აფეთქება თუ იმიტაცია?

ცხინვალი

დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილის იბრაჰიმ გასეევის სახლის კართან მომხდარი აფეთქების შემდეგ ცხინვალში არ წყდება საუბარი ვერსიების შესახებ. ერთნი ფიქრობენ, რომ ეს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მოწყობილია, ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკურ-კრიმინალური გარჩევაა, ნაწილი კი თვითაფეთქებას არ გამორიცხავს.

დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, რესპუბლიკაში არსებობენ დესტრუქციული ძალები, რომლებსაც საზოგადოებაში შიშის და ქაოსის დათესვა უნდათ. დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურა კი აფეთქებასთან უცხო ქვეყნის სპაცსამსახურების კავშირს ხედავს. თუმცა ცხინვალში ბევრს, მათ შორის, სამართალდამცავებსაც არ სჯერათ სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების მონაწილეობა, რადგან თუ გასეევის ლიკვიდაცია უნდოდა ვინმეს, ამას სხვა ადგილას ავტომატით გააკეთებდა. უკვე ცნობილია, რომ ბინის კარებთან დამონტაჟებულ ასაფეთქებელ მოწყობილობას იმხელა სიმძლავრე არ ჰქონდა, რომ ვინმე დაეზარალებინა.

იბრაჰიმ გასეევი ექსპრეზიდენტ ედუარდ კოკოითის უახლოესი მეგობარი და დასაყრდენი იყო. სწორედ გასეევი აყენებდა კონსტიტუციაში ცვლილების საკითხს პრეზიდენტის მესამე ვადით არჩევის თაობაზე. იგი მეგობრებთან ერთად პარლამენტშიც შევარდა და დეპუტატებს აიძულებდა ეს ცვლილება სწრაფად მიეღოთ. კოკოითი კი უახლოეს თანამებრძოლებს თავდადებას უფასებდა. გასეევისა და კოკოითის ინიაციატივით შეიქმნა არაერთი ფონდი, საიდანაც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს მილიონობით რუბლი გაჰქონდათ. თიბილოვის ხელისუფლებისთვის უკვე ცნობილია, რომ გასეევის თანამებრძოლები ბანკებიდან პოლიეთილენის პარკებით გატანილ ფულს უკან აღარ აბრუნებდნენ. სპეციალური კომისიის ინფორმაციით, სულ 88 მილიონი რუბლია გატანილი და თავდაცვის სამინისტროს ამ ფულის დაბრუნებას სთხოვენ. მოსახლეობის დახმარებისთვის სპეცანგარიშებიდან ფულის განაწილების მონიტორინგის სპეციალური კომისიის თავმჯდომარე როდიონ სიუკაევი ჩვენს რადიოსთან საუბარში აცხადებს, რომ ბანკებიდან უკანონოდ გატანილი ფინანსების დაბრუნებას ყველას მოსთხოვენ.

ანალიტიკოსების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ამ ბანალური თვითაფეთქებით გასეევს უნდა აჩვენოს, რომ ჩაგრულია. ცხინვალელი პოლიტიკური მიმომხილველი იური ვაზაგოვი მიიჩნევს, რომ თითოეული აფეთქებით რესპუბლიკა საერთაშორისო ავტორიტეტს კარგავს და დივერსიული და ტერორისტული სახელმწიფოს იმიჯს იმკვიდრებს.

ამ აფეთქების შემდეგ ცხინვალში სხვა საეჭვო აფეთქებებიც გაიხსენეს, როცა პოლიტიკოსებს და მთავრობის წევრებს მიზნად ყურადღების მიპყრობა და საკუთარი პიარი ჰქონდათ. დაახლოებით ერთი წლის წინ, დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ააფეთქეს მაშინდელი გენერალური პროკურორის თეიმურაზ ხუგაევის სახლი. ამ საეჭვო აფეთქების დროსაც არავინ დაშავებულა. დღეს ცხინვალში ამ ორ აფეთქებას შორის პარალელებს ავლებენ. ოსი ექსპერტი ალან ფარასტაევი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი პოლიტიკოსები და მოხელეები ასეთ ნაბიჯს ხშირად მიმართავენ და ეს მათი ფანტაზიის ნაკლებობასა და უმწიფრობაზე მეტყველებს.

ცხინვალში დღეს იმ თავდასხმებსა და აფეთქებებსაც იხსენებდნენ, რომლებსაც მსხვერპლი მოჰყვა. ცოტა ხნის წინ პროკურატურის და სახელმწიფო დაცვის თანამშრომლები დახოცეს. ანალიტიკოსების აზრით, ეს ყველაფერი ახალი ხელისუფლების ავტორიტეტს ურტყამს, საზოგადოებას კი შიშსა და გაურკვევლობაში ამყოფებს.