ევროპარლამენტში გაიმართა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებულ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია. რეგულაციას, რომელიც საქართველოსთვის უვიზო რეჟიმს ითვალისწინებს, ხელი მოაწერეს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაიანიმ და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, მალტის საპარლამენტო მდივანმა კრის აგიუსმა. ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. მან გამოთქვა შეფასება, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ დოკუმენტზე ხელის მოწერა არის საქართველოს მიმართ, პირველ რიგში, პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვა. „დღეს ევროკავშირის კარი გაიღო საქართველოსათვის, საქართველოს მოქალაქეებისათვის. და ეს უკვე აღარ არის პირველი ნაბიჯები ევროინტეგრაციის მიმართულებით, ეს უკვე არის მნიშვნელოვანი მიღწევა ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით“, - განაცხადა კვირიკაშვილმა ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას. ინფორმაციით, რომელსაც ჩვენი ბრიუსელელი კორესპონდენტი გვაწვდის, საქართველოს მოქალაქეები, სავარაუდოდ, 28 მარტიდან შეძლებენ ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობას. ასეთი ვარაუდის საფუძველს იძლევა ცნობა, რომ ევროკავშირის ოფიციალურ გამოცემაში 8 მარტს გამოქვეყნდება განახლებული რეგულაცია, ხოლო. გამოქვეყნებიდან 20-მდე დღის შემდეგ საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ მოკლევადიანი ვიზით მოგზაურობას ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებში.