გზამკვლევი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესახებ

ცოტა ხნის წინ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გზამკვლევი გამოიცა. ამჟამად ამ გზამკვლევის პრეზენტაცია საქართველოს დემოკრატიის სკოლებში მიმდინარეობს. „ნიდერლანდების ინსტიტუტმა მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ საქართველოს 4 ქალაქში - თელავში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში - დემოკრატიის სკოლები დააარსა. ევროკავშირთან ასოცირების გზამკვლევი, რომელზეც მიხეილ მირზიაშვილი და ივანე ჩხიკვაძე მუშაობდნენ, ნიმდის ინიციატივით გამოიცა. გზამკვლევის ავტორებმა გორში დემოკრატიის სკოლის მსმენელებსა და კურსდამთავრებულებს ასოცირების შესახებ შეთანხმების დეტალური მიმოხილვა შესთავაზეს. 1000-ზე მეტგვერდიანი შეთანხმება ავტორებმა 63-გვერდიან გზამკვლევად აქციეს. მოკლე და ლაკონიური ტექსტები უფრო გასაგებია საზოგადოებისთვის. გორის დემოკრატიის სკოლის მსმენელი ანა ჯებისაშვილი მიიჩნევს, რომ შეთანხმების გზამკვლევის გამოცემა დროულია, რადგან 1000-გვერდიან დოკუმენტს ყველა ვერ წაიკითხავს.

საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ისტორიული მიმოხილვა, ევროკავშირის ინსტიტუტები და მათი მუშაობა, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა, ეკონომიკური თანამშრომლობა, ფინანსური დახმარება - ეს არის იმ საკითხების არასრული ჩამონათვალი, რაზეც გზამკვლევშია საუბარი. მსმენელებისთვის ყველაზე საინტერესო გზამკვლევის ბოლო თავი აღმოჩნდა, სადაც ევროკავშირის შესახებ მითებსა და მცდარ შეხედულებებზეა საუბარი. დემოკრატიის სკოლის მსმენელი ბათუ ქორჩილავა მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან ასოცირების მიმართ არაკეთილად განწყობილნი შეგნებულად ავრცელებენ ჭორებს და ამკვიდრებენ სტერეოტიპებს, ამიტომ სამოქალაქო საზოგადოებამ ამ სტერეოტიპების დასამსხვრევად არაერთი ნაბიჯი უნდა გადადგას.

გზამკვლევის ერთ-ერთი ავტორი, ივანე ჩხიკვაძე, აცხადებს, რომ გამოცემის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ინფორმირება და იმ არასწორი მოლოდინების გაფანტვა, რაც შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა. გარდა ამისა, ჩხიკვაძის თქმით, ეს გზამკვლევი სტერეოტიპების დამსხვრევასაც ხელს უწყობს.

გზამკვლევის ავტორებმა ევროკავშირთან დაკავშირებულ წინასწარ შეაროვილ მითებს გამოცემის ბოლო ნაწილში უპასუხეს. მაგალითად, ერთ-ერთი გავრცელებული მითის თანახმად, ევროკავშირთან ასოცირებით სახელმწიფო ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების ვალდებულებას იღებს. ამის პასუხად გზამკვლევში ვკითხულობთ, რომ ასეთი ჩანაწერი შეთანხმებაში არ არსებობს. ევროკავშირს თავადაც არ გააჩნია კანონმდებლობა, რომელიც მის წევრებს ასეთ ვალდებულებას აკისრებს. ქორწინების საკითხი წესრიგდება ქვეყნის საკუთარი, ეროვნული კანონმდებლობით. მაგალითად, ესტონეთში, კვიპროსში, მალტაში, რუმინეთში, საბერძნეთსა და სლოვაკეთში ერთსქესიანთა ქორწინება ნებადართული არ არის, ხოლო ბულგარეთმა, ლატვიამ, პოლონეთმა, უნგრეთმა და ხორვატიამ ასეთი ქორწინებები კონსტიტუციით აკრძალეს.

გზამკვლევში დაახლოებით ათ ასეთ მითსა და სტერეოტიპზეა პასუხი გაცემული.