პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა პასუხისმგებლობის გამკაცრებას პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის შემთხვევაში. პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარად უზრუნველყოფა დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე. საქმე ეხება „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ გათვალისწინებულ ცვლილებებს, რომლის ინიციატორია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი. იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლომ 14 აპრილს უკანონოდ ცნო კანონმდებლობის მოქმედი ნორმა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოსმენის სისტემასთან პირდაპირი მიერთების საშუალებას აძლევს. როგორ რეაგირებს საკანონმდებლო ორგანო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო გავრცელების გახშირებულ ფაქტებზე და, მეორე მხრივ, რა დავალებას აძლევს საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტს მიყურადების არსებული სისტემის შესაზღუდად?
მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის დეპუტატებმა პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება-გავრცელების თაობაზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შესახებ კენჭისყრამდე ურთიერთბრალდებებს მეტი დრო დაუთმეს, ვიდრე თავად კანონის არსებით განხილვას, კანონპროექტი პირველი მოსმენით მაინც მიიღეს.
რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი დეპუტატის თამარ კორძაიას შეფასებით,
პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი კანონი, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელების პრობლემასთან საბრძოლველად მხოლოდ ფრაგმენტული ღონისძიებაა:
„წინა ხელისუფლების პირობებში შექმნილი ინდივიდის გამანადგურებელი ინდუსტრია ჩვენ თვალწინ ძალებს იკრებს დღევანდელი ხელისუფლების პირობებში. დიახ, პირადი ცხოვრების ხელყოფის კრიმინალურ შემთხვევებზე სასჯელის ზომის გამკაცრება არის მხოლოდ ერთი, არცთუ ისე უმნიშვნელო, ასპექტი პრობლემასთან ბრძოლის, მაგრამ არა იმ მასშტაბის, რომელიც შექმნის არსებული გამოწვევის დაძლევის საკმარის, თუნდაც სამართლებრივ, საფუძველს. ჩვენ, საქართველოს პარლამენტს, გვაკისრია ვალდებულება შევქმნათ როგორც საკმარისი სამართლებრივი, ასევე ინსტიტუციური მექანიზმები იმისათვის, რომ თითოეულმა ადამიანმა თავი იგრძნოს დაცულად და უსაფრთხოდ“.
მიუხედავად იმისა, რომ თამარ კორძაიას გამოსვლის სულსკვეთებას იზიარებდა, როგორც ეს თავად დასძინა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა, მისი თქმით, რესპუბლიკელებს თავისი წილი პასუხისმგებლობა აკისრიათ ყველაფერზე, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა ქვეყანაში:
„თქვენ ხმა მიეცით ვახტანგ გომელაურის, ბიძინა ივანიშვილის პირადი მონის, დანიშვნას უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად. ეს სწორედ ის უწყებაა, რომელიც იყენებს ადამიანის პირად ცხოვრებას და კადრულობს ჯერ გამოაქვეყნოს და შემდგომში არ გამოიძიოს და ასეთი დამოკიდებულებით წაახალისოს მომავალში ადამიანების მორალური მკვლელობა“.
თავად კანონპროექტის თანახმად კი, რომელსაც დეპუტატებმა პირველი მოსმენით მხარი მაინც დაუჭირეს, ამა თუ იმ ხერხით მოპოვებული პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება და გავრცელება ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 8 წლამდე. აღნიშნული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის განმეორებით, გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას – თავისუფლების აღკვეთით 6-დან 9 წლამდე. ამასთან, პროექტის მიხედვით, ზემოთ აღნიშნული ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც სამსახურებრივი მდგომარეობის, პროფესიული საქმიანობის ან სხვა გარემოების გამო ამ საიდუმლოს დაცვა ევალებოდა, ან რომელმაც აღნიშნული ქმედება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩაიდინა, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 10 წლამდე ვადით.
დრო არის საკმარისი მომავალი წლის მარტამდე, რომ განხორციელდეს როგორც ცვლილებები კანონმდებლობაში, ასევე გადაწყვეტილება იქნეს მიღებული მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებით...უჩა ნანუაშვილი
წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებს სკეპტიკურად უყურებს სამოქალაქო სექტორი. კერძოდ, იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები,რომლებიც ჩართული არიან კამპანიაში „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“, მიიჩნევენ, რომ, გამოძიების არაეფექტურობის პირობებში, კანონის გამკაცრება აზრს კარგავს, თუმცა აპირებენ ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებული თავისი კანონპროექტი წარადგინონ პარლამენტში. ამის შესაძლებლობა კი გააჩინა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 14 აპრილს მიღებულმა გადაწყვეტილებამ. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სატელეფონო მოსმენების განსახორციელებლად ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის ფლობის, განთავსებისა და მისი უშუალოდ გამოყენების გზით ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების შესაძლებლობა, ასევე კავშირგაბმულობის ხაზებიდან და მათი შემაერთებლებიდან, მეილსერვერებიდან, ბაზებიდან, კავშირგაბმულობის ქსელებიდან და კავშირგაბმულობის სხვა შემაერთებლებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მოსაპოვებლად სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენება. გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირებისა და შენახვის მოქმედი წესი.ფარული თვალთვალისა და მიყურადების მარეგულირებელი კანონმდებლობის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოსაყვანად პარლამენტს 11-თვიანი ვადა მიეცა.
არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთ მიერ მომზადებულ კანონპროექტს პარლამენტს მალე წარუდგენენ. მათი განცხადებით, კანონპროექტის მნიშვნელოვანი პუნქტი იქნება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა.
საკონსტიტუციო სარჩელის ერთ-ერთი ავტორი სახალხო დამცველი იყო. უჩა ნანუაშვილი იმედოვნებს, რომ მომავალი წლის მარტში ფარულ თვალთვალთან მიმართებით უკეთესი კანონმდებლობა იარსებებს:
„დრო არის საკმარისი მომავალი წლის მარტამდე, რომ განხორციელდეს როგორც ცვლილებები კანონმდებლობაში, ასევე გადაწყვეტილება იქნეს მიღებული მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებით. შეიძლება იყოს სხვადასხვა მოდელები, მაგრამ კანონის და კონსტიტუციის დარღვევით არ უნდა მოხდეს პირად ცხოვრებაში ჩარევა. ნორმა, რომელიც არსებობდა, ეწინააღმდეგებოდა ადამიანის უფლებათა სტანდარტებს და ეს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა“.