ევროკავშირი სტაბილიზაციას ასახელებს თავისი სამეზობლო პოლიტიკის მთავარ პოლიტიკურ პრიორიტეტად. ამის შესახებ ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც ევროკავშირმა 18 ნოემბერს წარმოადგინა სამეზობლო პოლიტიკის შემოწმების საფუძველზე. პრესრელიზში, რომელიც ასევე 18 ნოემბერს გამოქვეყნდა, საუბარია „ახალ სამეზობლო პოლიტიკაზე“. მის ასევე მნიშვნელოვან ასპექტებად სახელდება "დიფერენცირება" და "მეტი ერთობლივი პასუხისმგებლობა“ იმის გათვალისწინებით, რომ ყველა პარტნიორ ქვეყანას არ სურს ევროკავშირის წესებისა და სტანდარტების დაკმაყოფილება და თითოეულ ქვეყანას აქვს თავის წარმოდგენა ევროკავშირთან ურთიერთობის "ხასიათსა და მასშტაბზე".
ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა 2004 წელს ამოქმედდა და საქართველოზეც ვრცელდება „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ჩარჩოებში. 18 ნოემბერს გამოქვეყნებულ დოკუმენტში რამდენჯერმეა ნახსენები საქართველო. აღნიშნულია, რომ როცა ევროკავშირის პარტნიორ ქვეყანას სურს, უფრო მჭიდრო ურთიერთობა ევროკავშირთან საერთო ფასეულობების მიხედვით, თანამშრომლობა განვითარდება უკვე შექმნილ საფუძველზე - შესაბამისად, საქართველომ (როგორც მოლდავეთმა და უკრაინამ) აირჩია ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გზა ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების გაფორმებით.
პრესრელიზში აღნიშნულია, რომ მომდევნო თვეებში „სამეზობლო პოლიტიკის“ წევრებს გააცნობენ 18 ნოემბერს გამოქვეყნებულ წინადადებებს და ევროკავშირის წევრებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად განიხილავენ ახალი პრიორიტეტების და სამომავლო ურთიერთობის განსაზღვრის მიზნით.