ევროპული, სამართლიანი, უსაფრთხო შრომის პირობები

აქცია მთავრობის კანცელარიასთან

მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე თბილისში არაერთი აქციით აღინიშნა, რომელიც, საბოლოოდ, პარლამენტის შენობასთან მანიფესტაციის მიღებით დასრულდა. სტუდენტები, ქალთა მოძრაობის წევრები, გაერთიანებული პროფკავშირები საპირველმაისო მსვლელობას ქალაქის სხვადასხვა კუთხიდან შეუერთდნენ. ეფექტური შრომის ინსპექცია, მინიმალური ხელფასის შესახებ ახალი კანონი, ქალთა შრომითი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება - ეს იმ მოთხოვნების არასრული ჩამონათვალია, რომელთაც სოლიდარობის აქციის მონაწილეები ხელისუფლებას უგზავნიან.

Your browser doesn’t support HTML5

ევროპული, სამართლიანი, უსაფრთხო შრომის პირობები

„ვის მხარეს ხარ შენ?“ - მშომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნა სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის წევრებმა ამ სლოგანით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოდან დაიწყეს და მსვლელობით ჯერ ვარდების მოედნის, შემდეგ კი მშრომელთა სოლიდარობის აქციის ეპიცენტრის, პარლამენტის შენობისკენ, გადაინაცვლეს. ეფექტური შრომის ინსპექცია, მინიმალური ხელფასის შესახებ ახალი კანონი, კონსტიტუციაში შრომის პირობებზე ზედამხედველობის მექანიზმებთან ჩანაწერის გაკეთება, „თავისუფლების აქტისა“ და კონსტიტუციის 94-ე მუხლის გადახედვა ან გაუქმება - ეს იმ მოთხოვნების არასრული ჩამონათვალია, რომელთაც „აუდიტორია 115“-ის წევრის, მარიამ ბაღდავაძის, თქმით, სტუდენტები ხელისუფლების წარმომადგენლებს უგზავნიან:

„’აუდიტორია 115’ ყოველთვის, დღიდან დაარსებისა, სოლიდარობას უცხადებდა მშრომელებს და იდგა სოციალური კეთილდღეობის გვერდით. ჩვენ მოთხოვნების ძალიან გრძელი სია გვაქვს, მაგრამ ამათგან უმნიშვნელოვანესია, რომ შეიქმნას ქვეყანაში ქმედითი შრომის ინსპექცია, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი კვდება და ზიანდება სამუშაო ადგილებზე დამსაქმებლების დაუდევრობის გამო“.

Your browser doesn’t support HTML5

ევროპული, სამართლიანი, უსაფრთხო შრომის პირობები

გაერთიანებული პროფკავშირების მონაცემებით, 2016 წელს სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 58 ადამიანი, რაც, 2015 წლის მონაცემთან შედარებით, ტრაგიკულ შემთხვევათა 38 %-იან ზრდას ნიშნავს. ამასთან, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო 84-მა ადამიანმა. პროფკავშირებისავე ინფორმაციით, ეს მონაცემები სრულყოფილ სურათს არ იძლევა, რამდენადაც მრავალი ამგვარი ფაქტი არ ხმაურდება და საზოგადოებისგან დაფარული რჩება. ეს სტატისტიკა კი, მათი მტკიცებით, იმის პირდაპირი შედეგია, რომ დღეისათვის ქვეყანაში არ არსებობს რეალური „შრომის სახელმწიფო ინსპექცია“.

ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა მოითხოვეს მთავრობის კანცელარიასთან ქალთა მოძრაობის წარმომადგენლებმა. მათი თქმით, ქვეყანაში უნდა შეიქმნას ისეთი შრომის ინსპექცია, რომელიც უფლებამოსილი იქნება შეამოწმოს ნებისმიერი დაწესებულების შრომითი პირობები და გამოსცეს საჯარო და შესასრულებლად სავალდებულო რეკომენდაციები. აქცია, სახელწოდებით „დაიცავით ჩვენი შრომა“, მთავრობის კანცელარიასთან დღის პირველ საათზე დაიწყო. აქციის მთავარი და ზოგადი გზავნილი დასაქმების ადგილებზე ქალთა უფლებრივი მდგომარეობა იყო, კონკრეტული საჭიროებებისა და მოთხოვნების შესახებ კი რადიო თავისუფლებას აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, იდა ბახტურიძე, ელაპარაკა, რომელმაც გენდერულად მგრძნობიარე შრომის ინსპექციის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დღესდღეობით ქალთა დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში ფართოდაა გავრცელებული, რაც არაერთი მიმართულებით წარმოჩნდება - იქნება ეს სამუშაო ადგილებზე სექსუალური შევიწროება თუ ქალისა და კაცის ხელფასებს შორის დიდი განსხვავება:

აქცია პარლამენტის შენობის წინ

„ცალსახაა, რომ სპეციფიკური საჭიროებები და უფლებაშეზღუდვები აქვთ ქალებს, ქალ დასაქმებულებს, და ჩვენ ვაკეთებთ აქცენტს, რომ, მაგალითად, ჩვენ, ქალები, ვხდებით სამუშაო ადგილებზე სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი. ასევე, სამუშაო ადგილებზე ორსულობის გამო მიმდინარეობს ქალების დისკრიმინაცია. გარდა ამისა, ქალებისა და კაცების საშუალო თვიური ხელფასი განსხვავდება და ქალების ხელფასი თითქმის 40 %-ით დაბალია. ჩვენ ვითხოვთ, რომ შრომის ინსპექცია იყოს ქმედითი და, გარდა სხვა დანარჩენისა, ითვალისწინებდეს გენდერულ ასპექტებსაც“.

