ევროპელი ულტრანაციონალისტები, ალექსანდრ დუგინი და საქართველო

ალექსანდრ დუგინი დონბასის მხარდმაჭერ აქციაზე. მოსკოვი, 2014 წლის 2 აგვისტო.

ევროკავშირის ექსპერტებს იმთავითვე არ ეპარებოდათ ეჭვი, რომ საბერძნეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე პოლიტიკური ძალის, „სირიზას“ პარტიის, გამარჯვება გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებდა ევროკავშირის წევრთა იმ მყიფე სოლიდარობას, რამაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ქმედებების დაგმობაში იჩინა თავი. ეს ეჭვები კიდევ უფრო გაამყარა მედიაში გაჟონილმა ელექტრონულმა მიმოწერამ, რაც ფარდას ხდის ევრაზიულობის იდეოლოგს, რუს ულტრანაციონალისტ ალექსანდრ დუგინსა და სანქციების ქვეშ მყოფ რუს მილიარდერ კონსტანტინ მალოფეევთან საბერძნეთის ახალი სახელისუფლებო პარტია „სირიზას“ ხელმძღვანელობისა და მთელი ევროპის ულტრანაციონალისტების მჭიდრო კავშირებს. ამ დუეტს ჰყავს კიდევ ერთი მოკავშირე, მართლმადიდებელი ბიზნესმენი ალექსეი კომოვი, რომელიც „ოჯახების მსოფლიო კონგრესის“ წარმომადგენელია, იმ კონგრესისა, რომლის რეგიონალური კონფერენცია გასული წლის 17 მაისს თბილისშიც გაიმართა.

2014 წლის დეკემბერში რუს ჰაკერთა ჯგუფმა, რომელიც „შალტაი ბალტაის“ სახელითაა ცნობილი, ვინმე გიორგი გავრიშისაგან ფოსტიდან აღებული ელექტრონული წერილების კოლექცია სოციალური მედიით გაავრცელა. როგორც გაირკვა, გავრიში დუგინის ყველაზე ახლო მეგობარი და რუსი ულტრანაციონალისტის მიერ დაარსებული ევრაზიული მოძრაობის ოფიციალური წარმომადგენელია. წერილების უმრავლესობა ალექსანდრ დუგინისა და მილიარდერ კონსტანტინ მალოფეევის იმ საქმიანობაზე მეტყველებს, რასაც ულტრანაციონალისტური დუეტი რუსეთისადმი სიმპათიურად განწყობილ ევროპელ პოლიტიკოსთა და ინტელექტუალთა გაერთიანების შესაქმნელად ეწევა. ამ იმეილებს შორის აღმოჩნდა გავრიშისა და საბერძნეთის ულტრამემარცხენე პოლიტიკური პარტია „სირიზას“ ხელმძღვანელობის მიმოწერაც, რაც სულაც არ ეჩვენება გასაკვირად მედიის მკვლევარსა და ბლოგერს ხრისტო გროზევს:

„ჩვენ გადაჭარბებით არ უნდა მოვეკიდოთ ამ კავშირს, რაც ძალიან ბუნებრივია. გასაკვირი ის იქნებოდა, ასეთი კავშირი რომ არ არსებულიყო. ამ არქივში, რაც მე ვერ აღმოვაჩინე, ეს არის პირდაპირი ფინანსური თუ სხვა სტრუქტურული დახმარების დამადასტურებელი ფაქტები მოსკოვსა და „სირიზას“ შორის“.

ალექსანდრ დუგინის უახლოესი თანამებრძოლი და ნდობით აღჭურვილი პირი, ზემოხსენებული გიორგი გავრიში, წლების განმავლობაში - 2013 წლამდე - ცხოვრობდა საბერძნეთში და, როგორც ხრისტო გროზევი აცხადებს, აქტიურად მუშაობდა მსგავსი ულტრანაციონალისტური მსოფლმხედველობის ბერძენ საჯარო მოხელეებზე და ცდილობდა ჩაება ისინი იმ იდეოლოგიურ დაპირისპირებაში, რასაც, დუგინის კონცეფციის თანახმად, „ევრაზიანიზმის ატლანტიზმის წინააღმდეგ ბრძოლა“ ეწოდება:

„მე არ მოველოდი მისტიციზმის ისეთ დონეს, რაც ასე ჭარბობს საბერძნეთის პოლიტიკური აქტიორებისა და დუგინის მთელ ამ ურთიერთობაში. ნიკოლას ლაოსი, ვინც „სირიზასა“ და დუგინის წრის მთავარი მეკავშირეა, გიორგი გავრიშთან ერთად საბერძნეთის პოლიტიკურ სივრცეში გამუდმებით მასონებზე დაკვირვებით არის დაკავებული, მასონებზე, რომლებიც, მათი განმარტებით, რუსული ხაზის ყველაზე დიდი მტრები არიან“.

ერთ-ერთი იმეილში, რომელმაც მედიაში გაჟონა, ლაოსი დუგინს ატყობინებს, რომ „კარგად იცის, თუ როგორ მუშაობენ მტრები, რომლებსაც მისი, ანუ დუგინის, მფარველობით, ეფექტურ და მტკივნეულ დარტყმას მიაყენებს“.

კიდევ ერთ მესიჯში მოხსენიებულია ცნობილი ბერძენი პოლიტიკოსი პანოს კამენოსი, რომელიც ულტრანაციონალისტური „თავისუფალ ბერძენთა“ პარტიის ლიდერია. იმეილში, რომელიც 2014 წლის 25 ოქტომბრითაა დათარიღებული, გავლენიანი ბერძენი ბლოგერი დიმიტრის კონსტანტაკოპოულოსი მსჯელობს გეოპოლიტიკის სწავლებათა ინსტიტუტზე, რომელიც კამენოსის მეგობარმა, თრაკიის უნივერსიტეტის პროფესორმა ფილიპოს ცალიდისმა დააარსა.

„დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ენთუზიაზმით აღსავსე პანოსი რეგულარული თანამშრომლობის თხოვნით მოვიდა. ამის შემდეგ იგი პირად საკითხებზე - როგორც ჩვენ გვითხრა, მეგობრის ჯვრის წერაზე -მოულოდნელად წავიდა მოსკოვში და უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. ძალიან მინდა როდისმე მაინც გავიგო, თუ რა იყო მიზეზი მისი ასეთი უცნაური გაუჩინარებისა“, - ვკითხულობთ ბერძენი ბლოგერის მესიჯში.

ნიშანდობლივია, რომ ამ მესიჯის დაწერიდან გავიდა ზუსტად 4 თვე და პანოს კამენოსმა, რომელმაც „სირიზას“ ლიდერ ალექსის ციპრასთან ერთად ვადამდელი არჩევნების შემდეგ კოალიციური შეთანხმება გააფორმა, საბერძნეთის თავდაცვის მინისტრის პოსტი დაიკავა.

ჰაკერთა ჯგუფის მიერ სოციალურ მედიაში გავრცელებული ელექტრონული მიმოწერიდან ირკვევა ასევე, რომ ალექსანდრ დუგინს კავშირი ჰქონდა საბერძნეთის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკოს კოტზიასთან. 2013 წლის აპრილში კოტზიასმა, იმხანად პიროსის უნივერსიტეტის პროფესორმა, დუგინი დაპატიჟა საერთაშორისო პოლიტიკასა და ევროაზიანიზმის თემაზე ლექციების წასაკითხად.

„საბერძნეთი არ უნდა შეუერთდეს რუსეთის ლიდერობით მოქმედ ევრაზიულ გაერთიანებას. სამაგიეროდ, მან უნდა ითამაშოს „ევროპის არქიტექტურის მშენებლის“ როლი და სერბიასა და სხვა ქვეყნებთან ერთად „ევროპული იდენტობის აღმოსავლურ ციტადელად“ იქცეს, - აღუნიშნავს ერთ-ერთ ლექციაზე ალექსანდრ დუგინს, რომელიც მსგავსი მისიით მთელი ევროპის მასშტაბით ეწევა მოღვაწეობას.

„ლამის 20 წელიწადზე მეტია, რაც დუგინს კავშირი აქვს საფრანგეთის, იტალიის, ბელგიისა და დიდი ბრიტანეთის ნაირგვარი მემარჯვენე ყაიდის ინტელექტუალურ სპექტრთან. ის კითხულობს მათ ნაშრომებს და ისინი კი - მისას. დუგინის ზოგიერთი წიგნი ითარგმნა. ეს არ არის ძალიან საჯარო სახის საქმიანობა, ვინაიდან ეს ხდება ელიტის დისკურსში, საგამომცემლო სფეროს, ფსევდოაკადემიური ინტელექტუალების ვიწრო წრის წარმომადგენელთა შორის“, ამბობს ანდრეას უმლანდი, კიევ-მოგილიოვის აკადემიის პროფესორი.

