103 ხმით 27-ის წინააღმდეგ - მწვავე დებატების შემდეგ, კენჭისყრის ასეთი შედეგით დამტკიცდა 1 ოქტომბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე რეზოლუცია ”საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება”, რომელიც მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების მიკაელ ასტრუპ იენსენისა და ბორის ცილევიჩსის მიერ მომზადებულ ანგარიშს ეყრდნობა. დებატების მსვლელობისას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების კრიტიკა ძირითადად ყოფილი თანამდებობის პირთა გასამართლებას უკავშირდებოდა.
რეზიუმეში ნათქვამია, რომ ბოლო წლებში საქართველომ მიაღწია შესამჩნევ პროგრესს დემოკრატიული განვითარების პროცესში და, მაგალითად, საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში განმტკიცდა პარლამენტის როლი, რომლის წინაშეც უფრო ანგარიშვალდებული გახდა ქვეყნის მთავრობა. თუმცა პოლიტიკური სივრცე კვლავაც უკიდურესად პოლარიზებულად მიიჩნევა და, როგორც ანგარიშის ერთ-ერთმა ავტორმა, მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელმა, მიკაელ ასტრუპ იენსენმა აღნიშნა საპარლამენტო ასამბლეის 1 ოქტომბრის სხდომაზე, არჩევნების წინ საქართველოში წნეხის ქვეშ მოექცნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, რათა მოეხსნათ თავიანთი კანდიდატურები და ამ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არაერთ შემთხვევაში ასევე წნეხის ქვეშ მოექცნენ პარლამენტის სივრცეშიც. იმედი არის, მაგრამ მისასალმებელი კონდიცია ჯერ ისევ შორსაა:
”მთლიანობაში, კვლავ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ საქართველოს შეუძლია მიაღწიოს ისეთ პროგრესს, რომელსაც ჩვენ მივესალმებით, მაგრამ ჩვენ ასევე ვიტყვით, რომ ჯერ კიდევ გრძელი, გრძელი გზაა გასავლელი”.
ჩვენს ანგარიშში ხაზი გავუსვით რამდენიმე მოვლენას და, კერძოდ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოფილი პრეზიდენტის, ბატონი სააკაშვილის გასამართლება მოხდეს თავისუფალი მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტების შესაბამისად...ბორის ცილევიჩსი
საქართველოს მომავლის მისამართით ოპტიმისტურ განწყობას გამოხატავს ანგარიშის კიდევ ერთი თანაავტორი, მონიტორინგის კომიტეტის კიდევ ერთი თანამომხსენებელი, ბორის ცილევიჩსი. თუმცა მის შეფასებებშიც მრავლად არის კრიტიკული აქცენტები და ისინი მედიის თავისუფლებას, წინასწარი პატიმრობის ხშირ პრაქტიკას, მაჰმადიანი მესხების დაბრუნებისა თუ უმცირესობათა პრობლემებს უკავშირდება. აქვეა კიდევ ერთი აქცენტი, რომელიც აშკარად დომინირებდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოთხშაბათის დებატებში:
”ცხადია, სასამართლო სისტემა კვლავაც რჩება მგრძნობიარე საკითხად. ჩვენს ანგარიშში ხაზი გავუსვით რამდენიმე მოვლენას და, კერძოდ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოფილი პრეზიდენტის, ბატონი სააკაშვილის გასამართლება მოხდეს თავისუფალი მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტების შესაბამისად”.
