5 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებას მხარი დაუჭირა ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა (COREPER II), რომელიც ბოლო თვეებში გამართული რამდენიმე შეხვედრის დროს თავს იკავებდა დადებითი გადაწყვეტილების მიღებისგან. ბრიუსელიდან გავრცელებული სიგნალების თანახმად, გადაწყვეტილების მიღებას ხელს უშლიდა შეუთანხმებლობა სწრაფი „შეჩერების მექანიზმის“ თაობაზე. 5 ოქტომბერს ბრიუსელში კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაცია ძალაში მას შემდეგ შევა, რაც სწრაფი „შეჩერების მექანიზმი“ ამოქმედდება. რა ეტაპზეა საქართველო ამჟამად? კიდევ რა ნაბიჯებია გადასადგმელი და როდის შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები ვიზის გარეშე იმოგზაურონ ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში?
Your browser doesn’t support HTML5
საქართველო გახარებულია. ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის მიერ ოთხშაბათს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ქვეყანას უკვე აქვს სავიზო ლიბერალიზაციისთვის აუცილებელი სამივე დასტური და პრინციპული თანხმობა როგორც ევროკომისიისგან, ასევე ევროპარლამენტისგან და ახლა უკვე ევროკავშირის საბჭოსგანაც. სწორედ ამ ხელსაყრელი მოცემულობის გათვალისწინებით, დარჩენილი პროცესის მარტივად წარმართვის იმედს გამოხატავს ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელი, ელჩი ნატალია საბანაძე. ჩვენთან საუბრისას ის პროცესის დაგვირგვინებამდე გადასადგმელ ნაბიჯებსა და პროცედურებს განმარტავს:
“ახლა საბჭომ მისცა მანდატი ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანას, რომ აწარმოოს მოლაპარაკება პარლამენტის მომხსენებელთან და ევროკომისიასთან (ტრიალოგის ფარგლებში), რათა მიაღწიონ ტექსტის საბოლოო შეთანხმებას. ეს არ უნდა იყოს რთული პროცედურა და ამის მერე გავა პლენარულ სხდომაზე, რომელზეც მთელი პარლამენტი უყრის კენჭს. პლენარული სხდომის შემდეგ ეს შეიძლება დაუბრუნდეს ევროკავშირის საბჭოს - ნებისმიერი კონფიგურაციით (არ არის აუცილებელი, რომ განიხილონ მაინცდამაინც შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებმა) და, ასევე, მსჯელობის გარეშე ამასაც ეყრება კენჭი და პროცედურა მთლიანად დასრულდება”.
მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილებას ოფიციალურად გააფორმებს მისი ორივე მიმღები, ევროსაბჭო და ევროპარლამენტი, გარკვეული დრო დასჭირდება ყველა დოკუმენტის თარგმნას ევროკავშირის ოფიციალურ ენებზე. ეს რამდენიმე კვირას წაიღებს...იოჰანეს ჰანი
ელჩი ნატალია საბანაძე ბოლო დღეებში აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს ევროპარლამენტში, სადაც, მისი თქმით, შესამჩნევია სრული მზაობა, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირონ საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციის საკითხს. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის განიხილავს ამ საკითხს ევროპარლამენტის პლენარული სხდომა, რადგანაც ჯერ „სწრაფი შეჩერების მექანიზმის“ ბედი უნდა გადაწყდეს და ეს ბრიუსელში მიღებულ გადაწყვეტილებაშიც არის ხაზგასმული.
„შეჩერების მექანიზმთან“ კავშირზე 5 ოქტომბერს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის - სლოვაკეთის - საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩაკმაც ილაპარაკა ბრიუსელში, როცა მან ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა ქართველ კოლეგა მიხეილ ჯანელიძესთან ერთად. ლაიჩაკი იმედოვნებს, რომ, COREPER II-ის მიერ ოთხშაბათს მონიჭებული მანდატის შესაბამისად, ევროკავშირის საბჭო წარმატებით წარმართავს მოლაპარაკებებს ევროპარლამენტთან და ყველაფერი „ძალიან მალე“ წარმატებით დაგვირგვინდება. თუმცა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეგვახსენებს, რომ საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის წარმატება პირდაპირ დამოკიდებულია უვიზო მიმოსვლის „სწრაფი შეჩერების მექანიზმის“ წარმატებაზე:
„ამჟამად ორი პარალელური პროცესი მიმდინარეობს - ერთი ეს არის სავიზო ლიბერალიზაციის მინიჭება საქართველოსთვის, ხოლო მეორე უკავშირდება „შეჩერების მექანიზმს“, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მისცემს შესაბამისი მოქმედების საშუალებას, თუკი ვიზიტორების ნაკადი გარკვეულ დონეს გადააჭარბებს. ამ საკითხს კავშირი არა აქვს საქართველოსთან. ჩვენ ყველანი ერთ აზრზე ვართ და შეთანხმებული ვართ, რომ ევროკავშირმა უნდა მიანიჭოს უვიზო მიმოსვლის უფლება საქართველოს მოქალაქეებს... მაგრამ დასახელებული ორი პროცესი ერთმანეთზეც არის დამოკიდებული, რადგანაც არსებობს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება იმ დღეს, როცა „შეჩერების მექანიზმი“ ამოქმედდება“.
