ევროკომისიის შეფასებები საქართველოს ვიზების ლიბერალიზაციის პროცესში

იანოშ ჰერმანი

8 მაისს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა მედიას წარუდინა ევროკომისიის მესამე მიმდინარე ანგარიში საქართველოს მიერ „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ განხორციელების შესახებ. დოკუმენტში, რომელიც გეგმის მეორე ფაზის შესრულებას აფასებს, ვკითხულობთ, რომ საქართველომ საკმაოდ მოკლე ვადაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და, თუ რეფორმების განხორციელება ამ ტემპით გაგრძელდა, ევროკომისია შემაჯამებელ დასკვნას 2015 წლის შემოდგომისთვის გამოაქვეყნებს.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა 8 მაისს პრესკონფერენციის დასაწყისშივე განაცხადა, რომ ევროკომისიის ანგარიში საქართველოს მიერ „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ განხორციელების შესახებ მოიცავს საქართველოს მიერ მოკლე პერიოდში მიღწეული პროგრესის თაობაზე საკმაოდ დადებით შეფასებებს:

„ევროკომისია მიიჩნევს, რომ საქართველომ დაიცვა ის სამიზნე ამოცანები, რომელიც სამოქმედო გეგმის მეორე ფაზით იყო განსაზღვრული. ევროკომისიის შეფასებით, ის საკანონმდებლო ცვლილებები, ინსტიტუციური და საორგანიზაციო პრაქტიკა, რაც ქვეყანამ განახორციელა ოთხი ძირითადი ბლოკის მიმართულებით, შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს”.

ელჩის განცხადებით, საქართველო ძალიან ახლოს დგას სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანების სრულად განხორციელებასთან, თუმცა ევროკომისიის საბოლოო შეფასებამდე, რომელიც 2015 წლის მიწურულისთვის იგეგმება, ქვეყანას დარჩენილი რეკომენდაციების შესრულება მოუწევს:

„ევროკომისიის შეფასებით, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანები სრულად არის შესრულებული ექვსი მიმართულებით: დოკუმენტების უსაფრთხოება, საზღვრის ინტეგრირებული მართვა, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და პრევენცია, სასამართლო თანამშრომლობა სისხლის სამართლის საკითხებში, მონაცემების დაცვა, გადაადგილების თავისუფლება და სამგზავრო და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემასთან დაკავშირებული პირობები“.

რაც შეეხება რიგის სამიტს, სადაც მიღებულ დოკუმენტებს ხელს 34 სახელმწიფო აწერს, ცხადია, ეს არის მნიშვნელოვანი სამიტი, რადგან ეს ქვეყნები გაითვალისწინებენ იმ მიღწევებს, რაც არსებობს ევროკავშირსა და „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ წევრ სახელმწიფოებს შორის...
იანოშ ჰერმანი

ყველა დანარჩენი ნიშნული არის თითქმის შესრულებული და ყოველ მათგანს მოსდევს ევროკომისიის რეკომენდაცია. ესენია: მიგრაციის მენეჯმენტი, ფულის გათეთრება, თანამშრომლობა სამართალდამცავ უწყებებს შორის და მოქალაქეთა უფლებები, მათ შორის, უმცირესობათა უფლებებიც. დაბოლოს, არის ნაწილობრივ შესრულებული ვალდებულებები, რომელთა შესასრულებლად, ევროკავშირის ელჩის თქმით, საქართველოს კარგი პერსპექტივა აქვს. მისივე თქმით, მიღწეული პროგრესიდან გამომდინარე, ევროკომისიამ გადაწყვიტა შემდგომი ანგარიშის ვადამ გადმოიწიოს იმ იმედით, რომ საქართველო შეინარჩუნებს რეფორმების განხორციელების დღევანდელ ტემპს, ხოლო დარჩენილი სამუშაოების შესრულება საქართველოს უკვე საშუალებას მისცემს დაასრულოს სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ეტაპი. მთელ ამ პროცესში კი ევროკომისიის როლი, როგორც დამხმარე ძალისა და, ამავე დროს, დამკვირვებლის, არ შეიცვლება, მიღწეული პროგრესის შესახებ დასკვნით ანგარიშს კი 2015 წლის შემოდგომაზე წარმოადგენს.