პირველი მაისის - მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის - ეპიცენტრად იქცა ჯერ ვარდების მოედანი და შემდეგ უკვე რუსთაველის გამზირი, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია, სადაც საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირის ორგანიზებით სოლიდარობის აქცია გაიმართა და სადაც პროფკავშირის წევრებმა და სხვადასხვა სექტორში დასაქმებულმა ადამიანებმა ევროპული სტანდარტების შესაბამისი სამართლიანი და უსაფრთხო შრომის პირობების შექმნა, მაღალხარისხიანი სოციალური დაცვა, ქალთა შრომითი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, დამსაქმებელთან უფლებრივი თანასწორობის პრინციპები მოითხოვეს. მათ შორის იყო კობა ძიძიგური, საქართველოს რკინიგზის თანამშრომელი, რომელიც 10 წელია სატვირთო გადაზიდვებს ემსახურება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში დასაქმებულთა შრომითი პირობები მეტ-ნაკლებად გამოსწორდა, მთელი რიგი საკითხები კვლავაც პრობლემად რჩება, მათ შორის - შრომის უსაფრთხო პირობები:

„მაინც გვაქვს დაბრკოლებები. მაგალითად, სადაზღვევოსთან გვქონდა პრობლემები და გასულ წელს საერთოდ დაზღვევის გარეშე დავრჩით. პენსიამდე ვერ აღწევენ ადამიანები, ისეთი მავნე სამსახურია. სიცხე, ელექტრომაგნიტური ველი, მაზუთი, ნავთობი.... ძალიან ბევრ რამეზე შეიძლება ლაპარაკი. ისეთი დიდი მოგება აქვს ჩვენს სამსახურს, რომ შესაძლოა, რომ უფრო მეტად მიაქციონ ყურადღება უსაფრთხოებას თუ სხვა საკითხებს“.

აქცია პარლამენტის წინ

საპირველმაისო საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა ერთობლივი მანიფესტი მიიღეს, რომელიც ხელისუფლებას გადაუგზავნეს. როგორც მანიფესტში ვკითხულობთ, დღემდე საქართველოს ხელისუფლებაში ვერ მივიდა პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს რეფორმებს ხალხთან შეთანხმებით და ფართო საზოგადოებასთან დიალოგის გზით გაატარებდა და რომ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება, ისევე როგორც სხვა სოციალური თუ პოლიტიკური ჯგუფები, ოფიციალურად გაგზავნილი მოთხოვნების მიუხედავად, ვერ მოხვდა კონსტიტუციის რეფორმირების სახელმწიფო კომისიაში, რის შედეგადაც არ გაისმა მშრომელი მოსახლეობის ხმა და მუშაობა კვლავაც მხოლოდ მმართველი ძალის პოლიტიკური პრეფერენციების მიხედვით წარიმართა. გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის, თქმით, შესაბამისად, აღნიშნულმა კომისიამ უარი თქვა კონსტიტუციაში შრომის პირობებზე ზედამხედველობის მექანიზმებთან დაკავშირებით ჩანაწერის გაკეთებაზე, ე.წ. „თავისუფლების აქტისა“ და კონსტიტუციის 94-ე მუხლის გადახედვის ან გაუქმების თაობაზეც, რაც გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს:

„ქვეყანაში, სადაც ბანკების წლიური მოგება 135 %-ია. უამრავი ადამიანია დატანჯული კრედიტებისგან, დატანჯულია კორპორაციული სიხარბისგან, დატანჯულია გაუბედურებული ცხოვრებისგან, სადაც უსაფრთხო შრომა არ არის გარანტირებული, სადაც კონსტიტუციის მეორე თავიდან იღებენ შრომით უფლებებს, სადაც აკანონებენ „ეკონომიკური თავისუფლების აქტს“, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ პროგრესული გადასახადი საერთოდ აღარ იყოს ქვეყნაში, ანუ უფსკრული, რომელიც არსებობს მდიდარ და ღარიბ ადამიანთა შორის, კიდევ უფრო გაღრმავდეს ეს უფსკრული მდიდრების სასარგებლოდ“.

„ეკონომიკური თავისუფლების აქტი“ უკვე დიდი ხანია საჯარო დისკუსიის საგანია. ამ სახელით ერთიანდება საქართველოს ორი საკანონმდებლო აქტი: პირველი, 2010 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილება, რომლის თანახმადაც ახალი გადასახადების დასაწესებლად ან საგადასახადო განაკვეთის გასაზრდელად საჭიროა რეფერენდუმის ჩატარება, და მეორე, 2013 წელს ძალაში შესული კანონი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ, რომელიც დამატებით შეზღუდვებს უწესებს ხელისუფლებას ფისკალური პოლიტიკის განხორციელებაში.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მოუწოდებს ქვეყნის ხელისუფლებას მაქსიმალურად გააკონტროლოს შრომის არსებული სტანდარტებისა და წესების შესრულება და მოახდინოს შრომის საერთაშორისო კონვენციების რატიფიცირება.