თუმცა ამ საქმიანობას საკმაოდ სუსტი მიზიდულობის ძალა ჰქონდა მანამ, ვიდრე დუგინმა ძალები არ გააერთიანა რუს მილიარდერ კონსტანტინ მალოფეევთან, კონსერვატიული ყაიდის რუს მართლმადიდებელ ნაციონალისტთან. 2014 წლის 20 თებერვალს დუგინმა და მალოფეევმა დაწერეს მემორანდუმი, რომელშიც იდენტიფიცირებულნი არიან დასავლეთ ევროპაში მათი მთავარი პოტენციური პარტნიორები.

ამას მოჰყვა 2014 წლის მაისის საიდუმლო კონფერენცია ვენაში, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სწორედ დუგინი და მალოფეევი მასპინძლობდნენ.

ამ შეხვედრაზე დუგინი და მალოფეევი უკიდურესი მემარჯვენე პარტიების - ავსტრიის „თავისუფლების პარტიის“, ბულგარეთის „ატაკას“ და საფრანგეთის „სახალხო ფრონტის“ - წარმომადგენლებს შეხვდნენ, რათა ერთობლივი მჭიდრო კავშირით რუსეთის საგარეო პოლიტიკის მხარდაჭერისათვის მიეღწიათ.

დაბოლოს, გაჟონილ იმეილებში ასევე ხშირად ფიგურირებს მალოფეევის კიდევ ერთი პარტნიორის, მართლმადიდებელი ბიზნესმენის ალექსეი კომოვის სახელი. როგორც ირკვევა, იგი კონსერვატიული ფორუმის „ოჯახების მსოფლიო კონგრესში“ რუსეთის წარმომადგენელია. კომოვი 2014 წლის თებერვალში სიტყვით გამოვიდა ვაშინგტონის „ეროვნულ პრესკლუბში“ და უოლ სტრიტის ბანკირებს ბრალი დასდო: რუსეთს თავს ახვევენ კომუნიზმსო.

ნიშანდობლივია, რომ ვაშინგტონის ამ შეხვედრიდან ორი თვის შემდეგ "ოჯახების მსოფლიო კონგრესის" წარმომადგენლები თბილისში, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", რეგიონალურ კონფერენციაზე შეიკრიბნენ.

კონფერენციაზე ისაუბრეს თემაზე "ოჯახური ღირებულებები თანამედროვე მსოფლიოში". ღონისძიებას, "ოჯახების მსოფლიო კონგრესის" სხვადასხვა წარმომადგენლის გარდა, ზემოხსენებული ალექსეი კომოვიც ესწრებოდა. კონფერენციის ერთ-ერთი მასპინძელი კი საქართველოში გახლდათ ცნობილი ქართველი ბიზნესმენი, "დემოგრაფიული განვითარების ფონდის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან ვასაძე.

„ჩემი აზრით, ეს არის ძალიან საჭირო კონფერენცია საქართველოს სინამდვილეში. ბევრი ახალი რამ გავიგეთ და საქართველოს საზოგადოებამ შეიტყო ფაქტები ძალიან დამაფიქრებელი ტენდენციების შესახებ, რომელიც თან ახლავს ამ ბრძოლას დასავლეთში. ეს არ არის მარტო ჩვენი ბრძოლა და ესეც უნდა გვესმოდეს“, - განაცხადა ლევან ვასაძემ.

კონფერენცია საქართველოში განსაკუთრებით იმით დაამახსოვრდათ, რომ მასზე სიტყვით გამომსვლელებმა პარლამენტის მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონისა და თავიანთ ქვეყნებში არსებული გამოცდილების შესახებ ისაუბრეს და მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც მოუწოდეს საქართველოს მთავრობასა და პოლიტიკოსებს გაეუქმებინათ აღნიშნული კანონი ან შეეცვალათ იმგვარად, რომ მას „ჭეშმარიტად დემოკრატიული გზით აესახა ქართველი ხალხის სურვილები და ღირებულებები“.