„თუ ეს ანგარიში დაასკვნის, რომ საქართველომ შეასრულა ყველა სამიზნე ამოცანა, ევროკომისია რეკომენდაციას მისცემს ევროკავშირის საბჭოსათვის, რომ მან მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება საქართველოსთან უვიზო რეჟიმის თაობაზე. რაც შეეხება რიგის სამიტს, სადაც მიღებულ დოკუმენტებს ხელს 34 სახელმწიფო აწერს, ცხადია, ეს არის მნიშვნელოვანი სამიტი, რადგან ეს ქვეყნები გაითვალისწინებენ იმ მიღწევებს, რაც არსებობს ევროკავშირსა და „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ წევრ სახელმწიფოებს შორის“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგი ევროკავშირმა 2012 წლის ივნისში დაიწყო, 2013 წლის თებერვალში კი ევროკომისიამ საქართველოს მთავრობას წარუდგინა „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა“, რომელსაც უნდა მიჰყოლოდა საქართველო, იმისათვის რომ მის მოქალაქეებს შეძლებოდათ შენგენის ზონაში მოკლე ვადით უვიზოდ შესვლა.

8 მაისს ასევე გავრცელდა საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ერთობლივი წერილი, რიგის სამიტის წინ, ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტის მარტინ შულცის სახელზე, რომელშიც ვკითხულობთ:

„მოგმართავთ იმ ქვეყნების მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის, რომლებმაც გააკეთეს თავიანთი სუვერენული არჩევანი - მიჰყვნენ ევროინტეგრაციის გზას. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებული იქნება და, რაც მთავარია, მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კუთხით... ტექნიკური მოთხოვნების შესრულების შემდეგ, ვიმედოვნებთ, რომ რიგის სამიტის დეკლარაცია საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დამყარებას მკაფიოდ დაუჭერს მხარს.

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობის მინიჭება, თავის მხრივ, ნიშნავს ტურიზმის განვითარებას, კულტურულ და სტუდენტურ გაცვლებს, სამოქალაქო საზოგადოებებს შორის პარტნიორობის გაღრმავებას. მომავალი თაობების ევროპელი ერების ოჯახთან დაახლოება დიდად დაეხმარება ქვეყნის განვითარებას. რაც ყველაზე მთავარია, აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება როგორც საქართველოს მოქალაქეების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის ჩათვლით, ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებისთვის“.

8 მაისს განცხადება გააკეთა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველომ საშინაო დავალებების შესრულების საქმეში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია:

„გვაქვს იმის იმედი, რომ დავარწმუნოთ ჩვენი პარტნიორები, რომ რეფორმების ციკლი ამით კი არ მთავრდება საქართველოში, არამედ ის, რომ ამას სჭირდება მეტი წახალისება, რაც ძალიან კონკრეტულ გადაწყვეტილებებში უნდა გამოიხატოს, რასაც ჩვენ ველოდებით რიგის სამიტიდან და გვაქვს იმის იმედი, რომ რიგის სამიტი გახდება იმპულსის მიმცემი სწორედ საქართველოს ევროპული ინტეგრაციისათვის“.

თორნიკე შარაშენიძე

პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე არ ელის, რომ საქართველო უახლოეს მომავალში ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს მიიღებს და იმ საფრთხეებს ასახელებს, რაც შესაძლოა მას მოჰყვეს:

„გაჩნდა ილუზიები, რომ უვიზო რეჟიმს მივიღებდით რიგის სამიტზე, მაგრამ თუ რეალისტები ვიქნებით, ვნახავთ, რომ ეს ილუზიები არ უნდა გვქონოდა, იმიტომ რომ ქვეყანაში არის ძალიან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, საზღვრების გახსნა კი დღეს იმას მოასწავებს, რომ ყველა ევროპაში გაიქცევა სამუშაოს საძებნელად. ეს იქნება არა იმდენად კატასტროფა ევროკავშირისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისათვის და ამას, ცხადია, ძალიან კარგად ხვდებიან ევროკავშირში. ასე რომ, რაც უნდა ვიმუშაოთ და ტექნიკური დავალებები შევასრულოთ დღეს, ეს პრობლემა რჩება და, სამწუხაროდ, ამის გამო ჩვენ ვერ მივიღებთ უვიზო რეჟიმს კიდევ ძალიან დიდხანს“.

თორნიკე შარაშენიძე ასევე ამბობს, რომ დამაიმედებელი შინაარსის დიპლომატიურ ტექსტებს, როგორიც ამ შემთხვევაში ევროკომისიის ანგარიშია, საღი თვალით უნდა შევხედოთ:

„ასეთმა ტექსტებმა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს, რადგან ყოველთვის ასეთი ტექსტები ქებით იწყება, თუმცა ბოლოს წერია ხოლმე ფრაზა, რომ „მაგრამ კიდევ რჩება რამდენიმე პრობლემა“. და ეს არის ხოლმე სწორედ გადამწყვეტი ფრაზა“.

ორიოდე დღის წინ რადიო თავისუფლებასთან საუბარში ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის კახა გოგოლაშვილის განცხადებით კი, საქმე არც ისე უიმედოდაა - უბრალოდ, საქართველოსათვის სასურველმა შედეგმა სავიზო ლიბერალიზაციის კუთხით შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე თვით დაიგვიანოს.