ყოფილი თანამდებობის პირთა სამართლებრივი დევნის საკითხი, როგორც უკვე ვთქვით, ოთხშაბათის დებატების ერთ-ერთ უმთავრეს აქცენტს წარმოადგენდა. მართალია, კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა დეპუტატებმა - გუგული მაღრაძემ, ეკა ბესელიამ თუ ირაკლი ჩიქოვანმა - თავიანთ გამოსვლებში სცადეს აეხსნათ, კანონზე მაღლა არავინ დგას, ყველაფერი გამჭვირვალედ ხდება და სიმართლის დადგენა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლიაო, მაგრამ პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებული ეჭვების კონტექსტში საკმაოდ მკაცრი შეფასებები გამოითქვა და პარალელები იანუკოვიჩის რეჟიმთანაც კი გაივლო. ასე იყო, მაგალითად, ესტონელი დეპუტატის, ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლის, ლიისა-ლი პაკოსტას გამოსვლაში:
”სამწუხაროდ, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვხედავდით უკრაინაში, პრეზიდენტ იანუკოვიჩის მხრიდან თავისი პოლიტიკური ოპონენტების დევნისა და რეფორმების სიმულირების სახით, ახლა ვხედავთ, რომ იგივე ხდება საქართველოში. ჩვენ უეჭველად უნდა დავუჭიროთ მხარი საქართველოს მრავალპარტიულ დემოკრატიას, მაგრამ ჩვენ ასევე შეშფოთება უნდა გამოვხატოთ ოპოზიციის წარმომადგენლების სისხლის სამართლებრივი დევნის გამო. საქართველომ დემოკრატიული განვითარების პროცესში პატივი უნდა სცეს პოლიტიკურ პლურალიზმსა და ღია დებატებს”.
არ ვიცი როგორ ხდება ეს თქვენთან, მაგრამ ნორმალურ ევროპულ ქვეყანაში მთავრობას აბსოლუტურად კანონიერად შეუძლია კონსულტაციები გაიაროს ნებისმიერთან, ვისაც ის თავად შეარჩევს...მიკაელ ასტრუპ იენსენი
მსგავსებას საქართველოს ხელისუფლებასა და ვიქტორ იანუკოვიჩის რეჟიმს შორის ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების გამოსვლებშიც გაესვა ხაზი. ჩიორა თაქთაქიშვილი და გიორგი კანდელაკი აღნიშნავდნენ, რომ ქვეყანაში ტოტალურად იდევნებიან ოპოზიციის წარმომადგენლები და რომ მთავრობა არაფერს აკეთებს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის სახელი და გვარი ნახსენები იყო ცვლილების პროექტში, ნომრით 33, რომელიც კენჭისყრაზე ჩავარდა. ამ ცვლილების თანახმად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შეშფოთება უნდა გამოეხატა იმის გამო, რომ ყოფილი პრემიერი ზეგავლენას ახდენს მთავრობის გადაწყვეტილებათა მიღების პროცესზე. ”არ ვიცი როგორ ხდება ეს თქვენთან, მაგრამ ნორმალურ ევროპულ ქვეყანაში მთავრობას აბსოლუტურად კანონიერად შეუძლია კონსულტაციები გაიაროს ნებისმიერთან, ვისაც ის თავად შეარჩევს”, - ასეთი კომენტარით გააპროტესტა ეს ცვლილება მიკაელ ასტრუპ იენსენმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოთხშაბათის სხდომაზე კენჭი ეყარა ასევე სხვა 25 ცვლილებასა და 6 ქვეცვლილებას. უმეტესობა დამტკიცდა. გაწვეულ იქნა სხვა 8 ცვლილება. კოალიცია ”ქართული ოცნების” დეპუტატთა მცდელობის მიუხედავად, ჩავარდა, მაგალითად, ცვლილება, ნომრით 14, რომლის მიხედვითაც, ასამბლეას კმაყოფილება უნდა გამოეხატა 2013 წელს „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ წამოწყებული რეფორმის მისამართით და მოწოდებით უნდა მიემართა როგორც უმრავლესობისთვის, ასევე უმცირესობისთვის, საკითხის პოლიტიზების გარეშე დაეძლიათ ამჟამად არსებული გამოწვევები.
თანამომხსენებლებს ჰქონდათ მცდელობა, რომ დოკუმენტის პროექტი, ცვლილებების უკეთ გასააზრებლად, დაბრუნებოდა მონიტორინგის კომიტეტს, მაგრამ კენჭისყრის შედეგად ეს წინადადება ჩავარდა.