტანა დალუქული მასალა, რომელსაც, მინიმუმ, ამ შენობაში, როგორც წინაპირობები არსებობს, არ აქვს ასლი“.

თუმცა, შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ ჩანაწერების ასლები შინაგან საქმეთა სამინისტროს გარეთ არსებობდეს:

Your browser doesn’t support HTML5

პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები განადგურებულია



„სამწუხაროდ, მასალების უმრავლესობა არის, ჩვენი ინფორმაციით და ვარაუდით, კოპირებული. არსებობს ძალიან დიდი ალბათობა იმისა, რომ მასალის დიდი რაოდენობა, რაც ჩვენ აქ დაგვხვდა, ჰქონდეთ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებსაც. ამის გამო ჩვენ, კომისიამ, ვიმსჯელეთ და ვაპირებთ გავამკაცროთ კანონი, რომელიც ითვალისწინებს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გასაჯაროებას და სასჯელის ზომებს ვამკაცრებთ მნიშვნელოვნად“.

მინისტრ თეა წულუკიანის განმარტებით, რომელიც ჩანაწერების განადგურების პროცესს ესწრებოდა, კანონის გასამკაცრებლად ცვლილებებს იუსტიციის სამინისტრო ამზადებს. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ რამდენწლიანი თავისუფლების აღკვეთას გაითვალისწინებს კანონი მათთვის, ვინც პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს გაავრცელებს, მაგრამ ის მკაცრი იქნება.

გამოძიების პროცესში ყველა ის ადამიანი, ვინც ასახულია ამ ვიდეოფირზე, უნდა გამოიძახო, დაკითხო, დაადგინო იდენტურობა, ჩატარდეს ექსპერტიზა და დადგინდეს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რაც არის გამოძიების პროცესში დასადგენი და ჩვენ წავაწყდით ძალიან დიდ ღირებულებით კონფლიქტს...
არჩილ კბილაშვილი
კომისიის 9 წევრიდან ფარული ჩანაწერების განადგურების წინააღმდეგი იყო „საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი კახა კახიშვილი. მისი შეფასებით, ამგვარი კადრების განადგურებით ის პირები, რომლებიც ამ სისტემურ დანაშაულში იღებდნენ მონაწილეობას, შესაძლოა სამართლებრივ პასუხისმგებლობას ასცდნენ:

„მე, უბრალოდ, იმიტომ ვუჭერდი მხარს ყველა მასალაზე გამოძიების დაწყებას, რომ აუცილებლად დამდგარიყო პასუხისმგებლობა იმ ავტორების, რომლებმაც მიიღეს ასეთი ტიპის გადაწყვეტილება და დაავალეს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს ოპერატიულ თანამშრომლებს, რომ სასტუმროებში და სხვადასხვა ბინებში დაემონტაჟებინათ ფარული კამერები, რომ შემდგომში ამგვარი ჩანაწერების მეშვეობით მომხდარიყო ადამიანთა ნებაზე მანიპულირება“.

თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გამოძიება ფარული უკანონო მიყურადების თაობაზე უნდა ჩატარდეს აუცილებლად:

„რა თქმა უნდა, ყველა შემკვეთი უნდა დაისაჯოს - შემკვეთი უნდა დაისაჯოს და არა შემსრულებელი“.

თუ რატომ მიიღო კომისიამ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების განადგურების გადაწყვეტილება გამოძიების დაწყების გარეშე, მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ახსნა:

განადგურებული ფარული ჩანაწერები

„გამოძიების პროცესში ყველა ის ადამიანი, ვინც ასახულია ამ ვიდეოფირზე, უნდა გამოიძახო, დაკითხო, დაადგინო იდენტურობა, ჩატარდეს ექსპერტიზა და დადგინდეს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რაც არის გამოძიების პროცესში დასადგენი და ჩვენ წავაწყდით ძალიან დიდ ღირებულებით კონფლიქტს. წარმოიდგინეთ, ადამიანები, გამოძახებული სამართალდამცავ ორგანოში, რომელთაც წარმოდგენაც არა აქვთ რაზე ეძახიან, აჩვენებენ, ვთქვათ, საკუთარ თავს და ამის შესახებ იცის გამომძიებელმა, პროკურორმა, მოსამართლემ და ეს, უდავოდ, გამოიწვევდა ადამიანების ძალიან დიდ გულისტკივილს და ძალიან დიდ ღირებულებით კონფლიქტში მოვყევით გამოძიებასთან“.

კომისიის წევრის, გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის ლაშა ტუღუშის სიტყვებით კი, აუცილებელია პარლამენტმა გააკეთოს შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება იმისა, თუ რასთან ჰქონდა საზოგადოებას საქმე და რას წარმოადგენდა მოქალაქეების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ჩაწერის მანკიერი პრაქტიკა.

დაბოლოს, შეგახსენებთ, რომ კომისიის მიერ განადგურებული პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა მოპოვებულია უკანონოდ 2007 წლიდან 2012 წლის ივნისის ჩათვლით.