ერთ-ერთი შეხვედრა, რომელზეც შესაძლოა გადაწყდეს „სწრაფი შეჩერების მექანიზმის“ ბედი, ხუთშაბათს, 6 ოქტომბერს, გაიმართება. მიროსლავ ლაიჩაკმა არ იცის, საბოლოო იქნება ეს შეხვედრა, თუ კიდევ გაგრძელდება მოლაპარაკებები ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის, თუმცა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა - სლოვაკეთი - მზად არის შეთანხმების ხელშესაწყობად და იმედოვნებს, რომ პროცესი მალე დაგვირგვინდება მიგრაციის ნაკადებით შეწუხებული ევროკავშირისთვის და, შესაბამისად, ეს დადებითად დააგვირგვინებს საქართველოს საკითხსაც.
მიუხედავად იმისა, რომ ვადებთან დაკავშირებით ჯერ არავინ არაფერი იცის, რადიო თავისუფლების ბრიუსელელი კორესპონდენტის რიკარდ იოზვიაკისთვის მიცემულ ინტერვიუში გარკვეულ პროგნოზს მაინც აკეთებს ევროკომისარი ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი. რადიო თავისუფლების შეკითხვას, „მაინც, როდის მიეცემათ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის ზონის ქვეყნებში“, ევროკომისარი ჰანი ასე უპასუხებს:
„მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილებას ოფიციალურად გააფორმებს მისი ორივე მიმღები, ევროსაბჭო და ევროპარლამენტი, გარკვეული დრო დასჭირდება ყველა დოკუმენტის თარგმნას ევროკავშირის ოფიციალურ ენებზე. ეს რამდენიმე კვირას წაიღებს, მაგრამ, თუ ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ჩვენ ვვარაუდობთ, დიდი იმედი მაქვს, რომ ეს შესაძლებელი გახდება მომავალი წლის დასაწყისისთვის“.
სავიზო ლიბერალიზაციის პროცესში 5 ოქტომბერს გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს გამოეხმაურნენ თბილისშიც. მაგალითად, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ინსტიტუციებს საქართველოს პროგრესის აღიარებისა და დაფასებისთვის. პრემიერს ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებულ სიგნალად მიაჩნია 8 ოქტომბრის არჩევნების წინ:
„მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ევროკავშირისგან ჩვენ ვიღებთ ასეთ პოზიტიურ გზავნილს, რაც ნიშნავს ჩვენ მიერ გატარებული რეფორმებისა და მიღწეული წარმატებების აღიარებას. ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ, მიუხედავად დესტრუქციული ქმედებების მრავალი მცდელობისა, ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაფერხებს ქვეყნის განვითარებას და გარდაუვალ წარმატებას“.
საქართველოს წარმატების დაფასებაზე 5 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემაც ილაპარაკა ბრიუსელში, თავის სლოვაკ კოლეგასთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ევროკავშირის საბჭოს ფორმატში 5 ოქტომბერს მიღებულ გადაწყვეტილებას მინისტრი ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ „უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად“ მიიჩნევს, მადლობას უხდის თითოეულ მოქალაქეს, ვინც ამ პროცესში თავისი წვლილი შეიტანა, და აცხადებს, რომ სარგებელს საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქე მიიღებს:
„დღეს ჩვენ ყველამ ერთად დავინახეთ, რომ ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს კონკრეტული შედეგები მოაქვს - მთავრობის მხრიდან ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ევროინტეგრაციის დადებითი შედეგები ხელმისაწვდომი იყოს თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის და, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის“.