„ევროვიზია“ 2013: შვედეთი მასპინძლის როლში, სკანდალში გახვეული სპონსორით

„ევროვიზიის“ კონკურსი წელს კრიტიკის საგანი გახდა. მიზეზია ის გარემოება, რომ, როგორც ირკვევა, კონკურსის მთავარ სპონსორ „თელიასონერას“ (მისი სათავო ოფისი კონკურსის წლევანდელ მასპინძელ ქვეყანაში, შვედეთში მდებარეობს) კავშირი აქვს ყოფილ საბჭოთა კავშირში - მათ შორის, „ევროვიზიის“ მონაწილე რამდენიმე ქვეყანაში - ადამიანის უფლებების დარღვევებთან...

შარშან ბაქოში „ევროვიზიის“ კონკურსში გამარჯვების შემდეგ, შვედი მომღერალი ლორენი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ადამიანის უფლებების დამცველად მოგვევლინა. მისმა განცხადებამ, რომ აზერბაიჯანში ყოველდღე ირღვევა ადამიანის უფლებები, მასპინძელი ქვეყანა გააღიზიანა. მან ასევე გააკრიტიკა ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დაკავებული აქტივისტების, მათ შორის, ალეს ბიალიატსკის ოჯახის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიებისათვის:

“ძალიან განვიცდი, რომ ასეთი მშვენიერი ოჯახის წევრები ასე არიან ერთმანეთისაგან დაშორებული: შვილი ერთ ადგილასაა და დედა სხვაგან, ხოლო მამა ციხეშია, მაშინ როცა ისინი სამართლიანობისთვის იბრძვიან”.

ამიტომ, როცა შვედეთი „ევროვიზიის“ რიგით 58-ე კონკურსის ფინალისთვის მომზადებას შეუდგა, ბევრს გაუჩნდა იმედი, რომ ევროკავშირის წევრი, დემოკრატიული ფასეულობების ერთგული ქვეყანა შეჯიბრს ადამიანის უფლებებზე ყურადღების გასამახვილებლად გამოიყენებდა, მაგრამ ღონისძიების მთავარი სპონსორის, სატელეკომუნიკაციო გიგანტურ კომპანია „თელიასონერას“ გამო თვითონ შვედეთის პასუხისმგებლობის საკითხი წამოიჭრა.

ამჟამად „თელიასონერას“ წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, გადაუხადა თუ არა, ქრთამის სახით, ასობით მილიონი დოლარი უზბეკეთის მთავრობას, ამ ქვეყნის მობილური ტელეფონების ბაზრის გახსნის სანაცვლოდ.

კომპანიას ასევე ადანაშაულებენ აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, საქართველოში, ყაზახეთში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში მთავრობებისთვის კერძო სატელეფონო და ინტერნეტჩანაწერების მიწოდებაში. ეს ინფორმაცია გამოყენებული იყო პოლიტიკური ოპონენტების შანტაჟისა და დევნისათვის.

ჯოაკიმ დიფვერმაკი გამომძიებელი ჟურნალისტია. მისი პროგრამა Uppdrag Granskning, რომელსაც შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი SVT გადასცემს, ფართოდ აშუქებს „თელიასონერას“ საქმიანობას ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. მისი განცხადებით, კომპანიამ, რომლის მთავარი მფლობელები შვედეთისა და ფინეთის სახელმწიფოები არიან, მიუღებელი გარიგებები დადო მიმზიდველ პოსტსაბჭოთა ბაზარზე შესასვლელად:

“ისინი რისკზე წავიდნენ. იცოდნენ, რომ ადამიანის უფლებების დარღვევებში მონაწილეობდნენ, იცოდნენ, რაც დაუჯდებოდათ, მაგალითად, უზბეკეთში, სადაც რეჟიმს ფული გადაუხადეს. მათ რეჟიმებთან შეთანხმების წყალობით მიიღეს ლიცენზიები, ხოლო, კომპანიის წყალობით, მათ კლიენტებზე შეუზღუდავად მიუწვდებათ ხელი უშიშროების სამსახურებს. ისინი შეზღუდული არიან დიქტატორებთან ამგვარი ხელშეკრულებებით”.

ევროპის სამაუწყებლო კავშირმა, რომელიც „ ევროვიზიის“ კონკურსების ორგანიზატორია, „თელიასონერას“ გასული წლის ბოლოს გაუფორმა 2013 წლის კონკურსის სპონსორის კონტრაქტი და აღნიშნა, რომ კომპანიასთან აკავშირებს “შესანიშნავი თანამშრომლობის” გამოცდილება, მიღებული ევროვიზიის 2007 წლის კონკურსის დროს. მაშინ, ჰელსინკიში, „თელიასონერა“ პირველად იყო „ევროვიზიის“ კონკურსის სპონსორი. ევროპის სამაუწყებლო კავშირმა (EBU-მ) შარშანაც გადასცა სპონსორის უფლებები ამ კომპანიას, კერძოდ, „თელიასონერას“ კუთვნილ „აზერსელს“, „ევროვიზიის“ კონკურსის მასპინძლის როლში აზერბაიჯანის დებიუტისათვის.

არჩევანი, მართალია, მოულოდნელი არ ყოფილა, მაგრამ ზოგისთვის სადავო გამოდგა: ცნობილია, რომ „აზერსელს“ აზერბაიჯანის მთავრობისთვის აქვს მიწოდებული იმ მოქალაქეთა ტექსტური შეტყობინებები, რომლებმაც 2009 წლის „ევროვიზიის“ ფინალში ხმა სომხეთს მისცეს ... სულ ცოტა, ერთი აზერბაიჯანელი დაიბარეს უშიშროების ეროვნულ სამსახურში ამ არაპატრიოტული ნაბიჯის გამო.

მედიის საკითხებში ევროპის სამაუწყებლო კავშირის დირექტორი ანიკა ნიბერგი აცხადებს, რომ „თელიასონერასთან“ კონტრაქტის გაფორმება გადაწყდა ხანგრძლივი მოლაპარაკების საფუძველზე, როგორც სატელეკომუნიკაციო ოპერატორის, ანუ „თელიასონერას“, ისე შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, კონკურსის ტრანსლაციაზე პასუხისმგებელი SVT-ის მონაწილეობით. ნიბერგს ეჭვი არ ეპარება, რომ „თელიასონერა“ პასუხს გასცემს მისთვის წაყენებულ ბრალდებებს, ხოლო რაც შეეხება ევროპის სამაუწყებლო კავშირის პასუხისმგებლობას, ანიკა ნიბერგი აცხადებს, რომ ორგანიზაცია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ფასეულობებს, როგორიცაა, მაგალითად, გამოხატვის თავისუფლება.

“ჩვენ არ ვართ ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია. ჩვენ ვართ მედიაორგანიზაცია და წარმოვადგენთ მედიაკომპანიებს. მაგრამ ასევე გვაქვს ღირებულებები, რომელთაც ვიცავთ, სპონსორებს კი ვირჩევთ ჩვენი ღირებულებების შესაბამისად და მათთან თანამშრომლობის საფუძველზე. რა თქმა უნდა, დიდ სიფრთხილეს ვიჩენთ მათი შერჩევისას,” - აცხადებს ანიკა ნიბერგი.

„ევროვიზია“ თავისი თვალისმომჭრელი პოპ-მუსიკის ტრადიციებითა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მრავალფეროვანი, მხიარული ზეიმით ცდილობს თავი აარიდოს პოლიტიკას. მაგრამ მას შემდეგ, რაც კონკურსი აღმოსავლეთისაკენ გაფართოვდა და თავის რიგებში ახალი წევრები - პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ჩართო, ეს გარემოება მრავალმა უფლებადამცველმა გამოიყენა ადამიანის უფლებების საკითხზე ყურადღების გასამახვილებლად - განსაკუთრებით, კონკურსების პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის, აზერბაიჯანსა და რუსეთში ჩატარებისას.

„თელიასონერაც“ რა ხანია, მიმართავს ზომებს პოსტსაბჭოთა სივრცეში თავისი საეჭვო ქმედების გამოსასწორებლად. თანამდებობიდან გადადგა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს რამდენიმე წევრი და კომპანიამ აამოქმედა ახალი წესები, რომლებითაც ამიერიდან იხელმძღვანელებს გამოხატვის თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების დასაცავად.

მაგრამ ყველა როდია კმაყოფილი. შვედი უფლებადამცველი იზაბელ სომერფელდი ხშირად ჩადის ბელარუსში და არაერთხელ შესწრებია ოპოზიციონერი დემონსტრანტებისადმი სასტიკ მოპყრობას. ის აცხადებს, რომ „თელიასონერას“ არ დაუმსახურებია იყოს „ევროვიზიის“ სპონსორი, რასაც მშვენიერი შემოსავალი და 125-მილიონიანი აუდიტორიის ყურადღება უკავშირდება:

“მე ვფიქრობ, მათთვის ეს, მართლაც, დაუმსახურებელი პიარია. დღესდღეობით „თელიასონერა“ არის არაეთიკური კომპანია. ის ჯერ კიდევ თანამშრომლობს რეჟიმებთან, რომლებიც ხალხს ჩაგრავენ. სხვა ქვეყნები არ უნდა ეხმარებოდნენ დიქტატორებს თავიანთი ხალხის ჩაგვრაში, ეს კი ზუსტად ისაა, რასაც „თელიასონერა“ აკეთებს”.